/გაგრძელება/

 

16

ჩალხიას ვხედავ:
– ბატონიშვილო! – მეძახის, – ეს ნუციკოსი ხომ არაა? – დათუნიას თავმოწყვეტილ ტანს მაჩვენებს.
– ნუციკო, ჩემი ნუციკო, – ვფიქრობ, – გავახარებ ნუციკოს, – დათუნიას ტანს დავცქერი, – შეკეთდება სათამაშო, – ვფიქრობ; აქეთ-იქით ვიცქირები, ნუციკოსა და ნინოს ვეძებ; ახლახანს აქ იყვნენ, სად დამეკარგნენ?
ჩალხიას ხმა მესმის:
– ლილინომ ნახა ჩვენს ბაღში, ნუციკოსია?
– კი, ჰო, რა თქმა უნდა, დიახ, დიახ, კი, ნამდვილად ნუციკოსია; – ვეუბნები ჩალხიას და თავად მეხამუშება ამდენი „კი“, „ჰო“ და „დიახ“; გეგონება, სხვისი ნივთის მისაკუთრება მახარებსო, მერე იმავე აღტყინებით ვემადლიერები ჩალხიას:
– გმადლობ, გმადლობ, უღრმესი მადლობა! რაც მთავარია, ლილინოს გადაეცით ჩემი მადლობა, გმადლობ, გმადლობ! – და შემკრთალ, დაბნეულ ჩალხიას გულითადად ვართმევ ხელს, თანაც მაკვირვებს ჩემი არაბუნებრივი საქციელი და ვფიქრობ, – სიზმარში ვარ? თუ ცხადში ვარ ასეთი აცეტებული, ასეთი სასაცილო? – ისევ ვეძებ ნინოს და ნუციკოს, – სად დამეკარგნენ, სად არიან? – ვფიქრობ და

ნუციკო:

– სად ვარ? აბა, სად ვარ? – ფიქრობს ნუციკო და დედას სკამის უკან ემალება. ნუციკოს შემჩნეული აქვს, ნუციკომ იცის, დედა ვერასდროს პოულობს ნუციკოს, როცა ნუციკო დედას ემალება და მოსწონს, ნუციკოს ძალიან ახალისებს ეს თამაში. დედა ოთახში მიდიმოდის, ნუციკოს გვერდით ჩაუარა, ვერ ხედავს ნუციკოს და დედა         ამბობს: – სად დამეკარგა ჩემი გოგო? სად დაიმალა ნუციკო? ნუციკოს უხარია, დედა რომ ვერ ხედავს, მაგრამ ნუციკოს დედასთან ჩახუტებაც მოენატრა, სამალავიდან გამორბის, მაგრამ წაბორძიკება ნუციკოსი და მუხლით იატაკზე და მუხლი – ფუაა! მუხლი – ფუაა, და:
– არა, არა, არა! – ტირის ნუციკო, დედა მკერდში იკრავს, მუხლზე ხელს უსვამს, – ცუდი იატაკი, ქიხი იატაკი! – ამბობს დედა და იატაკს ფეხით ცემს დედა, მაგრამ ნუციკო მაინც ტირის და ორ მორღვეულ სახეს ხედავს, ერთი ეუბნება:
– ნუ ტირი, ბაბუ! გაივლის, ბაბუ!
მეორე სახე მბობს:
– ბებო, ბებო, დამშვიდდი, ბებო! – და
ნინო:
– ბებო, ბებო, დამშვიდდი, ბებო! – ამბობს ნინო, აქეთ-იქით იცქირება, მერე მეკითხება:
– ბავშვი სად არის?
– ვინ ბავშვი? – ვეკითხები.

ნინო დიდხანს, გამჭოლად მიცქერს; ნინოს მზერა მაწუხებს, ისევ ვეკითხები: – ვინ ბავშვი?

– ნუციკო, – ამბობს ნინო და მიცქერს.
ნუციკო, ნუციკო, – ვფიქრობ, – რა ნაცნობი სახელია, – ვფიქრობ, – საიდან მახსოვს, საიდან მახსოვს? – ვფიქრობ; მერე მახსენდება, რომ მე და ნინო ნუციკოს თვალებში ვცხოვრობთ, მახარებს ჩემი აღმოჩენა და ვამბობ:
– აა, ჰო, ნუციკო, რა თქმა უნდა, ჩვენი ნუციკო! – და

მე:
მე თუ ნინო? არ ვიცი, აღარაფერი ვიცი, ნუციკოს მაღალი სიცხით ბინა იწვის; მოცეკვავე, ხილული ჰაერი დაეთერზეთობს, ედება კედლებს, ნივთებს, ჯამ-ჭურჭელს, ბინაში ყველაფერი ლღვება, სუნთქვა ჭირს, აზრი ირევა, ჩემი მახინჯი სახე სახეცვლილი კარადის ჩამომდნარი სარკიდან მიცქერს, – მაშფოთებს, მზარავს ჩემი გამოსახულება, ნინოს ვეკითხები:
– ეს ჩემი ხილვაა თუ შენი? არ ვიცი, – ამბობს ნინო, – არ ვიცი, – იმეორებს ნინო და

მე თუ ნინო, თუ ორივე:

– გახსოვს თამაშები, სიცოცხლის თამაშები? გახსოვს დაბადება, სიცოცხლის დაბადება? გახსოვს სიხარული, რითიც გავიხარეთ, როცა ის დაიბადა და მერე, როცა ისევ დაიბადა და ჩვენ ვამბობდით – სიცოცხლე, სიცოცხლე დაიბადა და იქნებ იცი, იქნებ მითხრა, სად არის ნამდვილი სიცოცხლე?

– იქ, თითქოს იქ და თითქოს აქაც, მაგრამ კავშირი იკარგება, უმოწყალოდ ქრება კავშირი და მე ისე ძალიან დავიბენი, – ამბობს ნინო.
– ეს ხომ ჩემი სიტყვებია, ნინო, – ვეუბნები, – მუდამ ამას ვამტკიცებდი, ნინო, – ვეუბნები და ვგრძნობ, როგორ ვიწევი მაღლა, ბევრ ჰაერს ვგრძნობ, რაც ცივ ჟრუანტელებად მიწიწკნის ფილტვებს. – ცივი ჰაერი მეცა, – ვფიქრობ, ცივი ჰაერი შემომასკდა, – ვფიქრობ და მერე ვამჩნევ, მე და ნინო აიწონა-დაიწონაზე ვართ. ჩამოვქანდი, ნინო აქანდა და ნინო ამბობს:
– გახსოვს თამაშები, სიცოცხლის თამაშები? გახსოვს დაბადება, სიცოცხლის დაბადება? გახსოვს სიხარული, რითიც გავიხარეთ, როცა ის დაიბადა და მერე, როცა ისევ დაიბადა და ჩვენ ვამბობდით, – სიცოცხლე, სიცოცხლე დაიბადა და იქნებ იცი, იქნებ მითხრა, სად არის ნამდვილი სიცოცხლე?

– იქ, თითქოს იქ და თითქოს აქაც, მაგრამ კავშირი იკარგება, უმოწყალოდ ქრება კავშირი და მე ისე ძალიან დავიბენი, – ვეუბნები ნინოს, ნინო კი ამბობს:
– ბავშვი, ბავშვი, საბრალო ბავშვი, ბავშვი უნდა მოვძებნო, – და ნინო მტოვებს, ვრჩები მარტო, ვხედავ ნუციკოს და

ნუციკო:
ნუციკო თუ მე? არ ვიცი, აღარაფერი ვიცი, მაგრამ მიხარია, ნუციკოს რომ ვხედავ და

მე თუ ნუციკო, თუ ორივე:

მსუქანი ქალი გამოჩნდა, – ქალი მატყუარა ღიმილით და კვასკვასა წითელი პომადით ტუჩებზე. ნუციკოს აშინებს ეს ქალი, ნუციკო ტირის:

– არა, არა, არა!

 

 

1 2 3 4