/მეორე ნაწილი. დასაწყისი/

საავადმყოფოს მკრთალად განათებულ, ჩახუთულ დერეფანში სტერილური სიმარტოვისა და რომელიღაც წამლის მოტკბო სუნი ჩაყურსულიყო.მაღალი ფანჯრიდან ეზო ჩანდა. ფოთლებგაძარცვული ხეივანი მწვანე ჭიშკართან სრულდებოდა. მიწაზე აქა-იქ, ტალახშესორსლილ კუნძულებად თოვლი ეფინა. გამოხშირვით ჩარიგებულ სკამებზე არ ისხდნენ. ერთ-ერთი სკამის საზურგეზე ორი ჭილყვავი შემომჯდარიყო, ერთი აფრინდა, მოშიშვლებულ ტოტზე გადაინაცვლა, მეორემ დაიყრანტალა, მაგრამ სკამი არ მიუტოვებია. ნირწამხდარი დღის უჟმური ჩრდილი ეზოს ფარავდა, დერეფანში ჩაგუბებული სიცხიდან კი მეტად იგრძნობოდა, რომ გარეთ ცივი, ხორკლიანი, სველი ზამთარია.

ზამთარი…

სკამის საზურგეზე შემომჯდარი ჭილყვავის მორიგ ყრანტალს სხვა ჭილყვავის გაბმული, მჭახე ყრანტალი მოჰყვა და მომეჩვენა, -ნისლიანმა, ჭინჭყლმა ამინდმა საყელოში წვიმის მსუყე, წუპაკი წვეთი ცივ ჟრუანტელად ჩამიცოცა ხერხემალზე. ზამთარი… ეს სიტყვა თითქოს მუდამ მახლდა, მუდამ ვიცოდი, მაგრამ ზამთრის შეგრძნებას ღრმად უშფოთველად ეძინა ჩემში და, აი, ახლა გამომეწირპლა, გამახსენა, რომ იქ, ოდესღაც უეჭველად იყო ზამთარი, იყო დღე, რომელიც საღამოს ჰგავდა და იყო ღამე, რომელიც მძიმედ თენდებოდა; იყო თოვლი – თეთრი და ბევრი თოვლიც იყო და სითეთრეში მდგარი ხე შეცეცხლილი ხურმის ნაყოფით; იყო ურიკაში შებმული ვირი, დაბამბულქურთუკიანი მოხუცი კაცი რომ მიიყოლებდა და დაფხავებული ხმით, დროდადრო ამოიძახებდა ხოლმე: -შეშაა! აბა, შეშაა! ზამთარი… ზამთარში, როგორც წყალობა, საჩუქარი, იყო ფიფქების ბარდნა, იყო ღუმელზე შემოდგმული, ორთქლასული რკინის ტოლჩა და სიმყუდროვეც იყო, რომელსაც ღუმელში ატკაცუნებული შეშიდან და მინაშეჭირხლული ფანჯრის სიახლოვეს, კედელზე ჩამოკიდებული წითელი წიწაკების აცმიდან ვგრძნობდი, მაგრამ ზამთარში გაწელილი, ვერგასრულებული ზამთრის უღიმღამობაცა და ქარის თარეშიც იყო და იყო ამ დღის მსგავსი დღეებიც -როცა მიმდნარი თოვლი სისველედ იწრიტება მიწაში, როცა ყორნების, ჭილყვავების ყრანტალი ნაღველზე ნაღველს გიმატებენ, დამსკდარ, დატოტვლილ ასფალტზე გაშლილი გუბეები კი უსიხარულო, დანისლულ ცას ირეკლავნ და იქ, მაშინ, ოდესღაც, იმ ზამთარში იყო შაშვი, სუროსმოყვარული, ამღერებული საბრალო შაშვი, მე რომ მიზანში ავიყვანე, თოფი გავაჭექე და ყვითელნისკარტა შავი შაშვი ხიდან მოწყვეტით, თეთრ თოვლზე ჩაწინწკლული წითელი სისხლით ყვითელნისკარტა შავი შაშვი და ჯეკა, ჯეკა, ჰო, ასე ერქვა, კუდის ქიცინით ჯეკა შაშვთან, ჯეკას პირით შაშვი ჩემთან, -ყოჩაღ, ჯეკა, კარგი ძაღლი ხარ! -შაშვი ქამარზე, თოფი მხარზე, მივდივარ თოვლში, ჯეკა გამისწრებს ხოლმე, ეძებს რაღაცას, ისევ ბრუნდება, შაშვის თავი ქამრის მარყუჟშია, მისი სხეული ბარძაყზე მცემს, ბარძაყზე მცემს შაშვის სიმკვდარე.

ზამთარმა ჩემგან მოკლული შაშვი გამახსენა და იმ შაშვმა გამახსენა სიტყვა – „სიკვდილი.“ ჰო, მაშინ, რომელიღაც ზამთარში ბარძაყზე მძიმედ, მწველად მცემდა შაშვის სიკვდილი. „ალბათ მეც მოვკვდი იქ, ოდესღაც, ალბათ, ზამთარში. რომელ ზამთარში მოვკვდი? როდის?“ -ვიფიქრე მე და მერე ვიფიქრე: „რას ნიშნავს როდის? რას ნიშნავს დრო?“

ტანმორჩილმა კაცმა საავადმყოფოდან ცარიელი საკაცე გამოაგორა. ჩემგან ზურგით იყო, მაშინ მისი სახე არ დამინახავს. კეფასთან თმა აეკორტნა, პარტყუნა ყურები ჰქონდა, თეთრი ხალათის კალთა მუხლამდე სცემდა, საკაცეზე ლილისფერი სუდარა გადაეფარებინა. უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა, მომეჩვენა, რომ ეს მოსაწყენი პეიზაჟი -ნისლიანი, უჟმური დღე, ფოთლებგაძარცვული ხეივანი, ტალახშესოსრსლილი თოვლის კუნძულები, ცარიელი სკამები და სკამის საზურგეზე შემომჯდარი ჭილყვავი, -ყველა ერთად ითხოვდა ლოგიკურ გაგრძელებას, ლილისფერი სუდარის ქვეშ გაქვავებულ, უნუგეშო ცხედარს ითხოვდა.

სანიტარი საკაცეს გვერდით ამოუდგა, ხელი წაჰკრა, დამიზნებულად გადაატარა მოზრდილ გუბეზე, ფეხი არ დაუსველებია, უბრალოდ გაერთო, გატალღულ გუბეს გამოხედა და იდიოტივით გაიკრიჭა. დავინახე მისი სახე -პირგაუპარსავი იყო, შეჭყლეტილი ცხვირი ჰქონდა.

გუმანმა მიკარნახა, არა, – ჩამძახა, რომ ცარიელ საკაცეს ცხედრის შემოსადებად  მიატარებდა და თანაც, გზადაგზა ერთობოდა.

ფანჯარას გამოვერიდე, ნუციკოსთან დაბრუნება გადავწყვიტე, დერეფანს გავუყევი.

პალატაში ცარიელი საწოლი დამიხვდა. როგორც ჩანს, კარი შემეშალა, ამ ოთახის კედლებზე არ ეხატა სპილო და ჟირაფი. გამოვტრიალდი. მეზობელი პალატა დაკეტილი აღმოჩნდა. უეცრად, დერეფნის ერთ-ერთი კარი გაიღო და იქიდან ის თეთრხალათიანი ფლიდი გამოვიდა, სიზმარში რომ ვნახე.

სიზმარში ვარ? ისევ სიზმარში?

ფლიდს გაკვირვებული სახე ჰქონდა, დაჟინებით მიცქერდა.

ნუთუ ისევ მესიზმრება?

-შენ აქ საიდან? -მკითხა ფლიდმა და ჩემკენ დაიძრა.

მომიახლოვდა, ხელი მკლავზე შემახო:

-აქ როგორ მოხვდი?

მაღიზიანებს, როცა ფლიდი მზრუნველ მეგობარს თამაშობს, სინამდვილეში მახეს გიგებს. მკლავი მოვარიდე:

-ნუ მეხები, -ვუთხარი ფლიდს.

-კეთილი, კეთილი, -თქვა ფლიდმა და მრგვალჩარჩოიანი სათვალის მინებიდან თვალები ფლიდურად გამინაბა, მერე მკითხა:

-დერეფანი ისე გამოიარე, არც ექიმი შეგხვედრია, არც ექთანი?

სიზმარში ვარ? ისევ სიზმარში? რას მეკითხება ეს კაცი, რა შუაშია, ვინ შემხვდა დერეფანში? არავინაც არ შემხვედრია, მაგრამ ანგარიშს ხომ არ ჩავაბარებ?! ნუციკოსთან დაბრუნება მინდა, სულ ესაა, რაც მე მინდა, სხვა -არაფერი!

 

 

1 2 3 4