*
ფიქრი ქართლის ბედზე არასდროს ტოვებდა. გამარჯვებული სოციალიზმის ხანაში ისევ გაიხსენა ლელთ-ღუნია. ადრე, დაკარგულია გზა მოხევესიო, წერდა. ახლა?

– მოხევევ, გახედე იმიერ-ამიერს,
ეყუდვნის თავის თავს?
– ცხადია, ეყუდვნის!

ვითომ მოტყუვდა? ან იქნებ შეიცვალა?

მოხევის სტრიქონებში სინამდვილესთან ისეთ კონტრასტს ქმნის, რომ რიდეს იხსნის სტრიქონებში განაბული ორხმოვანი ირონია. აკი თავადაც ძალიან აფასებდა აკაკის “ღვთაებრივ ირონიას”. მიმხვდომი უნდა მიმხვდარიყო, თორემ სათავისოდ უქარაგმოდ ჩაიწერა:

რაა ისე გულდამწყვეტი,
მეტეხო და დიღმის ველო,
მიდიოდე და ფიქრობდე,
ეს არ არის საქართველო…

*
ილიამ, აკაკიმ და ვაჟამ ისე დაასრულეს საამსოფლო ცხოვრება, რომ უპასუხოდ დარჩა წყევლა-კრულვიანი საკითხავი.

გალაკტიონმა ისე მიატოვა საამსოფლო ცხოვრება, რომ თან გაიყოლა ოცნება თავისუფალ საქართველოზე… მაინც რწმენით აღესრულა! “მჭკნარი მდელოს” აბიბინება ეიმედებოდა, იცოდა:

სამშობლოს მიაქვს მიწას მიწადი,
მაგრამ უკვდავი არის სამშობლო!

თითქოს შთამომავლობას მიმართავდა, საჩვენოდ, სადღეისოდ წერდა:

ახლა კი დროა, ქართველო, რომა
მშვიდობა ნახოს საქართველომა,
გრილი ნიავის
ქროლა შეიგრძნობს მჭკნარმა მდელომა!

ოღონდაც! მართლაც რომ დროა!

 

II. ეს არ არის საქართველო!

ძნელია ზუსტად თქმა, როდის დაიწერა გალაკტიონის ეს უსათაურო, დღეს უკვე გახმაურებული ლექსი. პოეტის სიცოცხლეში იგი არ დაბეჭდილა:

რაა მასზე გულდამწყვეტი,
მეტეხო და დიღმის ველო,
მიდიოდე და ჰფიქრობდე:
ეს არ არის საქართველო!

არის ხლართი რკინისგზების,
არის ავტო-მოტო-ველო,
არის ოჯახებიც, მაგრამ
ეს არ არის საქართველო!

ლექსის შინაარსობრივი რეალიები სოციალისტურ სინამდვილესთან კონტაქტის გამოცდილებას მოწმობს, ეს უცნაურად გრძელი ნეოლოგიზმი – ავტო-მოტო-ველო კი თითქმის უტყუარად მიანიშნებს დროს – 30-იანი წლების მიწურულს. სწორედ 1940 წელს გამოვიდა გალაკტიონის თხზულებათა მესამე ტომი, სადაც პირველად დაიბეჭდა ლექსი სათაურით “ავტო-მოტო-ველო”.

“არის… არის… არის, მაგრამ… არ არის!” – მაინც რამ დაბადა ეს პარადოქსული ლოგიკა? საქართველოში საქართველო აღარ იყო?! განა ათიოდე წლის წინ თავისუფლებაახდილ სამშობლოში ეპოქას და რევოლუციურ საქართველოს არ უმღეროდა – პათოსით, ხმამაღლა! – “ეპოქისა” და “რევოლუციონური საქართველოს” ავტორი:

რევოლუციონურს, ჯერ არნახულს, ჯერ არგაგონილს,
ვაშა, ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას!

ვაშას გრიალს თითქოს სამუდამოდ ჩაეხშო სასოწარკვეთილის ძახილი:

დაკარგულია გზა მოხევესი…
ბნელდება. ღამე. მიეშველენით.

თებერვლის სისხლიანმა თოვლმა გზა კი არა, ლელთ ღუნიას საცალფეხო ბილიკიც გადაფარა – ისტორიის განაჩენს ჰგავდა ბედითი კითხვის პასუხი:

“დაკარგულია?” – მივმართავ ტყეებს,
და ტყე გუგუნებს: დაკარგულია…

ამის მერე იყო, “ახალი საქართველო” რომ იპოვა თუ აპოვნინეს. ახლა კი – “ეს არ არის საქართველო!”-ო… საქართველო იყო, აბა რა იყო, ოღონდ – სხვა საქართველო, – არც შავის ბედის მებრძოლი და არც გულად-პურადი! – ძველის ნგრევითა და ახლის შენებით გარდაქმნილ-სახეცვლილი! ნგრევასაც ხომ განადიდებდა თავდავიწყებით და უკანმიუხედავად:

ნგრევას, ო, ნგრევას, დაუნდობელ ნგრევას ძველისას,
კარჩაკეტილი ცხოვრებიდან – გავიდეთ მზეზე…

ამ დაუნდობელ ნგრევას რაღაც ისეთი წაეღო თან, სოციალისტურ მზეს მიფიცხებულს რომ ვეღარ მიეგნო, ისაკლისებდა. “ეს არ არის საქართველო!” – ჩასძახოდა ფხიზელი ხმა და იქნებ იმასაც მოაგონებდა, რომ “იმ” საქართველოს გაუჩინარებაში, სურდა თუ არა, მასაც ედო წილი…

 

1 2 3 4 5