ეს შემთხვევა მათი კიდევ უფრო დაახლოების მორიგ საბაბად იქცა, თუმცა მეტი ერეკლეს და მარიკუნას აღარ გაურისკავთ. ერეკლემ თანაკურსელისგან ცარიელი ბინის გასაღები ინათხოვრა და შეყვარებულები იქ განმარტოვდნენ. ამ ჯერზე ყველაფერი იოლად და მარტივად გამოუვიდათ, და უფრო მეტად კი იმიტომ, რომ მარიკუნას ქალიშვილობა კაი ხნის დაკარგული ჰქონდა.

ერეკლეს მაშინ ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია, მაგრამ არც დავიწყებია. მერე კი, მთელი თანაცხოვრების მანძილზე რატომღაც ყოველთვის ელოდა, რომ მარიკუნა პირველი გადმოდგამდა ნაბიჯს და მოუყვებოდა თავისი ძველი სიყვარულების ამბებს, მაგრამ მარიკუნა ხმას არ იღებდა და, თავის მხრივ, მხოლოდ ერეკლეს შეკითხვას ელოდა. პასუხი გამზადებული ჰქონდა მარიკუნას და ის სიმართლესთან ახლოს იყო.

მარიკუნა გავაშელია პირველ კურსზე სწავლობდა, თავისივე ჯგუფელმა, მასზე ყურებამდე შეყვარებულმა რაიონელმა ბიჭმა რომ მოიტაცა კურსელებისვე დახმარებით. იმერეთის მაღალმთიან სოფელში ორი კვირით გადახვეწილები, ნათესავების დიდი გაწევ-გამოწევის მერე ერთად დაუბრუნდნენ ქალაქს და ასე ნაუცბათევად შეუღლებულებმა მარიკუნას სახლში დაიწყეს ცხოვრება.

– სულ დაბრმავდი, მარიკუნა? ეს ვინ მდაბიო შემოგვითრიე ოჯახში? დანა-ჩანგლის ხმარებაც კი არ იცის!.. გვარცხვენ და თავს გვჭრი მთელ ქალაქზე!.. რას იტყვის ხალხი? ჯერ რა სახელი ქვია… გამომივიდა ეგეც ბესარიონ გაბაშვილი! – დუდუნებდა მაღალ ქუსლებზე შემდგარი თევზისთვალება დედა. – ამხელა სახელს როგორ ეძახი?

– მეგობრები ბესიკოს ეძახიან, დედა… – თავი დამნაშავესავით ჰქონდა ჩაღუნული მარიკუნას.

– მარიკუნა, შეცდომის გამოსწორება ყოველთვის შეიძლება! მთავარია, მიხვდე რამდენად მართალი ხარ საკუთარი ოჯახისა და შენი წრის წინაშე! – საჩვენებელი თითი მთელი ორი თვის მანძილზე არ მოუხრია მარიკუნას მარად ჰალსტუხიან მამას.

მარიკუნას მკაცრმა და პრაქტიკულმა მშობლებმა ბოლოს და ბოლოს იმდენი მაინც ქნეს, რომ შვილი მალევე გააცილეს ბიჭს, ანუ მარიკუნას ისე აურიეს ნედლი ტვინი, რომ მარიკუნამ თავად მიიღო გაშორების გადაწყვეტილება. ბესარიონი მაშინვე გულგატეხილი გადაიკარგა თბილისიდან რუსეთში, თეატრალურ სამყაროს საერთოდ აღარ გაკარებია და მას მერე მარიკუნას არაფერი სმენოდა მის შესახებ.

 

1 2 3 4 5 6 7