ცივი დღეები

 

არსებობს რისხვა ვარსკვლავების და აგრესია.

მაგრამ ის განა სიყვარულზე უაღრესია.

შეიძლებოდა გამკლავება, და ეს ესეა.

დღეს კი ყველაფერს საწყისები გადარევია.

შეიძლებოდა ერთმანეთის ცქერით გვებოდა,

ვარსკვლავებისკენ მიგვემართა მზერა ზემოდან.

შესაძლებლობებს გავცდენოდით შეიძლებოდა.

რაც მოგვიხერხდა, გამქრალია რადარებიდან.

 

დღეები დუმან და ციცქნიან მზის უმ სეფისკვერს

და გადიდებულ ცრემლებს ჰგვანან, შესაფერისებს

იმ ქალებისა, ომში მოკლულ ქმრებს რომ ჯერ ისევ

ელოდებოდნენ ძოწისფერი საცრემლეებით.

მეჩხერ ცოცხებად ჩარიგებულ, სიცოცხლით ღარიბ

ხეებში მაღლა, გატიტვლებულ ტოტებზე, მდგარი

შეუნიღბავი, დასანახი დამცხრალი ქარი

ძირს იხედება გამაძღარი მტაცებელივით.

 

უეცრად სად არ გამოგრიყავს ბედის ნაკადი

კბილის ჯაგრისით, საპარსებით, საპნით, მაკრატლით

ჩანთაში. ლოგინს ახალთახალ პირებს ვაკრავდი,

და – ოდნავადაც არ ვაჭარბებ – ჰქონდათ სუდარის

ძლიერი სუნი, აუტანლად მძაფრი საყნოსად.

და უშენობა გვერდით მიწევს მკვდრული გაყურსვით,

წინ მიდევს, როგორც ერთადერთი სწორი რაკურსით

გადაღებული წუთისოფლის ფოტოსურათი.

 

ვწევარ და თითქოს ეკლიანი შოლტით ნაცემი

შიშველი ზურგით მიტოვებულ ვაგონს ვაწვები.

თითქოს ქუჩაში აღმა-დაღმა თოვლის კაცები

დაბაჯბაჯებენ ნაბიჯებით მოუხეშავით.

ცვლილებებისთვის არ ამჟღავნებს აწმყო მზადყოფნას,

ძველ კართანვეა, უკვე თაგვიც სადაც არ ცხოვრობს,

დაყუდებულა ცარიელი საავადმყოფოს

მიმღებში დადგმულ საახალწლო ნაძვის ხესავით.

 

მსოფლიო სევდა მოდის ხოლმე თავისი ვახშმით –

არყით და მდოგვით, ყინულების შემცველი შაშხით.

და, კარტოფილით დათესილში, ალუბლის ბაღში

ჟღარუნებს ყრუდ და უთანაბროდ ზამთრის გიტარა.

გაწყვეტილია ყოველგვარი ძაფი და წრედი.

ხდება ეკრანი ტელეფონის დღითი დღე თეთრი.

მასზე მხტუნავი წერტილები, როდესაც მწერდი,

აღარასოდეს წამომსვლელი ფიფქივითაა.

 

 

1 2 3 4 5 6