ჩალხია წამოდგა და ხელში ატატებული თინიკო პარტერიდან გაიყვანა.

უნდა წავიდე, დათუნიას ტანს თავი მივმაგრო, – ვიფიქრე მე; წამოვდექი.

– ცეკვა ასე არ დამიდგამს, თავისთავად მოხდა, – გამომძახა წრიპამ.

– რაც მოხდა, ლამაზად მოხდა; – მივუგე მეგობარს, პარტერიდან ფოიეში გავაბიჯე, მაგრამ თეატრის ფოიეს ნაცვლად აბზინდას ველზე ამოვყავი თავი.

რიგიანად გაკვირვებაც ვერ მოვასწარი, ნუციკო და ნინო რომ დავინახე და

ნინო:

ნინო თუ ნუციკო?

თუ მე?

თუ სამივე:

აბზინდას მსუყე, მძიმე სუნი აბზინდას ველზე. ყვითლად დამარცვლილი აბზინდების კორიანტელში აბზინდების ყვითელი მტვერი:  მონაცრისფრო-მოყვითალო ფერი ცას ერწყმის და გეჩვენება, მთელი სამყარო ეს ველია, სამყაროს სუნიც ეს სუნია – მწარე აბზინდას მძიმე სუნი, გულს რომ გიმსუყებს, გარეტიანებს, იქნებ გათრობს, მაგრამ თუ გათრობს, კიდეც გალენჩებს.

ჩვენ სამნი ველზე. საზღვარი მხოლოდ ცასთანაა, ცაზე – მონაცისფრო ერთი ღრუბელი. ნუციკოს თავბრუ ესხმის. ნუციკო ყვითელ აბზინდებში ჩაჯდა. ნინო ნუციკოსთან მუხლებზე. ნუციკოს თავი ნინოს კალთაში. ნინო ჩემკენ:

– ვკარგავთ, ბავშვს ვკარგავთ, იღონე რამე!!!

ნუციკო, ჩემი ნუციკო! – ვფიქრობ, ბავშვს დავცქერი, ნუციკოს ფითრი გულს მიკუმშავს, – რა ვიღონო?! – ვფიქრობ, აქეთ-იქით ვიცქირები, მხოლოდ ჩვენ სამნი აბზინდას ველზე, – საშველი, – ვფიქრობ, – რაღაც საშველი უნდა იყოს, არ შეიძლება ასე! – ვფიქრობ, ვიცქირები, მხოლოდ ჩვენ სამნი, სხვა – არავინ, მზერა ნუციკოსკენ, მაღალი სიცხით გამომშრალი მისი ტუჩები და ფითრი, ფითრი, ნუციკოს ფითრი და გული, გული, ჩემი გული, რომელსაც ძლიერ სტკივა ნუციკოს ფითრი და ჩვენ სამნი – ისე უსასოონი, ისე მარტონი განსაცდელში, ისე ჩაკარგულნი მწარე აბზინდას უსაზღვრო ველში და ხმა, ნინოს ხმა, ხმაში სიმწარე:

– იღონე რამე! იღონე რამე!

რა ვიღონო?! – ვფიქრობ, – რა ვიღონო?! – ვფიქრობ, ვიცქირები, მხოლოდ ჩვენ სამნი, სხვა – არავინ.

ნუციკოს შუბლი სიცხით იწვის, ნინოს კალთიდან ნუციკო შორს, მკრთალად ხედავს აყვავებული აბზინდას ყვითელ მარცვლებს, საიდანაც მსუყე, მძიმე სუნი მოდის და ეს სუნი ნუციკოს გულთან ხრჩოლავს, ხრჩოლავს, შხამად ხრჩოლავს ნუციკოს გულთან, ყელში აწვება, ნუციკო აზიდებს, შვებას გრძნობს, მაგრამ ყვითელი აბზინდებიდან ისევ დაიძრა მსუყე და მძიმე, ცხვირ-პირში მოუძვრება ნუციკოს, ფილტვებს უშხამავს, ნუციკოს გულთან ისევ ხრჩოლავს, გულთან ნახრჩოლი ტვინისკენ მიდის, თავს ატკიებს ნუციკოს და ნუციკოს ტირილი უნდა, მაგრამ ვერ ტირის, რადგან ნახრჩოლმა ნუციკოს ყელიც გაიარა, იქ ჩაეჩხაპნა, იქ ჩაკაწრა და ნუციკოს მეტად ეკაწრება ყელი, როცა ნუციკო ტირილს აპირებს და ახლა ნუციკოს მხოლოდ მორჩილება შეუძლია, ნინო კი მკერდში იკრავს ნუციკოს და ნინო ჩემკენ:

– ვკარგავთ, ბავშვს ვკარგავთ!

რა ვიღონო?! – ვფიქრობ, – რაღაც საშველი უნდა იყოს! – ვფიქრობ; მახსენდება, ჩალხიამ დათუნიას თავმოწყვეტილი ტანი რომ მომცა, – ჰო, აქაა! – ვფიქრობ, – ახლა მთავარია, დათუნიას თავი მოვძებნო, თავი ტანს მივაბა და ნუციკო გავახარო, მერე ყველაფერი დალაგდება, – ვფიქრობ, – ნუციკო კარგად გახდება, – ვფიქრობ, – სასწრაფოდ! სასწრაფოდ! – ვფიქრობ და ველზე დავდივარ, დათუნიას თავს ვეძებ, ვფათიფუთობ, ვეძებ, დავდივარ, მერე მივრბივარ, – სად მივრბივარ?! რატომ მივრბივარ?! – ვფიქრობ, ვჩერდები, აბზინდას ბუჩქებს აქეთ-იქით ვწევ, მიწას დავცქერი, აქ არაა, ისევ დავდივარ, ვეძებ, დავდივარ, ვეძებ, დავდივარ, – სასწრაფოდ! სასწრაფოდ! – ვფიქრობ, დავდივარ, ვეძებ, ვპოულობ, იქ, აყვავებულ აბზინდებში ვპოულობ და მერე – თავი ტანთან, თავი ტანთან, მაგრამ – არა, ვერა, ვერ ეწეპება, – რითი გადავაბა?! – ვფიქრობ, – რითი, რითი, რითი?! – ვფიქრობ, – ნემსი! – ვფიქრობ, – ნემსი და ძაფი, სასწრაფოდ! – ვფიქრობ, აქეთ-იქით ვიცქირები და ვიცი, რომ თვალუწვდენელი აბზინდის ველზე ნემსსა და ძაფს ვერსად ვიპოვი და ვმწარდები, ძლიერ ვმწარდები, მამწარებს ჩემი უღონობა და უღონობით გამწარებულს უმეტესი სიმწარე მშია, რათა უღონობის ჩემი სიმწარე სხვა სიმწარემ გადამიფაროს, მერე კი აბზინდას ბუჩქებს ორივე ხელით ვბღუჯნი, ნაყოფი პირისაკენ მიმაქვს და ვღეჭავ, ვცოხნი, აბზინდას სიმწრით გულ-გვამს ვივსებ და ისევ ვცოხნი და ერთიანად ვივსები შხამით, სამსალით, სიმწრით, ბალღამით და მერე ღრუბელს, მონაცრისფრო, იმ ერთ ღრუბელს შევყივი: – მამა! მამა! გმადლობდი და არ ვიღლებოდი, მაგრამ გამწარებული ჩემი გულ-გვამი აღარ გმადლობს, რადგან ავივსე მწარე აბზინდით, თავად მე ვარ ახლა აბზინდა, აბზინდა მქვია, მამაჩემო და სიცოცხლისთვის, რომელიც შენგან მომენიჭა, სიმწარე ჩემი გმობას მკარნახობს, ამას აბზინდა გეუბნება!!!

სხივმა ღრუბელს ფორმა უცვალა და ის არ იყო მამაჩემი, მაგრამ ვიცოდი, ხმა მაინც მივაწვდინე და ვიდექი გამომწვევად, პასუხს ველოდი.

 

1 2 3 4