– მოვა ეგ დროც… და შენ გგონია, ჩემს ირმის ტყავის  ქურქს ეგრე ადვილად დავთმობდი? რამდენიც მე ბავშვობაში ბემბიზე მიტირია… ლაჩარი არასდროს ვყოფილვარ, და არც დანა-ჩანგლის მეშინია!

– რამ გაგიყვანათ გარეთ, სერჟ… თან შუაღამით…

– რას წარმოვიდგენდი. ეგეთები, მეგონა, მხოლოდ კინოში ხდებოდა… არადა, მთელი ეს ცხოვრება კინო არაა? თან ორნი იყვნენ, ოხრები… ჯეჯგვები. რა კარცენოგენული თაობა მოდის მაინც, გადაირევი… რაღაც იყო მათში აშკარად დემონური… თან ბასრი დანაც ბზინავდა მაღალის ხელში.

– ვაიმე, ხომ არ დაგჭრეს თან, სერჟ… ნუ მაშინებთ!.. და პოლიცია?

– ხომ იცი, არ ვარ მე ეგ კაცი, მარგო… მეორეც ერთი, სულ სამაგალითოდ დასახიჩრებულები გავუშვი სირბილით სახლისკენ ორივე. პოლიცია მაინც შარია… ტელევიზია და სიუჟეტი რად მინდოდა… მე სულ სხვა მხრიდან მიცნობს საზოგადოება, და სკანდალისტიც არ ვარ, ბუზი სპილოდ ვაქციო… თუმცა მეც არანაკლებ ვიზარალე… რას ვგავარ, კი მხედავ…

– ჩემმა იდიოტმა შვილმაც თავი გაიტეხა! – გაახსენდა უცებ მარიკუნას. – ივერიასთან მოუცურდა ფეხი… თითქოს ქმარი არ მეყოფოდა…

– კაი, კაცო… – სერგი  უმალ მიხვდა, რომ მარიკუნამ არაფერი იცოდა სიმართლის შესახებ და ერთბაშად მოეშვა. – ნუ, რა გასკვირია… ივერიასთან ხომ თვით ჯალალ-ედ-დინი მოცურდა თავის დროზე…

– რა საშინლად მიეწყო ყველაფერი ერთმანეთს. ძალიან ცუდად ვარ, სერგი… სულ მეტირება… თან ეს ავსული დედამთილიც არ მეშვება…

სწორედ ამ დროს, ექსტაზში შესულ სერგის სახეზე წვეთი დაეცა, ისევ ზემოთა მეზობელი გაახსენდა და მაშინვე სხვანაირი რისხვით აენთო.

– ნუ, ეს კეთილმეზობლობა ხომ სულ მოისპო!..… რამდენჯერ უნდა გავაკეთებინო ევრორემონტი, პირდაპირ აღარ ვიცი… შიგ სანეპიდსადგურში არიან გასასინჯები!

– ეს მე ვარ, სერჟ… – მიუხვდა მარიკუნა სერგის აღშფოთების მიზეზს და სერგიც მაშინვე შეცბა.

– როგორ თუ შენ?..

– ეს ჩემი ცრემლი იყო, სერჟ. – თქვა ნიკაპის კანკალით მარიკუნამ და სერგის მომწვანო-მოყვითალოდ დალაქავებულ ლოყაზე ფრთხილად აკოცა.

***

საწოლში წოლის ოთხი თვის თავზე ერეკლემ ჭერიდან მზერა ჩამოიღო, თვალები მოიფშვნიტა და იქვე მჯდომი მარიკუნასკენ შლეგი მზერით გაიხედა.

– რას მერჩი, მარიკუნა?

– კიდევ მე გერჩი, იკა?! – აიმრიზა მარიკუნა.

– რას დამბუტბუტებ ყოველდღე თავზე?

– არაფერსაც არ დაგბუტბუტებ… – ჩაქინდრა თავი მარიკუნამ. – მე უბრალოდ მინდა დაგეხმარო და მორჩა!

– აჰ, რამე ჯადოსაც ხომ არ მიკეთებ თან, მარო? – ცივად გაეღიმა ერეკლეს.

მარიკუნამ არ უპასუხა. კაი ხანს თავჩაქინდრული იჯდა, თუმცა ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და თავი ასწია.

– მე მარო კი არა, მარიკუნა ვარ, იკა! რეებს მეძახი… არცა გრცხვენია… არა, ამას როგორ ვიფიქრებდი, იკა? კაპიკი ფული აღარაა სახლში… მე დედაშენის თეთრიც არ მინდა და არც გამოვართმევ… არა, ისე ვინ გაძლევს რო? ზედ არ შეგახედებს შორიდან! რა ვქნათ, იქნებ შენ მაინც მითხრა?

– რა უნდა ქნა? – იკითხა ერეკლემ. – ვერაფერსაც ვერ იზამ… მოსახდენი კი მაინც მოხდება…

– რა მოსახდენი, იკა? – წამოუწითლდა სახე მარიკუნას. – რეებს ბოდავ? სულ გადაირიე?

– და რაც არ უნდა მოხდეს, სწორედ ის იქნება მოსახდენი…

– მოიცა-მოიცა! გამოდის, შენთვის სულ ერთია, აქ ვიქნები, თუ სადმე შორს და სხვაგან?

– სად სხვაგან? – გაუნათდა სახე ერეკლეს.

– სად და, იკა, მგონი მალე ცირკთან დგომისთვისაც გამიმეტებ, ხომ იცი! – ავად ჩაეღიმა მარიკუნას. – აბა,  არაფრის თავი შენ არ გაქვს!

ერეკლემ პირი დააწკლაპუნა, ცოლს აღარაფერი უთხრა და კედლისკენ გადატრიალდა.

– გამეცი პასუხი, იკა! მითხარი რამე! – ლამის ერთ დიდ მუდარად იყო ქცეული მარიკუნა.

– გინდ ცირკთან და გინდ ზოოპარკთან! – ჩაიღრინა ერეკლემ და თვალები დახუჭა.

– ვერ გაუიგე?!

– ისე მოიქეცი, როგორც გინდა, რომ სხვები მოგექცნენ… და აღარავისი დასაცინი აღარ იქნები, სადაც არ უნდა იდგე… გახსოვს, ვისი სიტყვებია? – თქვა იქვე ერეკლემ და თავი მოიმძინარა.

– ვინმე შუბლზე კოპლიანი იდიოტის იქნება იმ შენი წიგნებიდან! რა მოქცევა, რის მოქცევა! არაფერი შენ აღარ გინდა, იკა!.. აღარც მანქანა!..…- განაგრძო მარიკუნამ წრუწუნი. – ან მე რაღა მინდა შენთან? შემოგყურებ უკვე ოცი წელია უაზროდ… თვეები წოლა ვის გაუგია?! ადე, იკა! გაანძრიე ხელი, თორე დავწყდით შიმშილით! სირცხვილია, საშინელი სირცხვილი, იკა!!

აქ უკვე ბოლომდე გაახილა თვალი ერეკლემ და ისევ წარბი შეკრა.

– არა, აშკარად ჯადოს მიკეთებ! – გადმოიხედა კვლავ ცოლისაკენ, რის გაგონებაზეც მარიკუნას უცნაურად გააჟრჟოლა. – იკა კი არა, ერეკლე მქვია მე! და ხმა აღარ გავიგო შენი… შე წაკლა, შენა!.. – ერეკლემ აღარ დაასრულა და თავზე საბანი გადაიფარა.

ამის გაგონებაზე მარიკუნა გაკაპასებით წამოიჭრა ფეხზე.

– თფუი!! – დააფურთხა ძირს და ჩხირებიც გამწარებით მოისროლა.

გაცეცხლებული მარიკუნას დანახვაზე ერეკლე საწოლში წამოჯდა.

– მორჩა! მე წავედი! – გამოცრა კბილებში მარიკუნამ, კარადა გამოაღო და თავისი ტანსაცმლის ჩემოდანში ჩაყრას შეუდგა. – სულ!

– სად მიდიხარ, მარი…? – სცადა ხელზე წაპოტინებოდა ცოლს ერეკლე, მაგრამ ვერ მისწვდა და იატაკზე მოადინა ბრაგვანი.

ხმაურზე ლოჯიაში თეთრ ღამის პერანგში გამოწყობილი ელენა და თვალებდაბინდული ტატო შემოცვივდნენ.

1 2 3 4 5 6 7