რას ჩამაცივდა ეს კაცი, ერთსა და იმავეს მერამდენედ მეკითხება! გავღიზიანდი, მაგრამ ზრდილობიანი უნდა ვიყო, მაიზერ საბომ ნუციკოზე რაღაც იცის, უნდა დავტყუო:

-მომისმინეთ, ბატონო მაიზერ, -მივუგე მე, -ნუციკოს პალატიდან რომ გამოვედი, დერეფანი გავიარე, ფანჯარასთან შევყოვნდი და ეზოს გადავხედე. ყურებპარტყუნა, ცხვირშეჭყლეტილმა სანიტარმა ცარიელი საკაცე გამოაგორა. ნისლიანი, უჟმური დღეა, იმდენად უჟმური, გამეფიქრა, ყურებპარტყუნა სანიტარი ცარიელ საკაცეზე ცხედარს შემოდებს-მეთქი. თვითონ ამინდი ითხოვდა ცხედარს. გასაგებად ავხსენი?

-დიახ, დიახ, -თავი დამიქნია მაიზერმა, -განაგრძეთ!

-რაღა განვაგრძო, ნუციკოსთან დაბრუნება გადავწყვიტე, მაგრამ პალატა შემეშალა. თუ შეგიძლიათ, მიმასწავლეთ ნუციკოს პალატა, მადლიერი დაგრჩებით, სულ ესაა!…

-ესე იგი, ცხედარს ამინდი ითხოვდა? -მომაცქერდა პროფესორი.

-ჰო, ამინდი, ეს უჟმური დღე, სკამის საზურგეზე შემომჯდარი ჭილყვავი, მწვანე ჭიშკარი, ნისლი, ყველაფერი ერთად…

-პალატის კარი ღია იყო? -მკითხა მაიზერმა.

თავი ვეღარ მოვთოკე, წამოვენთე:

-აბა, დაკეტილი კარიდან როგორ გამოვაღწევდი?!

ხელები გაასავსავა:

-მშვიდად, მშვიდად, რატომ ღელავ? ყველაფერი რიგზეა, მალე ლუიზა მოვა…

რა შუაშია ლუიზა? ლუიზამ სიზმარში ნემსი გამიკეთა, ეს მაეჭვებს:

-ლუიზა რატომ გამოიძახე, ნემსი უნდა გამიკეთოს?

-ნემსს არავინ გაგიკეთებს. ლუიზა ჩემი ხელქვეითია, მასთან საქმე მაქვს, ამიტომაც გამოვიძახე, -მითხრა პროფესორმა.

-და ტარიელი ვინაა? -ვკითხე, რადგან ვერ დამარწმუნა ამ ფლიდმა და ისიც ზუსტად ვიცი, ფლიდს არასდროს უნდა ენდო.

-ტარიელიც ხელქვეითია, -თქვა მაიზერ საბომ, პირმოთნედ მომაცქერდა: -ხომ არ შფოთავ?

ასეთი შეუნიღბავი პირმოთნეობა მაცეცხლებს:

-რატომ უნდა ვშფოთავდე?!

-მეც მაგას ვამბობ; სანერვიულო და საშფოთი არაფერი გაქვს, -თქვა ეს და ალალად, გულწრფელად გამიღიმა, მაგრამ მე ვიცი, საიდანღაც ბეჯითად მახსოვს, რომ ფლიდები გულწრფელად იღიმიან. მომინდა, მისთვის რაღაც ისეთი მეთქვა, რაღაც ისეთი, -არასასიამოვნო, დამამცირებელი, რაღაც ისეთი…

-ესე იგი, აქ უფროსი ხარ? ხელქვეითებიც გყოლია…

-ჰო, -დამეთანხმა, -შეიძლება ითქვას, უფროსი ვარ.

-პროფესორიც ბრძანდები?

თავი დამიქნია, ისევ გამიღიმა:

-დიახ, დიახ, პროფესორიც გახლავარ!

-ჰოდა, იცი, რომ ამ დერეფანში საშინელი სუნია?

-სუნი? -მხრები აიჩეჩა პროფესორმა, -რისი სუნი?

-რისი სუნი, ბატონო პროფესორო და, თქვენს სამუშაო სივრცეში სტერილური სიმარტოვისა და ჩემთვის უცნობი წამლის მოტკბო სუნი იგრძნობა; თანაც, ბატარეები ზედმეტად ხურს და არასასიამოვნო სუნს ესეც ამძაფრებს!

ერთხანს მიცქირა, მერე თქვა:

-წამლის მოტკბო სუნი გასაგებია, ამას შევეჩვიე, ვეღარც ვგრძნობ, მაგრამ სტერილური სიმარტოვის სუნი ვერ გავიგე, იქნებ ამიხსნა!

ჩავფიქრდი; როგორ უნდა ავუხსნა, რას ნიშნავს სტერილური სიმარტოვე? ამას ან გრძნობ, ან -ვერა. მაინც შევეცადე:

-სტერილური სიმარტოვე სიმარტოვის უკიდურესი ფორმაა. სტერილური სიმარტოვე იმ ცხედარს ითხოვს, რომელსაც ვიღაც ცხვირშეჭყლეტილი, ყურებპარტყუნა იდიოტი, საკაცით გააგორებს ნისლიან, მოჟამულ ამინდში და თანაც, არ დაგავიწყდეს, ცხედრიან საკაცეს მოზრდილ გუბეს დაუმიზნებს; თავად ფეხს არ დაისველებს, მაგრამ საკაცეს გუბეს უცილობლად გადაატარებს და გაიკრიჭება. იქვე, ცარიელი სკამის საზურგეზე კი ჭილყვავია შემომჯდარი.

მაიზერ საბომ სათვალე მოიხსნა, ისევ გაიკეთა, მერე თქვა:

-გასაგებია, ყველაფერი გასაგებია, -მომაცქერდა, -შენ ეს მითხარი, ნუციკო როგორ არის?

-შინაურულად მოიკითხა ნუციკო, გული მომილბა:

-გმადლობთ, -ვუთხარი, -ახლა კარგადაა, სიცხემ დაუწია.

-სასიამოვნოა, -თქვა მაიზერ საბომ და მერე ძალიან უცნაური რამ თქვა: -რადგან ნუციკო კარგადაა, იქნებ სჯობს, ნუციკო თავისთვის იყოს, შენ -შენთვის იყავი…

-რას ნიშნავს, ჩემთვის ვიყო? აბა, სად ვიცხოვრო? -პროფესორს მივაცქერდი.

-ბინაში! -რატომღაც გაუხარდა მაიზერს, -შენს ბინაში! ვინმეს ჩემთვის რომ ეკითხა, ნუციკოს თვალებში ცხოვრება გიჯობს, თუ ჩვეულებრივ ბინაში ცხოვრებაო, -აუცილებლად ბინას ვარჩევდი.

გავღიზიანდი:

-მერედა, ნუციკოს თვალებში შენ ვინ გეპატიჟება?!

ხელები ისევ გაასავსავა:

 

 

1 2 3 4