***
რკინიგზის სადგურში ვართ. მატარებელი სადაცაა ჩამოდგება ქობულეთის ბაქანზე, ბავშვებს უხარიათ, რომ კუპეში მარტო ჩვენ ვიქნებით და ზედა საწოლებს დაიკავებენ. მე ვერაფერს ვგრძნობ, მხოლოდ საიდანღაც შორეული ხმა ყრუდ ჩამჩურჩულებს, რომ ამ დღე-ღამის მოულოდნელ მორევს გავაღწევ და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდები. ბაქანზე ძალიან ცოტა ხალხია, ვიღაც დაბნეული ქალი მიახლოვდება და მეკითხება, თუ რამდენხანს გაჩერდება მატარებელი, სად იქნება ესა და ეს ვაგონი.
რაც იყო, წავიდა და აღარ დაბრუნდება. მე ისევ იმას ვგრძნობ, რასაც აქამდე ვგრძნობდი, სხვა ქალაქში ჩამოვედი, ჩამოვედი სხვა ადამიანებთან ერთად და სხვა ვარ უკვე თვითონ მეც.
ეს ქალაქი უკვე სხვა რიტმით ცხოვრობს, უცხო ხალხი ირევა და უცხო ელფერი ადევს. მეც გავუცხოვდი საკუთარი თავისგან და თუმცა ვცდილობ წარსულთან შეხმიანებას, ვატყობ, რომ სულ ოდნავღა ვახერხებ ამას.
ამ ქალაქში ძველებური მხოლოდ პალმებია და მე უკვე ვეთხოვები ამ პალმებს, რომლებიც სიბნელეში აღარ ჩანან, მატარებელი მიდის ნელა, ნელა მიირწევა, წყვდიადია, აქა-იქ გაკვესილი თუ გაელვებული სინათლე სიბნელეს ნაუცბათევ სურათებს სტაცებს: ცეცხლთან მარტოხელა მუშა ტრიალებს, ალბათ შედუღებას თუ მორჩა, დღიური სამუშაო თუ გაასრულა და საამქროსკენ ეზიდება მთელი დღის ნაჯახირევ იარაღებს. სხვაგან დაფხავებული სახლის ცარიელი ერდო გაიფრიალებს, სადაც უკვე დიდი ხანია ფეხი არავის დაუდგამს და კიბეს ხავსი მოსდებია. ქალაქის განაპირას შემთხვევით გზადშეყრილ მოხეტიალეთაგან ერთი, სანთებელას უმარჯვებს მეორეს, ამ უკანასკნელის სახე ნახევრად ბრუნდება მატარებლისაკენ, თითქოს სცენა ტრიალებსო და მერე თანდათან წყვდიადის კვალდაკვალ ქრება.
ქალაქის განაპირა ხედი კიდევ ერთხელ გაიელვებს კვიპაროსების სილუეტების ფონზე და მერე ყველაფერი ქრება, წყვდიადი ნთქავს ყველაფერს. მე მეჩვენება, რომ მატარებელი გვირაბში შევიდა, მაგრამ ქვეშეცნეულად იმასაც ვგრძნობ, რომ ეს მხოლოდ მოჩვენებაა და თალხისფრად ამოგმანულ ფანჯარას ვაბჯენ მზერას. უკვე სინათლის მისხალიც არ ჭიატობს არსაიდან და მიკვირს, რამ ჩამოაბნელა ქვეყნიერება, მიკვირს და მსიამოვნებს, რომ ჩვენ განათებულ კუპეში ვსხედვართ და ჩაბნელებული მინდვრების გასწვრივ მივქრივართ.
უკან რჩება ქობულეთი და არა მარტო ქობულეთი, არამედ ის, რაც უკვე იყო; რჩება ბათუმის შორეული პორტი და ღამეებში ზღვაში არეკლილი თეთრად განათებული გემი. ამ ქალაქში ძველებური მხოლოდ პალმებია და სხვა დანარჩენი ახალია ყველაფერი. და რიკულები, რიკულებია კიდევ ძველი; განიერ, მასიურ კიბეთა რიკულები. ეს რიკულები მიღვიძებს გარდასულის, სამუდამოდ დაკარგულის და გაუჩინარებულის მბჟუტავ ხსოვნას, ბავშვობას ვეღარ შეეხები, შინ ვერ დაბრუნდები, რადგან ეს „შინ“ აღარსად აღარ არის უკვე.
მატარებელი წყვდიადში მიირწევა, ზოგჯერ მკვეთრად ამუხრუჭებს და ასევე მკვეთრად, ნაუცბათევად იძვრის ადგილიდან. ბავშვებს ზედა საწოლებზე სძინავთ და მთელი სხეულით ირწევიან. ისინი მთლიანად არიან მინდობილნი მატარებლის შემპარავ სვლას. ნანასაც სძინავს და სახეზე დაღლილობა ეტყობა. ისევ იძვრის მატარებელი და ცოტა ხნის შემდეგ საგრძნობლად უმატებს სისწრაფეს. ჩანთაში ვისკის ნახევრამდე სავსე ბოთლი მაქვს, ვიღებ და ზუსტად ამ მომენტში ჩემში ასოციაციების გრძელი ჯაჭვი შეირხევა. ვხედავ, რომ მატარებლის ფანჯარაში ვირეკლები და თან წამიერად მახსენდება გაურკვეველ ადგილას შექმნილი მსგავსი ვითარება. სითხე სიამოვნებით მეღვრება სხეულში და ასოციაციაც ქრება.
დაძინებამდე დროს ვიხანგრძლივებ. დილით უკვე თბილისში უნდა ვიყოთ. ფანჯარაში ისევ სრული წყვდიადია, თუმცა იმ ძველ ქალაქს ვერ მივაგენი, მაინც ვიცი, სად ვიყავი და საიდან მოვდივარ, მაგრამ ახლა სად ვარ და საით მივდივარ, ამის გაგება მიჭირს, რადგან ფანჯრიდან მხოლოდ რამდენიმე განათებული წერტილი მოჩანს. არადა, მატარებელი მაინც მიდის, მიდის, მიირწევა …
