-არა, არა, უბრალოდ ვთქვი, სიტყვას მოჰყვა, ჩვეულებრივ ბინაში ცხოვრება მიჯობს-მეთქი, სხვა -არაფერი, -თქვა პროფესორმა და დერეფანს გახედა.

გადავწყვიტე, დაწვრილებით ამეხსნა:

-მე და ნინო ნუციკოს თვალებში ვცხოვრობთ, ორი ოთახი გვიჭირავს, მყუდრო ბინა გვაქვს, მაგრამ ნუციკო მშობლებთან ერთად ბინაში ცხოვრობს და გამოდის, რომ მე და ნინო ორ ბინაში ვცხოვრობთ. გასაგებია?

– რა თქმა უნდა, გასაგებია; გაუგებარი რა უნდა იყოს? -თქვა პროფესორმა.

დერეფნის ბოლოდან მომავალი ლუიზა და ვიღაც შავგვრემანი მუტრუკი შევნიშნე. აჩქარებული ნაბიჯით მოემართებოდნენ. მუტრუკმა ლუიზას გამოასწრო, ჩემთან მოიჭრა, ხელები შემომაჭდო და ლუიზას გასძახა:

-მიჭირავს! მიჭირავს!

სიზმარში ვარ? ისევ სიზმარში?!

მუტრუკის ღონიერი ხელები სხეულზე ცხადად მეჭდობა , ახლოს, ცხადად ვგრძნობ ნივრის სუნს, ამ მუტრუკს რომ ამოსდის პირიდან, ცხადად ვხედავ სახეაჭრილ ლუიზას, რომელიც იმეორებს და იმეორებს: -მომიკვდეს თავი, თავი მომიკვდეს, ბატონო მაიზერ! კარი ნამდვილად ჩავკეტე, ბატონო მაიზერ!

პროფესორის ხმაც ცხადად მესმის: -ახლა არაა ამის დრო, მერე ვილაპარაკოთ!

იმასაც ცხადად ვხედავ, ლუიზა რომ ნემსს მიღერებს და მუტრუკისგან შებოჭილი, ხმამაღლა ვყვირი, რადგან ახლა მხოლოდ ყვირილი შემიძლია:

-დამაბრუნეთ ნუციკოსთან! დამაბრუნეთ ნუციკოსთან! დამიბრუნეთ ჩემი სამოთხე!!!

 

 

 

1 2 3 4