მსუქანი ქალი ნუციკოს უახლოვდება:
-ყოჩაღი გოგო, ლამაზი გოგო! – ამბობს მსუქანი ქალი, ნუციკო საშველს ჩემგან ელის, მესმის ნუციკოს გულისცემა, ექთანს ვეუბნები:
– ქალბატონო, იცით, ბავშვს გული როგორ უცემს?!

– პროცედურაზე რატომ არ ხართ? – მომმართავს მსუქანი ექთანი.

– რის პროცედურაზე, ქალბატონო? – ვეკითხები.

– ძალიან კარგად იცი, რის პროცედურაზეც, თავს ნუ იკატუნებ! – ამბობს ქალი და სახეს იმკაცრებს.

მთრგუნავს, მაშფოთებს მსუქანი ქალის უეცარი გამკაცრება; ვცდილობ, ზრდილობიანი ვიყო, ქალისკენ ნაბიჯს ვდგამ, ისევ ვეკითხები:

– რა პროცედურაზე ამბობთ, არ მესმის!

– არ მომეკარო! – აწივლდა მსუქანი ქალი, – მომაშორეთ ეს შეშლილი! – გაიქცა მსუქანი ქალი. ნუციკოს დამშვიდება მინდა, მაგრამ ნუციკოს ვეღარ ვხედავ და

მე:

ნუთუ ბავშვი დავკარგე? – ვფიქრობ, ოთახში ვეძებ გამალებით; – არსადაა! – ჩემი ნუციკო დამეკარგა, ხომ აქ იყო, ახლა სადაა? – ვფიქრობ, განვიცდი, ვეძებ; კარი იღება, თეთრხალათიან კაცს ვხედავ, მრგვალჩარჩოიანი სათვალე უკეთია, მიცქერს, სათვალის მინებს მიღმა ისე ენაბება თვალები, სიტყვა – „ფლიდი“ მახსენდება; ეჭვი მიპყრობს, რომ ნუციკოს გაუჩინარებასთან ამ კაცს რაღაც კავშირი აქვს და პირში ვახლი:

– ბავშვი სად არის? მიპასუხე, სად არის ბავშვი?!

– ყველაფერი რიგზეა, – მეუბნება, – ბავშვი ნინომ წაიყვანა, – მეუბნება ფლიდი კაცი, სათვალის მინებს მიღმა განაბული ფლიდი თვალებით მიცქერს და მახსენდება, რომ ფლიდს არასდროს უნდა ენდო, ვეუბნები:

– ვიცი, მატყუებ, შე ფლიდო!

– რას ბრძანებთ, – ვითომ წუხს ფლიდი კაცი, – აკი გითხარით, ნუციკო ნინომ წაიყვანა.

მინდა, ყელში ვწვდე, მაგრამ უცნაური ხალათი მიშლის, ხელებს მიბორკავს ეს ხალათი, უცნობს ხავილით:

– ვინ ხარ?! რა გინდა?! ბავშვი სად არის?!

მიცქერს, მოკლედ მპასუხობს:

– ნინომ წაიყვანა.

-სად წაიყვანა, როდის წაიყვანა?! – ისევ ხავილით.

– სად წაიყვანა არ ვიცი, მაგრამ N20 ავტობუსით წავიდნენ, – ამბობს ფლიდი კაცი, კარისაკენ იცქირება, იძახის: – ლუიზა! ლუიზა!

შემოდის მსუქანი ექთანი მატყუარა ღიმილითა და წითელი პომადით ტუჩებზე, ხელში ნემსი უჭირავს, მხარზე მარჭობს, მერე მიდის. თეთრხალათიანი უცნობი მეუბნება:

– ასე უკეთესია, დაისვენეთ! თქვენს ცენტრალურ ნერვულ სისტემას ჯანსაღი, ხანგრძლივი ძილი წაადგება.

კუნთები მიდუნდება, მაგრამ ფიქრი თავისას ფიქრობს; ფიქრში, რატომღაც, „ცენტრალური ნერვული სისტემა“ მთავარ ადგილს იკავებს და ჩემთვის მეფიქრება: „ცენტრალური ნერვული სისტემა“, „ცენტრალური ნერვული სისტემა“, „რა შუაშია ცენტრალური ნერვული სისტემა?“ და უცებ ვხვდები, „ააა“, – ვხვდები, – ააა, გასაგებია, – „ეტყობა, ცენტრალურმა ნერვულმა სისტემამ მიღალატა, რადგან ფლიდი უცნობისა და წითელპომადა ლუიზას ხელში ჩამაგდო მოღალატე ცენტრალურმა ნერვულმა სისტემამ!“ – ვხვდები, მაგრამ თანდათან ფიქრიც მიდუნდება და ჯერ ბნელდება, შემდეგ ერთბაშად და მჭახედ ნათდება და იქ ახალი აღმოჩენა – გაბრწყინებულ თეატრში ვარ, გვერდიგვერდ ვსხედვართ მე და ჩალხია, პარტერში ჩვენს გარდა არავინაა. სცენაზე წრიპამ შემოაბიჯა, ავანსცენისკენ გამოემართა, იქ შეყოვნდა და გვეუბნება:

– ძალიან გთხოვთ, დისტანცია დაიცავით; განკარგულებაა ასეთი, – ერთმანეთს ორი სკამით უნდა დაშორდეთ!

ჩალხია წრიპას ემორჩილება, ორი სკამით ინაცვლებს, მე წრიპას ვუცქერ, წრიპა ხელის მტევნებს ნერვულად იმტვრევს და ამბობს:

–  ჩემს სამდლობელ სპექტაკლში თინიკო პარტნიორთან ერთად ცეკვავდა; ცეკვის სხვაგვარად დადგმა მომიხდა, მკაცრად ნუ განმსჯით, – ამბობს ამას და სცენიდან გადის.

ისმის სასიამოვნო მელოდია. სცენაზე თინიკო მოფარფატებს. ჰაეროვანი თეთრი კაბა აცვია, ულამაზესი თეთრი დიადემა ამშვენებს, თეთრი პირბადე აუკრავს. გაიცეკვ-გამოიცეკვა თინიკომ, ერთხანს იფარფატა, მაგრამ თავად მელოდიამ მოითხოვა პარტნიორი და თინიკოც შედგა, თეატრის უკანა კედელს მიაცქერდა. უკანა კედელი გაიხსნა და ეს მოულოდნელი და ლამაზი იყო, რადგან სივრცე გამოჩნდა და უეცრად ეს სივრცე ამწემ შეავსო. ამწეს სუქო მართავდა, ყველაზე მოულოდნელი კი ის იყო, რომ სუქომ ამწე სცენაზე შემოაგრუხუნა. თინიკომ მანქანამდე ორ ულამაზეს ნახტომში მიაღწია, კაუჭი თეთრ ქამარზე მოირგო, სუქოს ნიშანი მისცა და სუქომაც შტანგეტებისაკენ აზიდა მსახიობი, რომელიც ცაში აცეკვებულ თეთრ ფრინველს დაემსგავსა და ესეც მოულოდნელი და კარგი იყო, მაგრამ უეცრად ქამარი გაწყდა და თინიკო პარტერისაკენ გამოაფრინა. თინიკო ახლა მეტად დაემსგავსა ფრინველს, რომელიც გაშლილი ფრთებით მოფრინავდა ჩვენკენ და აი, გამოფრინდა თინიკო პარტერისაკენ და ჩალხიას კალთაში ჩაეშვა:

– ოჰ, ქალბატონო, – თქვა ჩალხიამ.

– ოჰ, ბატონო, – თქვა თინიკომ.

– თინიკო, ხომ არ დაშავდი?! – სცენიდან გამოსძახა დაფეთებულმა წრიპამ.

– ოჰ, არა, არა, – თქვა თინიკომ და თავი ჩალხიას მკერდს მიანდო.

– თქვენ, ქალბატონო, მგონი კესანეს თვალებში ცხოვრობთ, არა? – ჰკითხა ჩალხიამ.

– დიახ, ბატონო, – მიუგო თინიკომ და მერე თავად  დაეკითხა ჩალხიას; – თქვენ, ბატონო, მგონი, ლილინოს თვალებში ცხოვრობთ, არა?

– დიახ, ქალბატონო, – მიუგო ჩალხიამ, ერთხანს იყუჩა და მერე თქვა: – ქალბატონო, დომინო ხომ არ გვეთამაშა?

– სიამოვნებით, ბატონო, – თქვა თინიკომ.

 

1 2 3 4