ურარტუს ხელოვნება

 

და თუმცა აგერ ერთი ქოლგის ქვეშ

ერთიმეორეს მიკრულები შინ ბრუნდებიან,

და თუმცა შხაპსაც ერთად მიიღებენ მისვლისთანავე,

ჩაის დალევენ, ერთ ლოგინში შეგორდებიან

და ვინ იცის, მერამდენე სექსი ექნებათ,

და თუმცა ხშირად, შესაძლოა, ერთმანეთს ხელით ასაუზმებენ,

მაინც ჯერ აწვიმთ კოკისპირულად,

ტაქსიც არაა გამომვლელი გვიანღამისას

და თავ-თავისთვის ეფიქრებათ, რომ კიდევ ერთი

ქოლგა ზედმეტი არ იქნებოდა.

 

დაბუტბუტებენ ლავგარდნებზე, სახურავებზე

წვეთები ზოგად სახელად წვიმა,

წვიმა, რომელიც ვერასოდეს ვერავინ ნახა,

თითოეული თავის პატარა სათქმელს ბუტბუტებს,

რომ საბოლოოდ ყველას თავისი ქოლგა სჭირდება.

დაშრიალებენ უკაცრიელ ქუჩებს ფოთლები და ჩურჩულებენ,

თითოეული თავის ჩურჩულს, მხოლოდ თავისას,

რომ “ორი” ნიშნავს “ორი ცალ-ცალკე”,

რომ ვერავინ ვერავის ნაცვლად

ვერც ამ ნაწვიმრის სიტკბოებას ვერ ჩაისუნთქავს,

ვერც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ვერ მიიბმება,

რომ ერთ საფლავშიც მკვდრებს სხვადასხვა კუბოში დებენ,

რომ სინამდვილის ვითარებას ნამდვილზე სწორად

ქვაზე ნაკვეთი გამოხედვა იტყობინება.

 

იცოდნენ წელგაღუნულმა ურარტელმა მეჩუქურთმეებმა,

რაზე ღვრიდნენ ზაფხულობით ოფლს დღისით,

როცა გარეთ გაუჩერებლად ყვიროდა დასიცხული ხარ-კამეჩი

და მზედაკრული გველები გაბმით სიოდნენ ეკალბარდებში,

რა მუშაობას აკლავდნენ თავს ღამით,

როდესაც მიწყნარებული სასახლეების ოთახებში

შირბახტის ზეთით იპოხავდნენ სხეულებს რჩეული ხარჭები,

სურმით იღებავდნენ მბჟუტავი ლამპრების ამრეკლავ თვალებს

და წაგრძელებულ ფრჩხილებზე ალკანას საცხს ისვამდნენ,

სანამ თმაჩამოშლილები და მარმაშში გახვეულები

ლეღვით, თუთით და ღვინიანი თასებით გაწყობილი ლანგრებით

საგრილობელ ბაღებში წამოგორებულ მეფეებთან გავიდოდნენ.

იცოდნენ ღონეგამოცლილმა ურარტელმა მეჩუქურთმეებმა,

რის გამო იყვნენ ჭაპანწყვეტაში ზამთრობით,

როცა გამთენიისას კერაში ცეცხლი ქრებოდა

და დატეხილი სუსხი ხელად მთელდებოდა ისევე.

 

იცოდნენ: ირგვლივ მხოლოდ ფიგურებია იქით და აქეთ,

ერთმანეთისგან მოშორებით განლაგებულნი

და, თანაბარი განათების მიუხედავად,

სილუეტებად მოჩინარნი თავიანთი დღე და მოსწრება,

ირგვლივ მხოლოდ სიცარიელის

მეაბჯრეები, საბჯენები, საწყავებია და ერთმანეთში

არა აქვთ ძაფი, გადაძახებ-გადმოძახება,

არანაირი მოქმედება, სცენა, შემთხვევა,

თუნდაც ინტრიგა, ჭეშმარიტი, აღსანიშნავი,

მართლა რომ ღირდეს შთაბეჭდილებად,

მახსოვრობაში აღსადგენად, გამოსასახად,

და თუ რაღაცა გაფაჩუნდა მოულოდნელად,

ისე ძალიან იშვიათად, თითქმის არასდროს,

ერთი მომხდარი მეორისგან ცალკე დგას აქაც,

გადმოსაცემი არც რამეა, გარდა დუმილის,

და დუმილს, ალბათ, არ აწყენდა ცოტა მაინც შელამაზება,

ცოტათი შერყვნა ისევ მისით ამოგლესილი

გამოხედვებით, რომელთა მიღმაც

უარარაო გულებია, თითოეული

გაქუცულ ტყავში გახვეული თავისი სევდის,

ცალცალკეობის სიცივისგან შესქელებული,

როგორც დესერტი კანიბალისთვის.

 

 

1 2 3 4 5 6