„ვინმე რომ ყავდეს?..“ – ეს კითხვა რამდენჯერაც დაუსვა თავს მარიკუნამ, იმდენჯერვე უკუაგდო. თითქოს გუმანით ხვდებოდა, რომ სწორ გზაზე იდგა, ამიტომ მტკიცე ნაბიჯით გაემართა სადარბაზოსკენ, ლიფტი გამოიძახა და კაბინაში შესულმა მეცამეტე სართულის ღილაკს წვეტიანფრჩხილიანი საჩვენებელი მიაჭირა. ლიფტი გუგუნით დაიძრა ზემოთკენ.

„კი მაგრამ, ჩემს ადგილას ნორმალური ადამიანი როგორ მოიქცეოდა?“ – ამ კითხვით გაამაყებულმა მარიკუნამ კითხვას იქვე უპოვა პასუხი. „რა თქმა უნდა, – ჩემსავით. სადამდე უნდა გამეძლო? ბოლომდე შემეკლა თავი?.. მე ხომ მას არათუ ცხოვრება, ჩემი სამსახიობო კარიერაც კი შევწირე…“

საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებული, ისე მსუბუქად გრძნობდა თავს, თითქოს სამუდამო პატიმრობისთვის დაეღწია თავი და თანაც ხელის ერთი მოსმით ამოერეცხა გულიდან მთელი წარსული: ქმარი, რომელსაც თავის დროზე ანგარიშით გაჰყვა ცოლად, ვაჟი, რომელსაც დაბადებიდან ცივად უყურებდა და ვერაფერ დედაშვილურს ვერ გრძნობდა მის მიმართ; დედამთილი ხომ ფაღავების ოჯახში შესვლისთანავე დასანახავად შეიძულა მარიკუნამ და მისი სამშობლოში დაბრუნება ლამის ოჯახში მტრის შემოსვლად მიიღო.

სერგი ახლა მარიკუნას იმედის ის ბოლო ნაპერწკალი იყო, ვისთან ერთადაც სრულიად ახალი, დიდი ხნის მონატრებული ცხოვრება უნდა აეწყო. ლიფტიც, მისი მოკლე ჭკუით, სწორედ ამ ახალი ცხოვრებისკენ მიაქანებდა.

სერგის კარზე ხუთჯერ დარეკა მარიკუნამ და გაილურსა.

კარი უზომოდ გამხდარმა, ალკოჰოლით გაჟღენთილმა და სახედაბიჟვინებულმა სერგიმ გააღო და ჩემოდნიანი მარიკუნას დანახვით გაკვირვებულმა ინდაურის ხმით დაასლოკინა.

– ვაიმე! მარგოუ, მგონი აშკარად უნდა დავეცე…

– არ გინდათ, სერგი…

– მე კიდევ, რატომღაც გაზის კაცი მეგონე…

– ამ შუაღამისას, სერგი?

– ეგენი ხომ იშვიათი ენერგოვამპირები არიან… ჩემი რეზუსდადებითი სისხლი სწყურიათ… ო, რა სუპერმოულოდნელი ქალი ხარ, მარგო!!

– კრიტიკული დღეები მაქვს, სერგი!

-ანუ?.. აჰა… ბავშვები ხომ აღარ ვართ… მაშ რაღას ვდგავართ ზღურბლზე მასპინძელ-ფოსტალიონივით… კადრი მახსენდება რომელიღაც კინოფილმიდან… ჩემი მეხსიერება…

– მე საბოლოოდ წამოვედი სახლიდან, სერგი!

– ვაი!.. ნეტა მაგიტომ ვხედავდი გაცნობიერებულ სიზმარში იგავს უძღებ შვილზე?..

– ვისა?

ადგილზე მოქანავე სერგიმ მარიკუნა სახლში შეიყვანა. მერე მოუტრიალდა და ნამთვრალევმა მთელი ძალით ჩაიხუტა.  სერგის მკლავებში გამომწყვდეულმა მარიკუნამ მაშინვე ქმრისა და მთლიანად ფაღავების გვარის ლანძღვა და ტირილი იწყო.

– ეგენი ხომ არანორმალურები არიან ყველანი!

– ვინ, მარგოუ?

– შენ ხომ არ იცი, რა მაკადრა იმ ცხოველმა და ნადირმა…

– არ მითხრა, რომ პანჩური!

– ცირკთან წადიო…

– ბილეთებზე?

***

ის ავბედითი ღამე წოწიალ-რიხინში გაატარა ერეკლემ და ქალაქს მანქანით გიჟური წრეები ურტყა.

„მა-რი-კუ-ნა!.. მა-რი-კუ-ნა!“ – „ბარსელონას“ გულშემატკივართა გუგუნივით დაუდიოდა ტვინში ერთადერთი სიტყვა. ბოლოს, დაღლილმა, ბნელ სანაპიროზე, ჭადრების ქვეშ, ბორდიურზე შეაგდო მანქანა და თვალები დახუჭა.

არ ეძინებოდა. ისევ ყველაფერი ტკიოდა, განსაკუთრებით კი კბილები და თან – ყველა ერთად. ტკივილს თითქოს სულ მცირე ბიძგი ჭირდებოდა სხეულის დასატოვებლად, მაგრამ ერეკლეს აღარაფრის თავი არ ჰქონდა – სიგიჟის ზღვარზე მყოფს წარსულის სურათები უწესრიგოდ და საოცარი სისწრაფით უსხლტოდა გონებაში.

აქ იყო ის დღე, როდესაც მამამ, უენო და ჩუმმა კაცმა, თედო ფაღავამ პატარა ერეკლე პირველად ფეხბურთის სანახავად წაიყვანა. მაშინ ერეკლე ჯერ უზარმაზარმა ხასხასა სიმწვანემ მონუსხა და მერე კი შორიდან დანახულმა ფეხბურთელებმა, რომლებიც კაი ხანს ერეკლეს ზუსტად იმხელები ეგონა, რამხელებიც შორიდან ჩანდნენ.

აქვე იყო ბაბუას გარდაცვალების დღეები, როდესაც ერეკლე შორეულმა ნათესავებმა შეიხიზნეს რამდენიმე დღით. მაშინ ოთხი წლის ერეკლემ პირველად ნახა გიჟი გოგონა, რომელიც როგორც მერე და მერე ხვდებოდა, ასაკით ალბათ ასე 10-11 წლის იქნებოდა. გოგონა მხოლოდ თანხმოვნებს გამოთქვამდა, უკბილო ღრძილებით რეზინის სათამაშოებს გამწარებით ღეჭავდა და ხშირბალნიანი ფეხები ჰქონდა.

ახსენდებოდა ერეკლეს ის დღეც, როდესაც პირველად აკოცა მარიკუნას. მაშინ ვაკის პარკში მოსეირნეები მოფარებულში მდგარ სკამზე ჩამოსხდნენ და ერთმანეთს თვალებში შეაცქერდნენ. ერეკლემ ხელი მოხვია, მარიკუნა თავისკენ მიიზიდა და კოცნა ალბათ საკმაო ხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ბუჩქებიდან საზარელი ყეფით გადმომხტარი მოშიებული უპატრონო ძაღლების ხროვა.

შვიდი ძაღლი გააფთრებით დააცხრა განმარტოებულ წყვილს და ერეკლეს გაშმაგებული წიხლები რომ არა, ალბათ ერეკლეც და მარიკუნაც საკმაოზე მეტად დაზარალებოდნენ. იმ ჯერზე ძაღლები იმხანად მოდური, ფართო ტოტების შემოგლეჯას დასჯერდნენ.

1 2 3 4 5 6 7