შეიძლება გულწრფელიც იყო: მოსწონდა, როგორ “მოიფინა მხარე რკინისგზების ქსელით”, ესმოდა “რკინისგზების მუსიკა”, “რკინისგზების რიტმი”, ეპოქის რიტმად რომ გამოაცხადა:

მიჰყევ, გაუგონე ბორბლებს სიარული,
არის საუკუნე ინდუსტრიალური!

არც გლეხი და სოფელი დავიწყებია – ეტიუდი მიუძღვნა “თანამედროვეობის კოლექტიურ ხელებს”, კოლმეურნის შრომასაც მოუსინჯა რიტმი და ბგერა:

მხარი მხარს, მხარი მხარს,
კოლექტივო, მხარი მხარს,
აბა ჰე, აბა ჰე,
აბა მივცეთ მხარი მხარს!

ეს ავტო-მოტო-ველო ხომ პირდაპირ ეპოქის სიმბოლოდ აქცია, რომელმაც სამუდამოდ მოიტოვა უკან “ძველი ცხოვრება და იდილია”: “სიმბოლოა თითქო / ავტო-მოტო-ველო”. ხუთწლედების ტემპით თავბრუდახვეულმა ისტორიასაც მოუღერა მუშტი:

ააყირავებს ეს წელი ათი
ათიათასი წლის ისტორიას!

აყირავებით კი, მართლაც, ააყირავეს ისტორია, მაგრამ… დასაფიქრებლად ვის ეცალა?! მთავარი იყო, “ხელოვნებათა არმიას” ეპოქის გვერდით ევლო იმ რწმენით, რომ:

თუ დღეს რამ არის გაუგებარი,
ხვალ ნათელივით იქნება ცხადი.

ეს “ხვალ” უკვე დამდგარიყო, შედეგი გაცხადებულიყო და ჯიუტი შეუპოვრობით ჩასძახოდა:

ეს არ არის საქართველო!
ეს არ არის საქართველო!
ეს არ არის საქართველო!

 


ქართული ანდაზა გვირჩევს: “ნუ დაჰკარგავ ძველსა გზასაო…”

რკინიგზებისა და ავტო-მოტოს მეტრფე ახლა ძველ გზას მიჰბრუნებოდა, მეტეხი და დიღმის ველი გაეხადა დაფარულ ფიქრთა მოზიარედ.

ლეონტი მროველის გადმოცემით, დიღმის ველიდან იწყება მეფე ფარნავაზის საქმენი საგმირონი, ქართლის მტერთაგან გამოხსნა და აღდგინება:

“განვიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო, და დევნა უყო ირემთა ველსა დიღომისასა… მაშინ დაასხა წვიმა მძაფრი. ხოლო ფარნავაზ… გამოარღვია კარი ქუაბისა მის. რათამცა მუნ შიგა დაიმშრალა წვიმისა მისგან… და იხილა მუნ-შინა განძი მიუწდომელი…”

რას ვაგრძელებდე, მუხრანისა არ იყოს, “განძი რომ არა დიღმისა, – ვერაფრით ქართლს ვერ იხსნიდა” ის ფარნავაზი, ვინც “ქმნა ერთ-მთავრობა”, ერს ერთობა დაუმკვიდრა და მისი წესი და ძალა აგრძნობინა.

მეტეხი!

მეტეხი გალაკტიონის პოეზიის თანამდევი ხატი იყო ადრიდანვე: ჯერ რომანტიკული სიზმარეთიდან გამოხმობილი, მთვარით განათებული და თეთრად მოელვარე, მერე მკაცრი – “რუხი, პიტალო”. ავტო-მოტო-ველოს, გინდაც ზაჰესის საპირისპიროდ, მეტეხი, ციხე და ტაძარი, ისტორიული საქართველოს სიმბოლოდ ჩანდა, წარსულის შარავანდი ადგა:

რომ მოსაგონრად წარსული დროის
მარტო მეტეხის კამარა კმარა.

მაგრამ დრონი იცვალნენ, ისტორიულ მეხსიერებასთან კავშირი გაწყდა და მეტეხიც თანამედროვეობის უტყვ რეკვიზიტად, პასიურ მოწმედ იქცა:

გამარჯვების მოწმე არის –
მოწმე ჩვენი ახალ ხანის.

ახალი ცხოვრების განთიადი “აწყდება ძველი თბილისის კარებს” – “მეტეხს იქით ცა, აჰა, ნათდება!” და პოეტიც ისე შეჰხარის ყველაფერს, თითქოს ილიას ნაოცნებარ, თავისუფალ საქართველოში გამოიღვიძა:

მოსვენებისგან ეხლა რას ელი,
სამარადისო რას მოგცემს ძილი?
ახალი დროის დასაწყისია,
ყოველმხრიდან – ხმა, ყველგან – ძახილი!

“ეგ არის და გორის ციხე!” – ილიას მკვლელებს თურმე ილიას ოცნებისათვის შეესხათ ხორცი: “ყოველმხრიდან – ხმა, ყველგან – ძახილი!”
გალაკტიონი არ ცხრებოდა:

თანდათან,
თანდათან,
თანდათან
ახალი საქართველო შენდება!

კომუნისტურად სუვერენული, სოციალისტური რესპუბლიკა შენდებოდა – არა, ეს არ იყო ილიას საქართველო!

 

1 2 3 4 5