პასუხი არ ყოფილა. პასუხი დილითაც არ იყო, მაგრამ დღის შუქით განათებულ პალატაში აღმოვაჩინე, რომ საწოლთან, ტუბოზე შემოდებულ დათუნიას თავიც და ტანიც თავის ადგილას ჰქონდა.

ნუციკომ თავისუფალი ხელი დათუნიასკენ გაიშვირა:

– უნდა, უნდა, უნდა!

დედამ ბავშვს დათუნია მიაწოდა.

ნინოს გავხედე.

– სიცხემ დაუწია, გამოვაღწიეთ, – თქვა ნინომ და შვებით ამოისუნთქა.

ნუციკო კედელზე მიხატულ სპილოსა და ჟირაფს მიაცქერდა, მერე გაიცინა და ბინა გაგვინათდა. საგნებმა და ნივთებმა თანდათან დაიბრუნეს თავისი სახე.

– გავისეირნებ, შენ არ წამოხვალ? – ვკითხე ნინოს.

– არა, – თქვა ნინომ, – ბინას მივალაგებ.

შეგრძნება მქონდა, რომ ყველაფერი თავის ჩვეულ რიგს დაუბრუნდა და ამაში ნინოს პასუხსაც ედო წილი, ამჯერადაც იუარა ქალბატონმა…

– კეთილი, – მივუგე ნინოს, – მაშინ მე წავალ.

– კარგი, – თქვა ნინომ.

წასასვლელად გავემზადე.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, წუხანდელი სიზმარი მაინც ხინჯად მაწვა გულზე. ვიცოდი, ვგრძნობდი, სიზმარი იყო თუ ცხადი, იქ, მწარე აბზინდას უსაზღვრო ველზე წამოყივლებულს ავბედითი შედეგი მოჰყვებოდა. – თავად ვიქეცი საკუთარი თავის ნათლიად, სახელად აბზინდა დავირქვი, – ვიფიქრე მე და სანამ პალატიდან გავაბიჯებდი, მოფერიანებულ ნუციკოს თვალი შევავლე.

– ანკი, ვინ იცის, სად სიზმარია, სად ცხადი? – ვიფიქრე მაშინ და წავედი.

 

 

 

1 2 3 4