– რა სუნზე?

– უცხო სუნიო…

– ჰოო. ალბათ. – ამბობდა უეცრად შეშფოთებული მარიკუნა, სწრაფი ნაბიჯით გადიოდა სამზარეულოდან და საპირფარეშოში შეკეტილი სერგის ურეკავდა.

– ცუდად ვარ, სერგი… სულ ტირილი მინდება… თვალები ვერ შემიღებავს წესიერად…

– ფერი ფერსაო, მარგოუ! – თავის ნამდვილ, აშკარად ქალის ხმაზე იწყებდა სერგი ქადაგებას ყურმილში. – მეც არანორმალურ დღეში ვარ… ტელეფონში ვერაფერს გეტყვი, ვაი და ვინმე შემთხვევით იყოს ჩართული, მერე სად გადავიკარგოთ…

– ეგეთი რა მოხდა, სერგი?..

– ყველაფერს ფარდას ავხდი სულ მალე, მარგო! ჩემი ტრაგიკომიკური ცხოვრების ახალ აქტს ვიწყებ… სხვა გზა აღარ არსებობს! დიდი ფული უნდა ვიშოვო! ძალიან დიდი!

– დიდი თუ ბევრი?

– ორივენიცა… და სქესი უნდა შევიცვალო! მე ეს უკვე მკაცრად გადავწყვიტე!

– კარგით რა, სერგი… ნუ მაშინებთ… რეებს ამბობთ? მერე მე რა ვქნა უთქვენოდ? როგორ ვიცხოვრო?

– თუ ჩემკენა ხარ, შენც უნდა მომბაძო, მარგოუ!..

– ვაიმე!.. ეგ როგორ? ეგრე ხომ არ შეიძლება?

– სად წაიკითხე? სად წერია? არ შეიძლება – არ გამაგონო!

– ვაიმეე!

– ვცადოთ ჩვენც! ისე კი, უღვთოდ მთვრალი ვარ, მარგოუ! ვისკი, რომი, ვოდკა, შამპანიური, ტეკილა… მოკლედ, მთელი მენდელეევი და ლომონოსოვი აქ მყვანან, სისხლში!.. ძველ შიშებს და კომპლექსებს ვამარცხებ. და რატომ არ გამოხვალ ჩემკენ ვიზიტად ეხლავე, მარგოუ?..

– ვერა, სერჟ… სახლში ნამდვილი ჯოჯოხეთი მაქვს… არანორმალური ქმარიც ჩამიწვა ჯანდაბით… რაღაც დაემართა და არ ამბობს…

– ო, ღმერთო ჩემო!.. მე კიდევ, სულ ახალი ვიდეო რომ მაქვს ჩვენთვის ბექ-გრაუნდად, იცი?

– სერგი… სხვა დროს! მეტს ვეღარ დაგელაპარაკებით… ისე კი, მართლა ძალიან მინდიხართ!

***

დიდი ცემა-ტყეპის შემდეგ საკუთარ ბინაშივე მოსულიერებულ ცეკვის მაესტრო სერგის პირველი, რაც თვალში ეცა, საოცრად მიმონგრეული სასტუმრო ოთახი იყო: ირგვლივ სხვადასხვა ზომისა და წონის ნივთები ეყარა, ტელევიზორი უაზროდ შიშინებდა (კასეტა დამთავრებულიყო), ხოლო იატაკი შუშის ნასხვრევებით იყო მოფენილი. აყირავებული მაგიდა, მილეწილი სკამები, ვიტრინაჩამსხვრეული სერვანტი, კედლებზე კუთხით ჩამოკონწიალებული ნახატებიც მაშინვე შეამჩნია სერგიმ და თვალები დახუჭა. ძალიან კი უნდოდა სერგის, მომხდარი უცებ აღედგინა მეხსიერებაში, მაგრამ ყველაფერი მაინც ძალიან ფრაგმენტულად, ლამის კადრებად უსხლტოდა გონებაში და ისედაც ატკივებულ თავს კიდევ უფრო ატკივებდა.

მერე და მერე, შემდეგ დღეებში, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, მეტად უცნაური რამ დასჩემდა სერგის – იმის მაგივრად, რომ თანმიმდევრულად აღედგინა იმ საღამოს ამბები და ყველაფერი გახსენებოდა, ამის საპირისპიროდ, მეხსიერებას შემორჩენილი ის დეტალებიც ნელ-ნელა ავიწყდებოდა. არადა, ყველაფერი უბრალოდ ტვინის მძიმე შერყევის ბრალი იყო, რომელიც სერგის იმ საღამოს უმოწყალო ცემისგან დაემართა და ეს მან უბრალოდ არ იცოდა.

– ვაიმე, სერჟ, რა მოხდა! – ელდა ეცა ამ შემთხვევიდან სამი დღის თავზე მასთან სტუმრად მისულ მარიკას.

სერგის დალილავებული სახე უკვე მომწვანო-მოყვითალოდ შეფერვოდა, მაგრამ მაინც ისევ ამაზრზენად გამოიყურებოდა. სერგიმ ძველებურად, ფართოდ გაღიმება სცადა, მაგრამ სახის კუნთების მიმიკის  მკვეთრ ცვლას მისთვის ტკივილის მეტი არაფერი მოჰქონდა და სერგიც უცნაურად დაიმანჭა.

– აშკარად ცუდ დროს მოვედი… – ჩაილაპარაკა მარიკამ და ზღურბლზე შეყოვნდა, თუმცა სერგიმ ხელი მოჰკიდა და საყვარელი ლამის ძალით შეიყვანა ბინაში.

– ოუ, მარგოუ… – სერგი შეეცადა, პირი რაც შეიძლება ცოტათი გაეღო და ისე ელაპარაკა თავის ნამდვილ ხმაზე. – შენ ვერ წარმოიდგენ, რა დონის თრილერში გავყავ ფეისი მე დამთხვეულმა…

– რა სასაცილოდ ლაპარაკობთ, სერჟ… მე კიდევ გრიმი მეგონა…

სერგიმ მარიკას ლაბადა ჩამოართვა, საკიდზე ჩამოკიდა და სტუმარს უკვე მოწესრიგებულ სასტუმრო ოთახში შეუძღვა. მარიკა სავარძელში მოკალათდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ველური ინტერესით აათვალიერა სერგი.

სერგის სახე მართლაც საშინლად ჰქონდა დაჩეჩქვილი და მარიკაც უხერხულად შეიშმუშნა – მთლად განზეც რომ არ გაეხედა, მზერა სერგის მარცხენა ყურზე შეაჩერა და გაყუჩდა.

იმ დღესაც, ტრადიციულად, სპარსულ ნოხზე იკოტრიალეს სერგიმ და მარიკამ.  თან ფონად ჩართულ რადიოსაც უგდებდნენ ყურს და ხმამაღლა ქშინავდნენ.

სწორედ აქ შეაპარა სერგიმ მარიკას თავისივე წარმოსახული და სახელდახელოდ გამოგონილი ისტორია:

– წარმოგიდგენია, მარგოუ… – ქვემოდან ასცქეროდა დალილავებული სერგი მასზე ამხედრებულ, სანახევროდ შიშველ მარიკას. – დავტეულიყავი ჩემს ამ სამოთახიან ყავლაშვილში, რომ ავიტეხე იმ მთვარიან ღამით გავლა წითელ სკვერში… მაგრამ ბედისწერა ხომ მუდამ გვქაჩავს და გვქაჩავს განსაცდელისკენ?.. მეც საუკეთესო გაკვეთილი მივეცი იმ არამზადებს…

– კი მაგრამ, სახე?

– განა კედელს ბრინჯი ვაპნიე მე კარატეზე სიარულით სტუდენტობისას? – მიიდო სერგიმ გულზე ხელი – აზზე, ხარ, მარგოუ?.. იმ ტუტუციშვილებმა – ეგ ქურქი მოგვე და პორტმანიც სავსე გექნებაო.

– რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სერჟ… საშინელებაა… თქვენნაირი პროფესიონალი აქედან ძალიან შორს უნდა იყოს!

1 2 3 4 5 6 7