ქალაქის იქით

 

აყალო მიწას ადგამდნენ ფეხს და ორივეს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, ეგონათ, სხვა სამყაროსკენ მივაბიჯებთო. მიწა თიხნარი იყო, მკვრივი და ნოტიო, ამიტომ სულ ოდნავ ეკრობოდა ფეხი წებოვან ზედაპირს-და ასევე სულ ოდნავი ძალისხმევა იყო საჭირო, რომ ფეხსაცმლის ლანჩა მიწას ასცილებოდა. იმ სერისკენ შეუყვნენ გზას, სადაც ალაგ- ალაგწიწვოვანი ტყის უსუსური ნაშთები იყო შეფენილი თხემებზე და მთის წვერზეც. ქალი უხერხულად ადგამდა ყოველ ნაბიჯს, მისი სხეულის მოძრაობა გარკვეულ სიძნელეს თუ შინაგანი დაძაბულობით გამოწვეულ შეფერხებას გამოხატავდა, თითქოს ჰა, გადადგამს კიდევ ერთ ნაბიჯს და მერე ან გაჩერდება, ან კიდევ სხვა მიმართულებით გასწევსო, იფიქრებდი, მაგრამ არ ჩერდებოდა და არც სხვა მიმარღულებით აპირებდა სვლას და კაცისთვისაც უკვე ცხადი იყო, რომ ქალს რაღაც ჯიუტი ნება თუ ინსტინქტი ეზიდებოდა მისკენ და იმ მთის წვერისკენ, რომელიც ლაჟვარდის ჩამუქებულ სივრცეში საღამოს გასავათებულ სხივებს იხვევდა და მანამდე უქონელი, საკვირველი მომლოდინე აზრით ივსებოდა. გზა რომ გაიარეს და სახლებს დაშორდნენ, ახლადგაშენებული მასივი გამოჩნდა, თეთრად შეფეთქილი მაღალი კორპუსები, ავისმომასწავებლად ცარიელი და ყიჟინის წინათგრძნობით შეძრული ადამიანივით გატრუნული, თითქოს მსხვილპლანიანი კადრი აკიაფდა გაქვავებულ კინოეკრანზე: ქალაქის არტერიული დინებაც შემოიჭრა მათ ფსიქიკაში, საღამო ხანის დუნე და უხალისო მაჯისფეთქვაც და ელნათურების ნაადრევად მოლიცლიცე მწკრივიც. უხმოდ მიაბიჯებდნენ და, ალბათ ამიტომაც იყო, რომ ქალაქის უძრავ – მოძრაობის ფონზე ძველისძველი ჯავრივით თუ ბოღმასავით დაგუბებულ სახიფათო გაურკვევლობაში დუმილმა უეცრად სხვაგვარი აზრი შეიძინა: ტკაპ! და ისკუპა ვეება გუბურაში გომბეშომ, მომწვანო მიწისფერი იყო და რეალობის უკიდურესად ფხიზელ განცდას აღძრავდა მისთვის წამიერი თვალის შევლება, როგორც საერთოდ ხდება, დიდი ხნის წარმოსახულ, ჯერ თვალშეუვლებ რაიმეს რომ იხილავ ისინიც თავისი ნამდვილი, უმკაცრესი სახით. ისინიც შეჩერდნენ და უცქერდნენ, ჯერ ქალი, მერე კაცი. სწორედ აქ იგრძნო ქალმა მსუსხავი, შეურაცხმყოფელი სიმარტოვე. უფრო საზიზღარი განცდაც კი დაეუფლა, თითქოს ვიღაც უსიამო, სველ ხელს ადებდა გავარვარებულ მხარზე, იდაყვზეც უსვამდა და იმდენად აუტანელი იყო ამ უტიფარი, დიდი მტევნის შეხება, რომ ბრაზი და დაუძლეველი გესლი მოაწვა ყელში. გზას რომ შეუყვნენ, კაცმა საუბრის გაბმა სცადა, ყასიდად რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა, მაგრამ ეს სიტყვები უცნაურად აღწევდნენ ქალის ყურთასმენამდე, გაქვავებულ სივრცეში იჭრებოდნენ, წრეს შემოწერდნენ და მერე ლითონის წკირებივით ცვიოდნენ ქალის ცნობიერებაში. საკუთარი ხმაც კი შორიდან, საღამოს გადაყრუებული, ბლანტი ჰაერიდან დაძრული ეჩვენებოდა.

„არც კი მიკითხავს სახელი, ისე გაგეცანი“. და მიხვდა ქალი, რაც უნდა ეთქვა: „სალომე“, თქვა და საკუთარი ქცევა, თავდაჭერა, ხმა და სიტყვაც კი იმდენად უაზრო, უადგილო და უმნიშვნელო ეჩვენა, რომ მისი ტანის რომელიღაცა უჯრედმა მტკიცე და შეუვალი გადაწყვეტილება მიიღო, აღარაფერი ეთქვა აღარაფერი დასცდენოდა. სახელს რომ გკითხავენ, უნდა უპასუხო, ეს ანბანური ჭეშმარიტებაა, მაგრამ როცა შენობით მოგმართავს უცხო, უდიერი და უტიფარი მამაკაცი და როცა შენთვის საკუთარი სახელის თქმა კარგა ხნის შენახული, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი საიდუმლოს გამხელის ტოლფარდია, უნდა გაჩუმდე და ენას კბილი დააჭირო. მერე, ხანმოკლე შუალედის შემდეგ, ისევ გამოსცრა ტვინის წერტილივით მცირე უჯრედმა: „მე ჩემთვის მივდივარ, მერე რა, რომ ერთად მივეხეტებით“. – გონება და, მასთან ერთად, მთელი დანარჩენი არსება უცნაურად მოქმედებდა, უცნაურ, იშვიათ და არაბუნებრივ სიტყვებს არჩევდა, თან ამავე დროს კაცის ყოველ მოძრაობას – თავის მობრუნებას, დაჟინებულ მზერას და გაფაჩუნებას იჭერდა, დანაწევრებულად თითქოს არაფერი იცოდა, არც საკინძეშეხსნილი, მზემოკიდებული თითების მოყვანილობა და არც ოდნავ დამტვრეული, კუთხეში ჩაწოლილი ირონიული ღიმილი, მაგრამ ერთად ყველაფერს აღიქვამდა, ყველაფერს იკრებდა მხედველობის მთრთოლვარე ფოკუსში, იკრებდა აფიქსირებდა და მეხსიერებას გადასცემდა. მეხსიერებაც არ აღიქვამდა კაცს დანაწევრებულად. კაცი დროში არსებობდა. კაცი სარკმლიდან ჩანდა ხოლმე, მოპირდაპირე სახლის ხარაჩოებზე დაძვრებოდა, ადგილს ინაცვლებდა, მოძრაობდა. ხარაჩოდან ხარაჩომდე ეზიდებოდა კარკასება, ფიცრებს, ცემენტით დატენილ პარკებს და სხვა ათას რაღაცას. მთავარი ის იყო, რომ გაქვავებული, გაყინული, უძრავი დროის ჩარჩოში მოძრავი ნაწილაკი გაჩნდა. და ეს ნაწილაკი იყო კაცი, რომელიც ახლა მის გვერდით მიაბიჯებდა. დრო საკვირველია, დროს არ გააჩნია კანონები, რომლის მიხედვითაც სიკეთეს ან ბოროტებას მოგიზღავს. დრო დაპატარავებულია და მოქცეულია საგნებში, ადამიანებში, პატარ-პატარა მოზომილ ნივთებში. ქალს ბებიამისის გაძვალტყავებული ხელები ახსენდებოდა. ამ ხელებით ან სკამს გადადგამდა ბებია ოთახში, ან ძირს დავარდნილ ქაფქირს აიღებდა და ჩამოჰკიდებდა სამზარეულოს კედელზე. უფრო ხშირად და თითქმის ყოველთვის კი ფანჯრის რაფას დააბჯენდა და ჰაერში მტვრის ასხლეტილ ნაწილაკებს ინიავებდა უღვთოდ დაძენძილი მარაოთი, თან სუსტი ხმით გაიძახოდა: „სალომეე! სალომეე! სალომეე! სალომეე“! თითქოს ვინმეს კი არ ეძახდა, აკვიატებულ სიტყვას იმეორებდა მანამდე, ვიდრე ქალი არ მოჰკრავდა თვითონ ყურს მის გაბმულ ბუტბუტს. ფერგაცლილი და გაძვალტყავებული ხელების გახსენებისთანავე საკვირველმა აზრმა გაკენწლა, რა მრავალგვარია ყველაფერი მის ირგვლივ, მრავალგვარი, მრავალსახოვანი და მრავალფეროვანი. „ბებიას ხელები და ამ კაცის ხელები“, და ამის გაფიქრებისთანავე მიხვდა, რამდენად უცხო იყო ეს კაცი მისთვის. უკვე შუა გზაზე იდგნენ, კაცმა კიდევ რაღაც ჰკითხა და ქალსაც არ დაუხანებია პასუხი. ყურთან კოღო წუოდა, ჰაერში ნაკელის და ხევში დამდგარი წყლის სუნი იდგა. ქალს რაღაც ისტერიული უარყოფის თუ გაურკვეველი ვითარებიდან თავდაღწევის მძაფრი სურვილი შეუჯდა და, მოსვენება რომ დაკარგა, ნახევარგზაზე სიტყვის წარმოთქმასაც არ დაერიდა:

– წავიდეთ. დავბრუნდეთ, შინ უნდა ვიყო!

– ადრეა ჯერ.

– არ არის ადრე.

„არ არის ადრე,“ ისე იყო ნათქვამი, რომ ასეთი კატეგორიული განცხადების შემდეგ კაცის ნების დაყოლას აზრი არ ჰქონდა. უნდა მობრუნებულიყო და ზურგი ექცია ამ ტლუ მამაკაცისთვის, მით უმეტეს, რომ უკვე იმ ონავარი ბავშვის დღეში იყო, განსაცდელში რომ ჩავარდება თავისი ანცობის და წამხედურობის გამო და სახლის კედლებს მოინატრებს. უსაშველოდ შორს ეჩვენა აქედან სახლი, სახლი კი სულ რაღაც ასიოდე მეტრის მანძილზე იყო. უკან მიბრუნება გადაწყვიტა, თმა ზურგზე გადაიყარა და ეს ნერვული ჟესტი უკვე მტკიცედ და გარდუვალად მიღებული გადაწყვეტილების მაუწყებელი ფაქტი იყო, ფაქტი უტყუარი და წრფელი ნიშანი, ანდა უსუსურება, რომელიც ცდილობს გარეშე თვალი თავის სიძლიერეში დაარწმუნოს და ამით კიდევ უფრო უსუსური და უმწეო ხდება, ისე უფერულად ართმევს თავს დაკისრებულ როლს, ოდნავ მობრუნდა, მაგრამ ნაბიჯიც კი ვერ წადგა, კაცის მოკაუჭებული მტევანი მკლავზე ეხვია, ხელი მხურვალე იყო, გვალვასავით მშრალი და უხეში. რა უნდა ექნა? ჭოჭმანმა ერთ წუთსაც კი არ გასტანა და კიდევ ერთხელ მიებჯინა ყელში სინდისის ქენჯნის მბურძგლავი, გამანადგურებელი გრძნობა, რადგან ტვინის იმ მიყრუებული უჯრედითვე მიხვდა, რომ თვითონვე უბიძგებდა კაცს ამგვარი საქციელისკენ, კაცი აღმასრულებელი იყო დადგენილი მოქმედებისა, მოქმედებას კი ქალში ამოძრავებული ინსტინქტი წარმართავდა, მაგრამ შვებაც იგრძნო, რადგან უკვე ყოყმანის თუ პირობითობის საფეხური გაიარეს და აღარ იყო საჭირო მოჩვენებითი რიდი, სიჩუმე, მოძრაობა, ლაპარაკი. წყაროს მიადგნენ. აფუებული, შავი მიწიდან წყალი  ჟონავდა მიწის ნაღვარევში, იძარღვებოდა და თას წვრილ-წვრილ ნაკადად ედინებოდა. არ შეჩერებულან, მაგრამ აქაც წაავლო კაცმა ხელი მკლავში და ძლიერად მიიზიდა, მხურვალე მტევანი ჰქონდა, დიდი, გამომშრალი და მხურვალე. ქალს ეცნაურა და დასხლტომა სცადა, წათამამდა და გაბრაზდა კიდეც, უფრო მეტი თამაშის ჟინი, თავისუფლება და ბრაზი მოაწვა მის დამფრთხალ არსებას, მკლავო გამოგლიჯა და დაუფიქრებლად მოწყდა ადგილიდან. პირველი ნაბიჯები რომ გაირბინა, თვითონვე გაუკვირდა, ზურგს უკან კაცის განცვიფრებული მზერა იგრძნო და უფრო სწრაფად გაიქცა. ამ უეცარმა გადაწყვეტილებამ სირცხვილიც გააათკეცა და შიშიც. გარბოდა და ტერფებით ნოტიო მიწაის სირბილეს გრძნობდა, თვალის კუთხეში კი ქალაქის გაქვავებული პანორამა ედგა, სადაც ბინდის თხელი, მთრთოლავი გარსი ეკვროდა მბჟუტავ ელნათურებს. „ტკენნნ! ტკენნნ! ტკენნნ!“ – ისმოდა გრდემლის ცემა ქალაქიდან, პულსირებდა ქალაქი და მისი რხევა და დუნე ვიბრირება უსიცოცხლო და უნაპირო ჰაერში იყო არეკლილი. მერე მწვანე მესერი ამოიზიდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ხიფათს თავდაღწეული, სამშვიდობო მიჯნას მისდგომოდა. ელდანაცემი გარბოდა და მხურვალებისგან ატკრეცილ სახეში უსიცოცხლო ჰაერიდან გამოწოვილი სუსტი სიო სცემდა. ღობეს იყო გაცდენილი, ხიმინჯის ნატეხს რომ წაჰკრა ფეხი და წაიქცა. ცაში გასხლეტილი, ქვით მოკლული ფრინველივით დაენარცხა, რბილი ქვედატანი დაჰკრა მიწას. ტკივილის შეგრძნება იმდენად მწარე იყო, რომ რომელიღაცა ნერვმა უსწრაფესი აზრივით გაურბინა დაბუჟებულ სხეულში, „ღირსი ხარ, რას გარბიხარ, ყოფილიყავი, თფუ, საზიზღრობაა!“ ცოტა ხანს გახევებული იჯდა და გაფაციცებით უსმენდა: საღამოს დაგუბებული ჰაერი სუსტი ბგერებით ივსებოდა, ეს ბგერები მწერებივით წუოდნენ და მერე სადღაც მიყრუებულ, გამოფუღუროებულ სივრცეში იკარგებოდნენ. ყურთან კოღომ გაიწუილა. ტელეგრაფის ბოძი უძრავად იდგა და ქარის დაბერვაზე მავთულები ჟღრიალებდნენ. ყველაფერი თავ-თავის ადგილას იყო. გარესამყაროს ოდნავადაც კი არ უცვლია ნირი, ძარღვიც კი არ შესტოკებია, ნელ-ნელა წამოდგა, წელატრევით, დაღლილი და გამწარებული სახლისაკენ მიეზიდებოდა ტანს. მთელ სხეულში ყრუ ტკივილი და ღვარძლიანი ბრაზი ედგა. რაღაც დიდი, გაუქარველებელი უაზრობის და უსასოობის გრძნობა ითრევდა თანდათან. სამშვიდობოზე გაღწევაც კი არ უხაროდა, დაუდევრად, მოწყვეტით შეაღო ჭიშკარი, უხალისოდ აჭრა კიბე, ერთ ფეხს ზემოთა საფეხურზე ადგამდა, მეორე კი ქვედაზე ეყინებოდა. ოთახის კარიც შეხსნა და ძველი, მიმყუდროებული და ჩამკვდარი ატმოსფერო ეცა თვალში; ოთახს უკვე სქელი და მდორე ბინდი მოსწოლოდა, თითქმის ბნელოდა კიდეც. ფანჯრის მინებზე შემოდგომის ძალაგამოცლილი ბუზები დაბზუოდნენ. ბებია ფანჯარასთან იჯდა, გაძვალებული ხელები კალთაში ეწყო და შორს ერთ წერტილს მიციებოდა. ფარდის შერხევასთან ერთად მოხუცის შავი ჩრდილი იატაკზე ცახცახებდა და დროდადრო ქრებოდა კიდეც. კარი გამოიჯახუნა და კვლავ გარეთ გავიდა. სავსებით გაურკვეველმა გრძნობამ გამსჭვალა. კიბიდან ქალაქის მცირე ნაწილი ჩანდა ზუზუნით და ფორიაქით სავსე, იმის იქით კი რა იყო, ღმერთმა უწყის.

 

 

1 2 3 4 5