– ეპილატორი? ნუ, რა სიმდაბლეა… დღეს იმენნოი სტრელი მაქ, ბაკო… წავკისში ავდივარ ნაჩოვკით… მთელი ელიტა და ცვეტი იქ იქნება… კლიენტი არ გინდა?

– ვაიმე, გრუპია?.. რამდენს იხდიან, აჩუჩი?

– ზინა, ვალი როდის უნდა დააბრუნო, შე დაუბანელო ძროხა, შენა?..

– დღეს პარასკებია, ქალო… მეეთრეს კლიენტი…

– გადი გოგო იქეთ!! ნუ ამაქოთე!

– იცოდე, გავალახიებ შენ თავს… დარჩენილ კბილებსაც ჩამოგამტვრევენ, შე გადამგდებო წაკლა, შენა…

ერეკლეს მანქანა ქუჩის ქალებმა იცნეს და ყურადღება არ მიუქცევიათ.

– რაია, ღამის სმენაში გადმოი, ერეკლე?.. სა ხარ, რო არ ჩანხარ?.. – მაშინვე ჩაუჯდა და უფრო სიტყვის მასალად შეეკითხა ერეკლეს დასავლელი კოლეგა – ტაქსისტი სოლიკო. ვერც ერთ კითხვაზე პასუხი რომ ვერ მიიღო, კოლეგამ სალონში შუქი აანთო და ერეკლე ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა. – ხო მშვიდობაა შენ თავს, ბრატუხა?

ერეკლე დუმდა და გული ისევ ამოვარდნაზე ჰქონდა. მეხსიერება არ ემორჩილებოდა და გონების ზედაპირზე უტივტივებდა წარსულის მოზაიკის მომცრო ნატეხები. იქ ქაოსურად ირეოდნენ ცხონებული თედო და ელენა, კაპასი მარიკუნა და შვილი, ყველაფერი აქამდე მომხდარი…

– ამეიღე, შე კაცო, ხმა! მოხთა რამე? – შეანჯღრია ერეკლე კოლეგამ და ერეკლემაც ნელა მიაბრუნა მისკენ სახე.

– ასე მგონია, ეკლესია ვარ და ვიღაცამ მოფსა და არწყია ჩემში, სოლიკო!.. – თქვა ერეკლემ ხმის კანკალით.

– ეუჰ! – აღმოხდა ერეკლეს სახის დანახვაზე სოლიკოს და სიგარეტს მოუკიდა. – რა სიკვტილი გეიკეთე ამისთანა?..

– ჰა?

– რავა გიბრდღიალებს სიფათი? მარა როის იყო შენ მაგისთანაებით გლახაობდი…

– არასოდეს!

– აპა რა გჭირს, ბრატუხა?

ერეკლემ სახე ხელისგულებში ჩარგო. მერე უცებ მოიშორა ხელისგულები და წინ გაიხედა.

– ეშმაკეული ტყუილებით და სხვათა დასანახავად ცხოვრობს აქ ადამიანი, სოლიკო… აი, ვინ გვერევა ყოველთვის… – თქვა ერეკლემ წყნარად და უცებ რატომღაც ძალიან მოუნდა სოლიკოსთვის ყველაფრის ერთი ხელის მოსმით, ერთი გრძელი წინადადებით, მძიმე-წერტილის გამოუტოვებლად ამოლაგება და წინ დადება. ამის მიზეზს მაშინ ვერ მიხვდა, თუმცა ამ სურვილმა მაინც დაამშვიდა.

მოდუნებულმა ისევ თავის აცაბაცად მხტუნავ გულს მიუგდო ყური. გული, მართალია, უწინდებურად აღარ „ჯაზავდა“, მაგრამ გრეხილი რიტმები მაინც გამოჰყავდა და დროდადრო მწარე ტკივილად საფეთქლებშიაც სწვდებოდა. ძველებური კივილიც აღარ ედგა ერეკლეს სხეულში – კივილი თითქოს ჩურჩულში გადასულიყო და სხეული უკვე სულ სხვანაირი შფოთით უკანკალებდა.

– აგენმა გინა გაგართონ? – დამცინავად გახედა ქუჩის ქალებს სოლიკომ. – ვისაც  რაიმე უვარგოდა, ქე ეიწყო ცხოვრება და აღარ დგას აქანა… კი იცი მაგი შენც… აგენი ყველა რაცხა უბედურობიანია… თავზე გადოუსოფ ხელს, შეგეყრება განგრენა, ბრუცელიოზი და მუნი…

– სხვა რა ვიცი, სოლიკო…

– ა, სვეტა იყო კაი ჯამთელი გოგო! გახსოვს სვეტა?.. უბედურის ერთი… ჩაქუჩით რო მოკლა ქმარმა?..

– აჰა…

– და რიჟა მარეხი?.. ვინცხა კუილგამძვრალი ბებერი ფრანგი რეჟისორი რო გამეიჭირა?… ქეა ეხლა სათამაშო კუკლასავით…

– მარეხ, მარეხ, შენსა მზესა… – წაიჩურჩულა ერეკლემ და თავი რამდენჯერმე მძიმედ დააქნია.

სოლიკო მიხვდა, რომ ერეკლე აღარ უსმენდა, სიგარეტი ფანჯრიდან წკიპურტით მოიშორა და კარი გამოაღო.

– ვერ გატყობ მე შენ ამათ ხასიათს… – წარბშეკრულმა შეხედა დასავლელმა კოლეგამ ერეკლეს. – აჭრლი ხარ… არ ჩანდი ისე კაი ხანია, მარა შენ მესტას ვინ წეიღებდა… გოვუტეხავდი იმ გასიებულ თავს… შენაირი ბიჭი მიორე არ დგას აქანა… ადგილი გაქ ისევ! ჰოდა, მოი ხვალე… აგდებული ხარ რაცხა ფინთად!

ერეკლე მიხვდა, რომ კიდევ ცოტაც და ღრიალი აუვარდებოდა და მანქანაც მოქოქა. სოლიკო მანქანიდან სწრაფად გადახტა და ორი თითი საფეთქელთან მიიტანა.

– შენ იცი აპა!.. ღმერთით, ძამიგო!

„აქ რომ მენახა მარიკუნა, გადავსრესდი ნეტა მანქანით?“ – დაუსვა თავს კითხვა ერეკლემ, მერე ფანჯრიდან ხმაურით გადააფურთხა და მანქანა ადგილიდან მოწყვეტით დაძრა.

***

მარიკუნა იმ ღამით არათუ მეზობელ სადარბაზოში არ გადასულა, ეს აზრი საერთოდ არ მოსვლია თავში და, მით უმეტეს, არც ძველი კინოსტუდიის მისადგომებისკენ გაუწევია. თავისი პრაქტიკული ჭკუით ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა. უბრალოდ ფაღავების ოჯახიდან გასაქცევი საბაბი სჭირდებოდა და როგორც კი მოიხელთა, იმწამს გამოიყენა.

სადარბაზოდან განიერ პროსპექტზე ჩემოდნით გამოვარდნილმა, პირველივე ტაქსის ნერვიულად დაუქნია ხელი და მისამართი დაუკივლა. ტაქსისტმა თეთრლაბადიანი და ჩემოდნიანი მარიკუნა ამღვრეული მზერით ჩაათვალიერა და მგზავრობის საფასურის ნიშნად ხუთი თითი დაანახვა.

– რა ამბავია?! ჩემზე გინდათ გამდიდრდეთ?! – შეიცხადა მარიკუნამ, თუმცაღა მანქანაში მაინც ჩაჯდა.

– გაზი გაძვირდა, დობილო… თან ღამის სმენაა… სხვა ტარიფია…

– პირველად მესმის!

– ეგრეა დობილო, და რა ვქნა…

ტაქსმა მარიკუნა სერგის კორპუსთან მიიყვანა. მარიკუნა ფრთხილად გადავიდა მანქანიდან და სერგის გაჩახჩახებულ ფანჯრებს ააცქერდა.

1 2 3 4 5 6 7