*
რევოლუციამ სამშობლოს გათავისუფლების იმედი ააღორძინა. ჩრდილოეთის თოვლსა და ბურუსში შორეულმა ხმამ დარეკა – სამშობლო ეძახდა!

მოენატრა მთაწმინდის მოსხივცისკარე ვარსკვლავი, წინაპართა ელვარე თასი, წმინდა წყარო და სუნთქვა სიოსი…

სადღაც წინ, ოცნებაში, უკვე ხედავდა გაბრწყინებულ ივერიას, მომავალი რომ ეალუბლებოდა.

იწერება სამშობლოში დაბრუნების ლირიკული ოდისეა:

გემით “დალანდი” მოვდიოდი სამშობლოსაკენ
და მთვარისაგან გაღვიძება გულს დარდად ჰქონდა;
მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენ
და არ მახსოვდა: მქონდა იგი, თუ მომაგონდა.

ყველაფერი ახსოვდა: მტკვარი, ლიახვი და ფაზისი, იტრიის ხეობა და მცხეთა, თამარი და ირაკლი, მთაწმინდა, სიონი, გელათი…

როდესაც სამშობლომ მიიღო და შეითვისა წამების ცეცხლგამოვლილი ძე-შეცდომილი, მან უჩვევი ფერებით უკვდავყო საქართველოს მთები:

გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის? –
ეს ჩემი სამშობლო მთებია!

ვაჟას ნისლიანმა მთებმა თითქოს მზე შემოიხვიეს, ღალიან-ბარაქიანმა ქედებმა სხეული დათმეს და ფერად ქარებად დაიძრნენ სილაჟვარდისაკენ.

*
1920 წელს დაიბეჭდა ლექსი “გვარდია” – თავისუფალი საქართველოს გუშაგთ მიუძღვნა. როგორ ამაყად ჟღერდა მაშინ: “საქართველო – უპირველეს ყოვლისა!” გაივლის წლები და ყრუ მოგონებად დარჩება დამოუკიდებლობაც და ეს სტრიქონებიც:

დღეს ჰყვავის ბზა, ალუბლები, ატამი…
ისევ დღეა შენი მაშასადამე –
შორი სული დოვინ-დოვენ-დოვლისა,
საქართველო – უპირველეს ყოვლისა!
საქართველო – უპირველეს ყოვლისა!

მოგვიანებით, შეცვლილ პოლიტიკურ ვითარებაში, ლექსს სათაური შეუცვალა, “პოეზია – უპირველეს ყოვლისა” უწოდა.

აღარც გვარდია იყო და აღარც დამოუკიდებელი საქართველო! ისევ თოვლი და ბურუსი იქცა ქართულ ამინდად:

მე არ მინახავს თოვლი იმდარი.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ რუსები,
მაგრამ კვლავ გაჩნდა მათი მინდორი,
მათი თოვლები და ბურუსები.

ასე იყო: “საქართველოს” “პოეზია” ჩაუნაცვლა…

სიყალბე არ ჩაუდენია – საქართველო მან თავის პოეზიაში გადაარჩინა.

*
ის არ ყოფილა იმათგანი, ვინც წითელ რუსეთთან დაძმობილების ლოზუნგი გადმოისროლა. “სხვა ისტორიის წინაშე მდგომი” ცდილობდა, “უნდობარი ჟამი” შეეცნო, ბედითი სინამდვილე განეჭვრიტა.

სიმხდალე არ გამოუჩენია. დააპატიმრეს კიდეც…

უშიშრად გაიხსენა და სხვებსაც გაახსენა ეროვნული სიმბოლო – ამირანი:

ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს,
ის გული ისევ ჩემი გულია…
“დაკარგულია?” – მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს: დაკარგულია…

ილიას ლელთ-ღუნიაც გამოიხმო:

დაკარგულია გზა მოხევესი…
ბნელდება. ღამე. მიეშველენით.

“მი-ე-შვე-ლე-ნით”… – ქართულ პოეზიაში არ მეგულება უფრო უსასოო ამოძახილი… თითქოს დასაღუპად განწირული ხომალდიდან გაგზავნეს ძუნწი შეტყობინება…

ამირანისთვის ისევ დაედოთ ბორკილი.

მოხევის ნატვრაც უკუნ ღამეში ჩაკარგულიყო.

“მიეშველენით”… ვინ ან სად იყო მშველელი?

*
მწარედ განიცდიდა იმ ძალადობას და რეპრესიებს, იმთავითვე რომ დაჰყვა ბოლშევიკთა მმართველობას. იმედი მაინც არ დაუკარგავს, თავს იჯერებდა, რომ მოსისხარი ღამე გათენდებოდა, რომ მღვრიე მდინარე წმინდად ჩადგებოდა კალაპოტში, რომ…

რომ… რომ… რომ…

ოცდაათიანი წლებიდან სრულად გაცხადდა რუსული იაკობინიზმის სისხლიანი ბუნება: მასების სახელით პიროვნებებს ანადგურებდნენ, სკვითური ინტერნაციონალიზმი პროლეტარული “პირდაპირობით” აშთობდა ყოველსავე ქართულს, ეროვნულს…

განსხვავებულად მოაზროვნეებს სიკვდილის ან კაპიტულაციის გზა დაუტოვეს მხოლოდ. იდეალების მსახურება კი არა, სიცოცხლის შენარჩუნება შეიქნა საძნელო.

გალაკტიონის კონიუნქტურული ლექსები დროს უფრო ახასიათებს, ვიდრე მის პიროვნებას და პოზიციას – ეს სატანური ეპოქისადმი გაღებული ხარკია.

პოეტის მეტისმეტი სიგულვანე კი ის იყო, რომ მან თავისი გენია გადაურჩინა ერსა და ქვეყანას, მოწამის თავგანწირვით ააგო პირამიდებზე მაღალი ტაძარი პოეზიისა.

*
გალაკტიონის ლირიკაში ღვთაებრივ-დემონური ძალმოსილებით ჩანს ქართული სულის “ხან უფსკრულები, ხან მწვერვალები”.

მოგვის, ნათელმხილველის მზერა მსჭვალავს ისტორიას და თანამედროვეობას.

გამაოგნებელია ინტიმი ქართულ კლასიკურ პოეზიასთან, ხალხურ ლექსთან, საერთოდ – მსოფლიო ქნართან, კოსმიურ ორკესტრთან!

და მაინც –

გალაკტიონის ჯადოსნობა მარტო ის როდია, რომ მისი ლექსებიდან სამშობლოს გრძნობა უხილავად შემოდის ჩვენში, გვავსებს და შთაგვაგონებს…

ის ქართული ენის სიღრმეებიდან ისეთ მარგალიტებს ამოსტყორცნის, რომ ქართველად ყოფნის ნეტარებას გვაგრძნობინებს, არასრულფასოვნებისგან გვათავისუფლებს, ღირსებას გვიბრუნებს!..

 

1 2 3 4 5