I. მამულო, სიცოცხლეო!

ილიამ, აკაკიმ და ვაჟამ ისე დაასრულეს საამსოფლო ცხოვრება, რომ უპასუხოდ დარჩა წყევლა-კრულვიანი საკითხავი:

მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?

მარად ამირანის თავისუფლებაზე მეოცნებე მოხუცი აკაკი ნაღვლიანი მდუღარებით დაემშვიდობა უძლურ, დამცრობილ სამშობლოს:

მეც მივდივარ, შენც მიდიხარ,
გეთხოვები, საქართველო! –
მეც ვსჭკნები და შენცა სჭკნები,
როგორც ზამთრის პირად მდელო…

ამაო გამოდგა ვაჟას ოცნებაც:

კიდევაც ვნახავ გაზაფხულს,
ყელ-მოღერებულს იასა,
სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს,
იმის სიტურფეს ღვთიანსა…

მერცხლის ჭიკჭიკმა გაზაფხული ვერ მოიყვანა.
არ იძროდა სიცოცხლის სიო.
გაზაფხულმა დაიგვიანა.

*
გალაკტიონ ტაბიძეს ზამთრის სუსხი და დამჭკნარი მდელოს სევდა დახვდა ქართულ პოეზიაში. “წავიდნენ ლანდები, მეორე, მესამე”, მაგრამ წინაპართა შემოქმედება მისთვის დაფერფლილ სულთა ნეკროპოლად არ ქცეულა. პირიქით – ერთგულად ცდილობდა “ფერფლში ცეცხლის შენარჩუნებას”. ამიტომაა რომ მანამდე არსმენილ, ქალწულებრივ სტრიქონში – “როგორც ზამთარს თუ გადავურჩი” მაინც გვესმის ტრადიციის მოცახცახე ხმა.
საერთოდაც, როგორც არ უნდა დაშორებოდა მშობლიურ წიაღს, მისთა განცდათა მღვრიე სიღრმეებიდან მუდამ გამოკრთის სასოებით გადარჩენილი ცეცხლის მოთინათინე შუქი.

*
ის, ცხადია, ქართულ პატრიოტულ ლირიკაზე აღიზარდა – ანდერძით გადაეცა მოთქმით ტირილი და ურვა ეროვნული ჩაგვრის, თავისუფლების დაკარგვის გამო. მაგრამ…

გალაკტიონთან ქართული სული მანამდე უცნობ, ტრაგიკულ ხვეულს შემოწერს – ეს არის სამშობლოში უსამშობლობის განცდა. აქ აღარაა “მერანის” საკაცობრიო სულისკვეთება, არც “ყვარლის მთების” პატრიოტული ეთოსი. სამშობლოსთან გამოთხოვება, სამშობლოდან გაქცევის თემა სრული გაუცხოვებით მთავრდება. გალაკტიონის ლექსებიდან გვესაუბრება გატანჯული, უმიზნო, მარტოსული აგასფერი:

საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს მე საქართველო
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?

იმ ქვეყანაში, სადაც “სამშობლო ხევსურისა” დაიწერა, ალბათ, ადვილი არ იყო თქმა იმისა, რომ “ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა ჩემი სამშობლო”, ან – “სამშობლოსთვის შენ უცხო ხარ და უცხოა იგი შენთვის”…

უიმედობაში გალაკტიონი უბოლოოდ შორს წავიდა – აკაკისეული “ზამთრის პირი” და “მჭკნარი მდელო” მის პოეზიაში მარადიულ ზამთრად, დათოვლილ მირაჟად გარდაისახა:

რომ სხვა სამშობლო არ გამაჩნია…
რომ ეს თოვლია ჩემი სამშობლო.

ეს უკონტაქტობა და სასოწარკვეთა ის ზღვარია, რომლის მიღმაც ცივი, მიუსაფარი მდუმარებაა ჩასაფრებული.

*
გალაკტიონის მარადიულ სამშობლოდ პოეზია იქცა – ოცნებისა და თავისუფლების საუფლო. პოეზია იყო მისი ერთადერთი თავშესაფარი! სინამდვილესთან “შერიგებას” შემოქმედებით ამართლებდა: ვნება-წამებას მშვენიერებად გარდაქმნიდა, თავის ქალას ხელოვნების ყვავილებით ამკობდა…

დიდი მოლოდინიც ჰქონდა. კენწეროთა რხევაში ქარს შეიცნობდა, სხვისთვის უხილავ-ფარულს გრძნობდა – თავისუფლებას, რევოლუციას ელოდა!

“ფსალმუნით” შთაგონებულმა, მიჯნურის საზეო აღმაფრენით გამოხატა ეს მოლოდინი:

თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს – წყარო ანკარა…

1917 წლის გაზაფხულის პირად დაწერილ ამ სტრიქონებს არც კონკრეტული პოლიტიკური შინაარსი აქვს და, მით უფრო, არც ბოლშევიკური ორიენტაცია.

განახლებისა სჯეროდა: ახალი სამყარო განწმენდის ცეცხლში იბადებოდა – შავი ფერფლიდან ხასხასა მდელო უნდა ამოზრდილიყო.

 

1 2 3 4 5