– ცირკთან!.. ან იმის იქით! – მკაცრად და ხმამაღლა ისროლა მარიკუნამ. მერე ლოჯიიდან ჩემოდნიანად გავიდა, სახლიდანაც დაუმშვიდობებლად გავარდა და მთელი ძალით გაიჯახუნა კარი.

– რა ამბავია, კი მაგრამ, შვილი? – იკითხა ელენამ გამარჯვებულის იერით.

– იცის თვითონ კარგად… შორს სად წავა… – ჩაიქნია ერეკლემ ხელი და საწოლზე ჩამოჯდა. – გადაეთრევა იმ თავის დებილისსახიან იდასთან, გადადუღდება და გადმოვა…

– რა კარგად გაქვს ცხოვრება აწყობილი, შვილი… აქამდე გინდოდა მოსულიყავი, რომ არ დაგვიჯერე მაშინ? – ჩაეცინა ელენას და თავისი საძინებლისკენ წაჩოჩიალდა.

ერეკლემ იქვე მდგარ ტატოს თვალი თვალში გაუყარა.

– რაო? – შეეკითხა იქვე, თუმცა პასუხად ვერაფერი მიიღო.

– დაგერტყა ბარემ! – ჩაუკრა თვალი მოთენთილი ხმით ტატომ მამას.

– რა?

– თავური!  მე ეგრევე მასტს მოგცემდი… წყვილი ხელ-ფეხით უფრო მოვერეოდით… და საერთოდ, ეს უკუდო მაიმუნი ცოლად რა პონჩი მოიყვანე, მა?

– რაო-რაო? – ანთებას აპირებდა ერეკლე, მაგრამ ძალა ეყო და უცებვე დაამუხრუჭა.

– რაც გაიგე! რა იყო?.. არავინ გაძლევდა და ბრაკი შემოგტენეს? – უფრო აუწია დუღილის ტემპერატურას ტატომ.

ერეკლემ ტატოს მზერა გაუყარა, რაღაც წამებით უყურა.

– უმწიკვლო მანდილოსანზე ხელის დარტყმა რომ არ შეიძლება, არ გასწავლეს მაგ შენ უმაღლესში? – გაეღიმა ერეკლეს ულვაშებში და და უცებ მთელი არსებით იგრძნო, რომ მარტო აღარასდროს იქნებოდა.

– უმწიკვლო ბებიაჩემი ელენაა! – ფეხზე მდგომ ტატოს ნახევრად ეძინა და სიზმარში ისევ თავისი ოცნების კუნძულზე იმყოფებოდა.

მის იავეკუაზე კვლავაც ხარობდა აუარება ბანანი, ქოქოსი, ანანასი, მანგო, კივი და ისევ პაპანაქება სიცხე იდგა. თუმცა ყველა იქაურს თუ არაიქაურს – ქალს, კაცს, მოხუცსა და ბავშვს – ფეხზე უკვე ჭუჭყიანი თეთრი ბოტასი ეცვა. იავეკუას ბორდოსფერ დროშაზე გამოსახული თეთრი ბოტასიც გვარიანად შელანძღულყო. იქ მოხვედრის ყველა მსურველს, კვლავაც აუცილებლად ბოტასი უნდა სცმოდა – მის გარეშე, იქაური კანონების თანახმად, კუნძულზე არავინ დაიშვებოდა, სამაგიეროდ მის სიქათქათეს აღარავინ აქცევდა ყურადღებას. სადღაც ფიჯისა და ტონგის მახლობლად მდებარე იავეკუაზე ხალხი ისევ  მცირე რაოდენობით სახლობდა: მეტწილად კვლავაც ტატოს ნაცნობები, თუმცა აქა-იქ კუნძულს შემოხიზნულ უცხო ლტოლვილთა ბანაკებიც ჩანდა. „ბიტლზების“, „ზეპელინების“, ბობ მარლისა და U2-ს სმენა მოდიდან გადავარდნილიყო – იქ უკვე ფონოგრამაზე მომღერალ, პირდაღებულ შაკირასა და ალა ბორისოვნა პუგაჩოვას ბუმი იდგა. ტატო უკვე არც გემის მფლობელი იყო და აღარც გემბანზე გაშლილ ჭრელ შეზლონგზე გახლდათ წამოწოლილი, თუმც გემბანის იატაკის მორჩილად რეცხვისას თმა-წვერს მაინც სამხრეთის ცხელი ქარი უწეწავდა. კუნძულზე მსუფევი ძველი სამაგალითო მშვიდობა მითად ქცეულიყო. კერლინგის დაწყების მოლოდინში სადღაც ხრიალებდა ყინულის არენა. ყველაფერს უკვე სხვა სურნელი ასდიოდა: ქალები ერთიანად გათახსირებულიყვნენ, ხოლო გალოთებული კაცები ხელაკანკალებულები ირწეოდნენ ადგილზე.

ერეკლემ სწრაფად გადაიცვა, სახეზე წყალი შეისხა და, გარეთ გასული, თავისი სტაფილოსფერი მანქანის დაქოქვას შეეცადა. მანქანამ სულთმობრძავივით დაიხრიალა და ავად დადუმდა.

– აკუმლატორი! – გამოაღრჭიალა კბილებიდან ერეკლემ, მანქანიდან გადმოვიდა,  მანქანას თავადვე მიაწვა და ნელ-ნელა წააგორა ვაკეზე.

„აკუმლატორები ჯდებიან, თუ სხდებიან?“… – გაეფიქრა უცებ ერეკლეს და გაგორებულ მანქანაში სწრაფად შეხტა.

***

საზარელი სისწრაფით მიაგელვებდა ზამთრის ღამის სუსხში ერეკლე ფაღავა თავის სტაფილოსფერ მანქანას და თავში სრული დომხალი ჰქონდა: თითქოს სხეულის ყოველი ორგანო, და არათუ ორგანო, ყოველი უჯრედი  გაურკვევლად უკიოდა და ეს კივილი აუტანელ ტკივილს გვრიდა.

„…ყველა გამირბის… რას მიშვები, ღმერთო?.. ბარემ წაიღე და მომაშორე ეს ხორცი და სულიც… გამაქციე ბოლომდე, ოღონდ ამიხსენი იქამდე, რა გვჭირს ან მე, ან ყველას ერთად?.. რა სასჯელია ეს?“ – კითხვები კოკისპირულად შხაპუნებდნენ ერეკლეს თავში.

ამ შინაგან აურზაურში, ერთადერთი, რასაც ზედმეტად მკაფიოდ გრძნობდა ერეკლე, გული იყო. ყველაფერი დანარჩენი, ვითომც ერთდროულად აჯანყებოდა და თავისას მიერეკებოდა. ის ხან ლამის ბოლომდე ეწურებოდა, ხანაც ერთბაშად უსივდებოდა და ყელში ებჯინებოდა. ცხადადვე გრძნობდა ერეკლე გაუცხოებულ ღვიძლს, ფილტვებს, კუჭს, ელენთას, ნაღველს, თირკმელებს, ამოუჭრელ ბრმა ნაწლავს, ყველა ძვალსა და კუნთს, ყურებს, ცხვირს, ნიკაპს, თვალებს, შუბლს, კეფას, ყელსა და კისერს, ენას, ხერხემალს, ერთისამად ატკიებულ კბილებს.

„…აჰა, ხომ ერთი ერთზე ვართ, ღმერთო?!.. ყველა გაიქცა!.. მამა წავიდა!.. დედა იქამდეც წასული იყო!.. ტატო იზრდება!.. მარიკუნაც გაიქცა… იდასთან არ გდია. სად ჯანდაბაშია?“

– მე არაფერი ვიცი, ერეკლე… რა მარიკუნა, რის მარიკუნა? მარიკუნა არ მინახავს თვეზე მეტია… ვინ გამაგებინა რო რამე!.. ვარსებობ თუ არა, ისიც აღარ ვიცი… ვისღა ვაინტერესებ ასეთი ვადაგასული… – ასე უთხრა ერეკლეს ღამის პერანგში მდგომმა  ნამძინარევმა იდამ. – მეორეც ერთი, ჩემთან ვერც დავატევდი, მე ძლივს ვეტევი!.. თან სახლში შიშველი სიარული მიყვარს…

– ვახ, ნუდისტიც ხარ, იდა?

– ნუდისტი არ ვიცი, რა მაიმუნობაა… მე კეთილშობილი პიროვნება ვარ… აგერ პატარა ბავშვი მინდა ვიშვილო… და საბუთებს ვაგროვებ… ავიყვან და გავზრდი ჩემ გემოზე… თან დახმარებას მომცემენ… ოღონდ გოგოს ვეძებ… ბიჭები არ შემიძლია… გოგო მომივლის სიბერეში! ესპრესოს და ამერიკანოს მომწოდებელი მეყოლება! ფულს ვაგროვებ თან… შემო რა, ერეკლე, ყავა დავლიოთ! თან ახალ ევრორემონტს განახებ…

– გასრიალდით, თქვენი ავანტყოფი დედაც!.. – მკვეთრად გატრიალდა ერეკლე და კიბეზე კისრისმტვრევით დაეშვა.

ადგილი, სადაც იმ ღამით სახეშეშლილი ერეკლე მანქანით იდას მერე მიქანდა, ძველი კინოსტუდიის მისადგომები იყო. ლამის ავტოპილოტზე ჩართული მანქანა თითქოს ძალით ექაჩებოდა იქითკენ. სამ-ოთხ კარგად ნაცნობ ტაქსის მანქანასთან ღამის პეპლები ირეოდნენ – სხვადასხვანაირები და დათხაპნილები, ასე ოცამდე: შარვლებში, მენჯებამდე კაბებში, პარიკიანები, მეჩხერთმიანები, ღიპიანები, უღიპოები, ხანში შესულები, შედარებით ახალგაზრდები, კბილიანები, უკბილოები. ყველანი სიგარეტს ახრჩოლებდნენ და ღამის კლიენტის მოლოდინში ყაყანებდნენ. მარიკუნა არც აქ ჩანდა.

– ლეილას მოვკლამ… გუშინ ისევ წაშტრიკინდა იმ ტრიპერიან „დაცუნთან“… – ისმოდა ქუჩის ქალების მხრიდან.

– ვაიმე, როგორი გაუპარსავი ხარ, აჩუჩი?.. ნუ, ეპილატორი გინდა აუცილებლად… ნუ ძაან იკბინები… ან მაზი…

1 2 3 4 5 6 7