მატარებელი წყვდიადში მიირწევა

 

ეს იყო ზღვა, ზღვის ლურჯი ჰორიზონტი.

ჩვენ გაღვიძებისთანავე ვაღებდით ნაქირავები პატარა ოთახის კარს და ამ ოდნავ შემაღლებული ღიობიდან მოჩანდა კოლბაში ჩასხმული ლურჯი სითხე, თუმცა ეს ვირტუალურ რეალობას ნაკლებად ჰგავდა, რადგან აქ მოწმენდილი ცის სიღრმეც გვხვდებოდა თვალში, ცა კი ციმციმებდა და თანდათან უძრავი სურათის შთაბეჭდილებას მოძრავი სინამდვილის შთაბეჭდილება ენაცვლებოდა.

ეს იყო ზღვა თავის პირველქმნილი მშვენიერებით, სიმკაცრით და სიდიადით, მოქცეული ჩვენი პატარა კარის ჩარჩოში. ეს პატარა ზღვისპირა ოთახი კი სასჯელიც იყო და საჩუქარიც, რომელიც დროის მცირე მონაკვეთში გვარგუნა ბედმა. აგვისტოს ბოლო იყო და ჰაერში უკვე დაცურავდა დამდნარი ოქრო.

ბავშვები მარიამი და ანუკი ხალისით იღვიძებდნენ და, რაღა თქმა უნდა, ზღვა ეკერათ პირზე, რადგან ეს იყო ზღვა, ეს იყო ახალი რეალობა, რომელშიც ჩვენ მოვხვდით და რომელიც რას გვპირდებოდა, ჯერ არავინ იცოდა. ნანა, როგორც ყოველთვის, ბუზღუნით იღვიძებდა და ხან რას იტკიებდა და ხან რას. არის რაღაც მართალი ადამიანის ახალ გარემოში გადანაცვლებისთანავე წარმოთქმულ საყვედურებში, ის თითქოს მთელ თავის განვლილ ცხოვრებას უჩივის და საამისო საბაბიც გააჩნია. მაგრამ ეს არ არის წუხილი, ეს არის ცხოვრებასთან შეგუების კიდევ ერთი ცდა, გაუცნობიერებლად გადადგმული კიდევ ერთი გულწრფელი ნაბიჯი, რომელიც ფარული ხალისიანობის სამზადისია.

– ამ საწოლმა გვერდები გამომითქვიფა. ბეჭები ჩემი აღარ არის – ამბობს ნანა და წვალებით წამოიწევს საწოლიდან. ზამბარებიანი საწოლი ზრიალებს და ამ ზრიალს რაღაც უსიამოვნო შეგრძნება ახლავს. არადა, ეს საწოლები ბავშვობის აგარაკს მახსენებს და, როგორც ყოველთვის, ნაღველი მერევა.

ჩამოვედით თუ არა, ღრუბლიანი ამინდი დაგვხვდა. ქარი აშრიალებდა ეზოში მდგარ უზარმაზარფოთლებიან სუბტროპიკულ ხე-მცენარეებს, რომელთაც ნელა ეფინებოდა წვრილი წვიმა. გაღვიძებისთანავე ფართქუნი ჩამესმოდა და მოგვიანებით ვხვდებოდი, რომ ამ უცნაურ ჩქამს ფრთებივით აფრიალებულ მწვანე ფოთლებზე დაცემული წვიმა გამოსცემდა. მესამე დღეს გამოიდარა.

მე, როგორც ყოველთვის, ახლაც ადრე გამეღვიძა და ზღვაზე გამავალი პატარა ოთახის კარი გამოვაღე. და გამოჩნდა კიდევ ერთხელ ეს საოცრება – აქვარიუმი-ზღვა. პირველი შეგრძნება მართლაც არარეალობის მოკარნახეა, ალბათ იმიტომ, რომ წარმოუდგენელია სახლის კარი გამოაღო და თვალწინ ქვიშრობის ნაწიბური, ზღვის ლურჯი ზოლი და ცის სიღრმე შემოგეფეთოს. მერე კი თანდათან ეგუები ყოველივე ამას.

ოთახიდან კიბე ეშვება ეზოს ვიწრო ჭიშკრისაკენ. ჭიშკრის გარეთ კი ქვაფენილია, სადაც შორტებში გამოწყობილი დამსვენებლები დააბიჯებენ. მათ შორის არიან წყვილები, ღიპიანი კაცები და სქელი ქალები, აქვე არიან წყვილები ბავშვებთან ერთად. ბავშვები მორჩილად მისდევენ მშობლებს და ხელში გასაბერი ლეიბები და ბალიშები უჭირავთ. ყველას კმაყოფილი სახე აქვს. დილის ზღვას ეშურებიან და მერე ბრუნდებიან ზღვიდან. და ასეა ყოველდღე, სანამ არ დადგება დრო მათი აქედან გამგზავრებისა. ქრება უკვე ნაცნობი და ჩნდება უცნობი სახეები. თუმცა აგვისტოს ბოლოს უკვე იმდენი ხალხი იყრის თავს, რომ ყველაფერი ერთმანეთში ირევა.

ხუთლარიანი ჭილობი ვიყიდეთ, აქვე, ქობულეთის ბაზრობაზე და პლიაჟზე ვწევართ. ზღვა დღეს წყნარია, ოდნავ სცემს ნაპირს ტალღა. მარიამი ცხრა წლის არის, ანუკი-ექვსის. მარიამი თამამად შედის ზღვაში, ანუკი ფრთხილად მიჰყვება ფეხდაფეხ. და ეს არის ზღვა, კამერტონი ჩვენი ყოფიერების. “წლეულს ზღვაზე ვიყავი”, “აგვისტოში ქობულეთში ვისვენებდი” – უკვე თბილისში ჩასულები ზანტად აუწყებენ ნაცნობებს. ნაცნობები კი ირევიან და ილეწებიან და განურჩეველნი ხდებიან. მათ არ ახსოვთ ზღვა, რადგან ზღვაზე დიდი ხნის წინ იყვნენ, ან არ უნდათ ზღვა, რადგან მათი ცხოვრება სხვა მიმართულებით წარიმართა.

მე მეშინია ზღვის, მე ქვეცნობიერად მიზიდავს და განმიზიდავს კიდეც ზღვა. თითქოს ცხოვრებას, ამ ჩემთვის მუდამ გაუგებარ სტიქიას რაღაც ახალი და ასევე გაუგებარი სტიქია ერწყმის. საიდან იღებს დასაბამს ეს გრძნობა, ძნელი სათქმელია. მახსენდება შორეული ბავშვობის ფრაგმენტები, სწორედ ქობულეთში გადაღებული ფოტოსურათი. აქ მე ჩვეულებრივ, მყუდრო და შემოკავებულ ქობულეთურ ეზოში ვდგავარ ჩემიანებთან ერთად, ყველგან შუქ-ჩრდილებია დაფენილი, მე თვითონ მზის ნაფლეთში ვარ გამოხვეული და გაღიმებული ვიყურები. მე, რა თქმა უნდა, ეს წუთი არ მახსოვს, და რომ არა ფოტო, წამიერების ეს ფრაგმენტიც გაქრებოდა ჩემი ცხოვრებიდან, როგორც არაერთი რამ გამქრალა.

წარსული აღარ არსებობს. მე თითქოს სხვა ქალაქში ჩამოვედი, ჩამოვედი მართლაც სხვა ადამიანებთან ერთად და საინტერესოა ის, რომ სხვა ვარ თვითონ მეც. ამ ქალაქში ძველებური მხოლოდ პალმებია. ახალია უკლებლივ ყველაფერი. მე ეს ქალაქი მთელ ჩემს წარსულთან ერთად დამავიწყდა, როგორც ამბავი, რომელიც ერთხანს მირაჟივით ანთია მახსოვრობაში, მერე კი წვრილმან დეტალებთან ერთად ქრება. ეს ამნეზია თითქოს ფარულ სიხარულსაც მანიჭებს. თითქოს რაღაც უნდა დაიწყოს თავიდან, მაგრამ ამჯერად ჩემთვის არაფერი არ იწყება და არც დაიწყება. უკვე ყველაფერი იყო.

ზღვა. ტალღებს დილიდანვე სერავენ წყლის მოტოციკლეტები, ოთხივე მხარეს ეშურებიან კატერები, რომელიღაც კატერზე გამობმული პარაშუტით ადამიანი ლაჟვარდებს გადაკვეთს. ერთი ასეთი გაფრენა ორმოცდაათი ლარი ღირს. რაღაცნაირი ლურჯი დღე არის, თითქოს ამჩატებულია და გახალისებული. მე, ნანა და ბავშვები კიდევ ერთხელ ვახელთ თვალს ახალ რეალობაში, მე კიდევ ერთხელ ვხსნი ჩვენი ცისფერი ოთახის კარს, საიდანაც ფერხთით ლურჯი ზღვა მოჩანს. საოცარი ის არის, რომ წევხარ შენი ოთახის საწოლზე და ხედავ ზღვას. ეს თითქმის დაუჯერებელია.

მე კიბით ჩავდივარ სუბტროპიკული ხეებით და მაგიდებით გაწყობილ ეზოში. ქალებს ვედროებით ახლადდაჭერილი კეფალი მოაქვთ გასაყიდად. ნანა ყიდულობს კეფალს და სამზარეულოში დიდ ტაფაზე წვავს. ეზოში დასასვენებლად ჩამოსული სომხის ბავშვები ირევიან – ქრისტინა, ედუკი და ჯანო. ჰამაკში ჯანოს მამა ზის, ფეხები შლოპანცებში აქვს წაყოფილი და შვილს ეძახის: “ჯანოო….. ჯანოო, არ-ესტეხ” სომხები დილიდან შუადღემდე ზღვაზე არიან, მერე სადღაც იკარგებიან, საღამოთი ისევ ზღვაზე გამოდიან, დაღამებულზე ეზოში მწვადებს წვავენ და ზედ არაყს აყოლებენ – “ჯანოო, ჯანოო, ჯანოო” – ჩამესმის ეს ხმა და ბავშვებთან ერთად ზღვისკენ მივდივარ.

მარიამი წყალში დგას და ტალღის მოვარდნას ელოდება. ტალღა იგვიანებს, მაგრამ ნელ-ნელა წამოიბურცება და მოდის, თითქოს ნაპირს ეპარებაო, მერე თავს ამოყოფს და სკდება, ეხეთქება ადამიანებს, ეხეთქება მარიამს და აბარბაცებს, მარიამს წურწურით დასდის წყალი და ხარხარებს, თავის სტიქიაშია და ახალი ტალღის მოვარდნას ელოდება, ანუკი უფრო ახლოს დგას ნაპირთან და ტალღა რომ წამოვა, გულისფანცქალით გამორბის ნაპირისაკენ. იცინის.

მე არაფერს არ მოველი ზღვისგან და ცოტა არ იყოს მიკვირს, რომ ისინი ამდენ სიახლეს იღებენ. მე არ მტოვებს იმის განცდა, რომ ყოველივე ეს უკვე იყო და იყო მრავალგზის. არადა, ისიც ვიცი, რომ ამაზე ფიქრი სრულიადაც არ არის აუცილებელი. უნდა მიიღო ის, რაც არის და უნდა მიიღო ხელახლა, ვინაიდან ეს სიცოცხლეა და მხოლოდ აწმყოში არსებობს. მე კი არ მტოვებს იმის განცდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყოველივე ეს უკვე იყო და ამიტომაც დაკარგა ცხოველი ინტერესი. ერთადერთი სიახლე ის არის, რომ ბავშვებთან ერთად აქ პირველად ვარ და მათ არ იციან, რა არის ზღვა.

 

1 2 3 4 5