* * * *

შენ მერე ცხოვრება პოულობს ცხოვრებას შენამდე.

ნელა ეხორცება, მძიმედ, გაჭირვებით.

მე შეზრდის ადგილში შევსახლდი და ცეცხლი შევანთე

მესამე მსოფლიო ომში დაჭრილივით.

 

შიგნიდან ეს არი ძალიან ცივი და ყრუ გამოქვაბული.

არაფრის მთქმელი და გამშვები აღარსად.

სექტემბრის არქტიკის, მთვარისა და ზამთრის ქაბულის

უაზრო ნაზავისმაგვარი რაღაცა.

 

უფერო სიღრუე. და წარმოსახვითაც ვერ ხდება შეღებვა

მისი უფერობის. თუნდაც შემოხატვა.

და ხელებს, რომლებიც შენ ვეღარ გეხება,

დავყურებ ძმასავით, ძმა რომ შემოაკვდა.

 

ადგილი, სიჩუმით, უჟმური სიზმრებით, ნაცარ-მტვრით ნაშენი

მკვდრად დაბადებული ნატვრების სამეფოდ, ტკივილის ბუნაგად.

და ოთხზე მრავალჯერ მეტია კედელი გარშემო,

რომლებსაც ეტყობათ, მხარე რომ არა აქვთ უკანა.

 

 

1 2 3 4 5 6