-ნუციკოსთან უნდა დავბრუნდე, -მივუგე ფლიდს და ამით მივანიშნე, რა სულელურ რაღაცას მეკითხები, ანდა, რა შენი საქმეა, დერეფანში ვინ შემხვდა, თუ არ შემხვდა-მეთქი! გამგები გაიგებდა.

-ააა, -თქვა ფლიდმა -ნუციკოსთან. გასაგებია.

რა არის გასაგები? პირიქით, სიტყვა „გასაგები“ არის უადგილო და გაუგებარი. პირდაპირ ვკითხე:

-რა არის გასაგები?!

-ნუციკოსთან დაბრუნება რომ გინდა, -მითხრა ფლიდმა და ისე შემომხედა, მის ხმასა და გამომეტყველებაში სიყალბე ვერ დავიჭირე; მაგრამ მე მყარად ვიცი, -ფლიდს არ უნდა ენდო, სწორედაც ფლიდები ჩანან ხოლმე გულწრფელები. არაფერი მიპასუხია, გაჩუმება ვარჩიე.

ისევ მომმართა:

-მერე რატომ არ დაბრუნდი ნუციკოსთან?

რაღაც ხომ უნდა მეპასუხა. სიმართლე ვუთხარი:

-პალატა შემეშალა, იქ ერთ კედელზე სასაცილო სპილოა მიხატული, მეორეზე -სასაცილო ჟირაფი.

-ვიცი ეგ პალატა, დაგეხმარები, -მითხრა ფლიდმა.

დავიძაბე. მივაცქერდი. ნუციკოს პალატა სცოდნია! ზრდილობიანი უნდა ვიყო. ნუციკოსთან დაბრუნება მინდა. ამიტომაც ზრდილობიანად, კეთილგანწყობით:

-თუ შეგიძლიათ, დამეხმარეთ, ბატონო!

-აუცილელად, აუცილებლად, -როგორღაც უმისამართოდ, თავისთვის ჩაილაპარაკა, მერე მითხრა: -ჩემს კაბინეტში წამოდი, ნუციკოზე ვილაპარაკოთ.

რაღაცას მატყუებს ეს კაცი! სიზმარში ვარ? ისევ სიმარში? იქნებ მართლა იცის? ზრდილობიანი უნდა ვიყო! წავიეშმაკე:

-ნუციკოზე ნუციკოს პალატაში ვისაუბროთ, -მივუგე ფლიდს.

გაიბუტასავით:

-ისე მელაპარაკები, თითქოს არ მიცნობდე… მე სიტყვის კაცი ვარ.

საიდან უნდა ვიცნობდე? საიდან, საიდან, საიდან?! მხოლოდ სიზმრიდან მახსოვს, მაგრამ ამან ჩემი სიზმარი საიდან უნდა იცოდეს? ზრდილობიანი უნდა ვიყო, უნდა გავერკვე:

-ვიცნობთ ერთმანეთს?

-აღარ გახსოვარ? -ჩამაცქერდა ფლიდი, ერთხანს მიცქირა, მერე თქვა: -კეთილი, გაგეცნობი, -პროფესორი მაიზერ საბო! -ხელი გამომიწოდა.

მაიზერ საბომ ნუციკოს პალატა იცის, -ეს აშკარა! ხელი ჩამოვართვი:

-აბზინდა!

-აბზინდა? -გაუკვირდა მაიზერ საბოს.

-ჰო, -მივუგე, -ასე მქვია.

უაღრესად დაინტერესდა, ხელი შემიშვა, მომაცქერდა:

-მე სხვა სახელით გიცნობდი, როდიდან გქვია აბზინდა?

ზრდილობიანი ვერ იქნები, როცა მოთმინების ფიალა გევსება, როცა ხვდები, რაღაცას გატყუებენ; აბა, რა შუაშია ჩემი სახელი? მაჩვენოს ნუციკოს პალატა და გამეცალოს:

-რა მნიშვნელობა აქვს, როდიდან მქვია ეს სახელი?! თუ მაბრუნებ, დამაბრუნე ნუციკოსთან, მხარი მექცა, ის პალატა სადღაც აქაა!

ხელები გაასავსავა:

-კეთილი, კეთილი, არ აღელდე! -შეურაცხმყოფლად, ბავშვივით დამიყვავა, დერეფანს გახედა, ხალათის ჯიბიდან მობილური ამოიღო, ნომერი აკრიფა, ყასიდად, გულსგარეთ გამიღიმა და ტელეფონს ჩასძახა: -ლუიზა, ტარიელი გამოიყოლე, ჩემთან მოდით, დაუჩქარე!

ლუიზა და ეს პროფესორი ჩემი სიზმრიდან ერთად მახსოვს; შევეცადე, გავრკვეულიყავი:

-ლუიზა ტუჩებზე კვასკვასა წითელ პომადას ისვამს? -ვკითხე.

-ყოჩაღ! -შემაქო, -ლუიზა გხსომებია!

სიზმარში ვარ? ისევ სიზმარში? იქნებ ცხადში ვარ და როგორც მაშინ – სიზმარი გამინივთდა. გამახსენდა, რომ ლუიზამ სიზმარში ნემსი გამიკეთა:

-ლუიზას რატომ უხმე, ნემსი უნდა გამიკეთოს?

-ნემსი რა შუაშია, -თქვა ფლიდმა და როგორც ფლიდებს ჩვევიათ ხოლმე, სიტყვა ბანზე ამიგდო: -შენ ეს მითხარი, აქ როგორ მოხვდი?

 

 

 

1 2 3 4