*
უცნაურია, თითქოს ყველაფრის არსებობას აღიარებდა: მეტეხი ისევ იდგა და დიღმის ველს ჯერაც თავისი სახელი ერქვა, რკინიგზების ხლართი და ავტო-მოტო-ველო ხომ მჩქეფარე ეპოქაზე ღაღადებდა! მაგრამ…

ეს “მაგრამ”, უფრო ზუსტად, “არის, მაგრამ” ძალიან დამაფიქრებელია. რაღაც მთავარს, მიზეზს არ გვიმხელს გალაკტიონი, ტექსტში არ განფენს, მხოლოდ მიგვანიშნებს…

გალაკტიონს აქვს ასეთი სტრიქონი:

სული ჩვენი ოჯახის იყო დიდი ილია…

სწორედ ილიას ფიქრი და ტკივილი ტრიალებს გალაკტიონის საანალიზო ლექსში, ილიას ინტონაცია და მცირედ შეცვლილი ფორმულა უნდა ამოიცნოს ლექსის ადრესატმა – “ქვეყნის უბედურებით გულაღტკინებულმა” ქართველმა:

“არიან თავადნი, აზნაურნი, მღვდელნი, ვაჭარნი, გლეხნი, ჩინიანნი და უჩინონი – ყველანი არიან, და ქართველი კი არსად არის”.

გეცნოთ ალბათ. “ზოგიერთი რამ” ჰქვია წერილს, საიდანაც ეს სიტყვები ამოვწერე, თუმცა ზოგიერთ რამეზე კი არა, ქართველებისა და საქართველოს უბედურებადქცეულ, დღემდე განუკურნელ სენზე ლაპარაკობს ილია. ასე იყო და ასე არის: არსებობს “ეს ჩვენი დედაქალაქი და ეს შავი ზღვიდამ კასპიის ზღვამდე გუნდ-გუნდად მორიგებული მისი შვილები – სოფლები”, მაგრამ არა გვაქვს საქართველო, “ქართველი კი არსად არის”, რადგან “აქ არვის – დიდსა თუ პატარასა – /ქვეყნის ტკივილით არ სტკივა გული”, ერი და ბერი, საპირადოს გადაყოლილნი, თავის ნაჭუჭში ჩამყუდროებულან. მწარე განცდით, არაერთგზის, დაჟინებით იმეორებს ილია:

– ნუთუ ესენი ქართველნი არიან?

– ნუთუ ეგ თვითოეული ქართველი ჰგონია ვისმე?

ის, რაც გალაკტიონის ლექსში, მიზეზთა გამო, მხოლოდ მინიშნებულია ილიასეული პარადოქსის გამოყენებით, ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტურ შედევრში მამულიშვილის გულით არის ნაგრძნობი და ბასრი გონებით განჩხრეკილი. გალაკტიონი ალუზიის ხერხით შეტყობინებას გვიგზავნის, მისამართს გვაწვდის, სად უნდა ამოვიკითხოთ მთავარი სათქმელი, პარადოქსის დაფარული შინაარსი:

“სადღაა მამული?… დავაქციეთ ჩვენი დიდი ერთიანი სამშობლო ოჯახი… თვითეულმან ჩვენგანმან თავისი ხვედრი, დიდის “მამულის” ნაშთი თავთავად შემოიღობა; იმ შემოღობილში თვითეულმან ჩვენგანმან თავისი საკუთარი ქვეყანა აიშენა”… “ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში – ყველა”…

თუ ილია “საყოველთაო საქართველოს” იდეის არარსებობას, ქართველთა გათითოკაცებას დასტიროდა (“საერთო ლხინი მაჩვენეთ, საერთო ჭირი მაინცა, მაგრამ სად არის”), გალაკტიონის მიერ აქტიურად ხოტბაშესხმულ ეპოქას ძველ სატკივარზე ახალი ჭირი დაესართებინა – ინტერნაციონალიზმის იდეა, რომელიც “ახალი გზით გაერთიანებულ” ქართველობას ეროვნულ ერთობაზე ფიქრსაც კი უკრძალავდა. თანაც ველიკორუსულად გაგებული ინტერნაციონალიზმი მხოლოდ იდეა ხომ არ იყო, ეს სვავის საქმედქცეული “თეორია” გახლდათ, სხვადასხვა გვარტომის ხალხს საქართველოსკენ დაუბრკოლებლად რომ უხსნიდა გზას.

დაბნეული ქართველობის თვალწინ ქრებოდა ისტორია ანუ, ილიასებურად, ერის გათახსირება დაწყებულიყო, “ინდუსტრიალურ აბობოქრებას” კი, – გალაკტიონისებურადაც ვთქვათ, – სხვა ხალხის ჟრიამული მოჰყოლოდა.

გალაკტიონის ლექსის ჩანაფიქრი სისავსითა და სიღრმით მხოლოდ ილიას ტექსტთან მიმართებაში იკითხება. მეტიც, ილიას წერილის გაუთვალისწინებლად მიუგნებელი რჩება პარადოქსის არსი, მასშტაბი იმ სათქმელისა, რაც ამ, ერთი შეხედვით, მარტივ, სადა ლექსშია ჩადებული.

 

*
საქართველოში საქართველოს გაუჩინარება გალაკტიონმა ჩუმად გამოიტირა, ტკივილი უჯრაში გამოკეტა, საჯაროდ კი… ილიას ნაანდერძევ, ეპოქალურ სიტყვებს მოუწყინრად, სხვადასხვა ვარიაციით ატრიალებდა, – ვერ დავწერე “აყალბებდა”:

დღეს თავის თავს მთლად ეყუდვნის
საქართველოს მთა და ბარი.

ან უფრო დინჯად, დარბაისლურად, დიდაქტიკურად:

ახალგაზრდებო! ჩვენი თავი
ჩვენვე გვეყუდვნის!

სიცოცხლის მიწურულს პირდაპირ ლელთ ღუნია გამოიხმო, ილიას მოხევეს ათქმევინა არსათქმელი:

– მოხევევ! გახედე
ჩვენს იმერ-ამიერს;
ეყუდვნის თავის თავს?
– ცხადია, ეყუდვნის.

გალაკტიონის ინტონირების ნიუანსებში გარკვეულებმა, შესაძლოა, აქ ირონიის კვალი აღმოვაჩინოთ, ცხოვრების ტრაგიკული ირონია კი იმით გამოიხატა, რომ “მშობლიური ეფემერას” ავტორმა სწორედ ამ “თავისუფალ” საქართველოში აღარ ისურვა სიცოცხლის გაგრძელება.
სიმართლე კვლავაც არქივში ჩარჩენილმა სტრიქონებმა შემოგვინახა:

ჩვენვე ჩვენი თავი
აღარ გვეყუდნების.
სული გვეხუთების,
სუნთქვა გვეხუთვების!

P.S. “ეს არ არის საქართველო!” – სთქვი შენ და მე გავიგონე.
დღეისდღის საქართველო კი არის საქართველო?!
“ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამის პასუხი”.

 

 

 

1 2 3 4 5