(გაგრძელება, დასაწყისი იხ. დეკემბრი 2017; იანვარი, მარტი 2018)

 

იმხანად ტატოს სახლიდან ადრიანად უწევდა გასვლა, და გვიან შემობანცალებულს, სამზარეულოში ჩაის სმისას, მარად აღრენილი დედის შეგონებებისგან ტვინი უდუღდა.

– რატომ დაგბადე და გაგზარდე მე იდიოტმა ეგეთი?? რატომ დამსაჯა მამაზეციერმა ეგრე? – საოცარი სისწრაფით ატრიალებდა ხორცსაკეპის სახელურს მარიკუნა. – ცეკვას სულ აცდენ! გაიხედ-გამოიხედე, შენდება ხალხი, შენ კიდევ რას გიგავს ყოველდღე თვალები? გააჩერე ეგ კოვზი! რას ურევ ამდენს?! გადის დრო, ტატო, გადის!.. ვერაფერს დააბრუნებ უკან!.. ტვინი მეტკინა უკვე! ნუ აწკარუნებ, ისე მოურიე!.. შემოგადნება ყველაფერი… სულ დაგეშლება ეგეთი არანორმალური ცხოვრებით ღვიძლი…

– მაიცა რა… – აგდებულად იქნევდა ხელს ტატო. – რა დროს ღვიძლი და ნაღველია, დე…

– ვეღარ უნდა მიხვდე, რაა ამ ცხოვრებაში მთავარი? ნუ, როგორი დახუთულობაა ამ შუა ზამთარში… გამოაღე ფანჯარა, განიავდეს ცოტა! გამოიწი აქეთ! იქნებ გადავარდე და ჩვენც მოგვასვენო და შენც მოისვენო!

– მერე შენც ეგ არ გინდა? – ავად იღიმებოდა ტატო.

– ხმა და კრინტი, უზრდელო! შეეფერება შენი ნიჭის და გვარის პატრონს ასე გდება? ვიღაც იდიოტებს კოსტუმები უნდა ეცვათ, ჰალსტუხები ეკეთოთ, შენ კიდევ ისევ მაგ გაცვეთილ ჯინსებში დაეთრეოდე?.. გამოდი-მეთქი მანდედან აქეთ და ეგრე ნუ ეყუდები, თორემ დაგისხლტება ფეხი და გადაფრინდები ცხონებული ჯანიკო მკუხაძესავით…

– ეგ ვინ ჩემი ფეხია? – შორდებოდა ფანჯარას ტატო და ისევ მაგიდასთან ჯდებოდა.

– ვინცაა, არაა შენი საქმე… და ფეხი თავში გაქვს შენ! – განაგრძობდა სახელურის ტრიალს მარიკუნა. – მერე ფეხსაცმელებზე დაიხედე… რა გაცვია… ბოტასების ასაკიდან ვერ გამოსულხარ! კაი. იცი, რომ ჩვენ არ გვაქვს საშუალება, მაგრამ შენ რას აკეთებ? ცეკვა თუ არ გინდოდა, რას მატარებინებდი თავს ამდენი წელი ტყუილა! ვინ აღარ მირეკავს! ჩვენი წრის ხალხი… თითით საჩვენებელი, საუკეთესო, ცნობილი ადამიანები… მაწითლებენ, ისეთებს ყვებიან თავის ერთუჯრედიან შვილებზე, მე კიდევ ვერაფერს ვეუბნები… რითი ვიამაყო? შენი ჩაწითლებული თვალებით? ღმერთმა იცის, რა ხალხთან გაქვს საქმე… იქნებ შეგეყაროს რამე და გადაგვდო ყველას…

– მორჩი რა ბოდვას, დე!

– როგორც ვიღაც საცოდავს, ისე თანამიგრძნობენ…

– მაგრად მეძინება… შენი გადამკიდე, სიზმრებიც სუ შავ-თეთრები მაქვს… – დგებოდა მაგიდიდან ტატო, მაგრამ დედის მკაცრი ტონი ადგილზე აშეშებდა.

– იდიოტო შენ! არსად არ გაადგამ ფეხს, ვიდრე ბოლომდე არ მომისმენ!  დაეთრევი ვიღაც ჩამოძონძილ-ჩამოხეულებში! წესიერი მეგობარი შენ არ გყავს  კოწოს გარდა… მაგას მაინც მიბაძე! დააკვირდი როგორ დადის?

– იულ ბრინერივით?

– წესიერად ილაპარაკე! ან ვინ არიან ის შენი გრძელთმიანი სხვები? რას გვანან… სად გადაკარგულში ცხოვრობენ… რატომ აცვიათ ეგრე?! სად პოულობ ეგეთებს, სად?!

ტატო განახევრებულ ჩაის ჭიქას დასწვდებოდა და ხმაურით ცლიდა.

– რა ამბავია ასე ხმაურით და ველურივით მოხვრეპა?! ეგ გასწავლე მე?! ალბათ, სხვაგანაც ეგრე იქცევი და მჭრი მთელ ქალაქში თავს!

– მამა როგორაა? – კითხულობდა ტატო და ლოჯისკენ იყურებოდა.

– მამა კი არა, გაიგე, რა ვთქვი?! თუ შენთვის სულერთია?! გამოფხიზლდი, ვიდრე დროა!..  მიმოიხედე! აღარც ისეთი პატარა ხარ, ეგეთები გეპატიებოდეს… რომელ კურსზე ხარ თუ გახსოვს?

– მეოთხეზე.

– სულ არ ფიქრობ მომავალზე… შენხელებს უკვე ტელევიზორში ანახებენ, შენ კიდევ ყველაფერი ფეხებზე გკიდია, მათ შორის ოჯახიც!

– ტელევიზორში რაღა მინდა? დავაშავე რამე? თუ ძებნაში ვარ!

– იცოდე, ტატო, წყობილებიდან ნუ გამომიყვან, და იქამდეც ნუ მიმიყვან მშობელ დედას, რომ პოლიციას დავაჭერინო შენი თავი!

– ყოჩაღ, დე!

– იქნებ იქ მაინც მოგარჯულონ და მოგიყვანონ აზრზე!

ტატო ხელს გულისწყვეტით იქნევდა, სწრაფი ნაბიჯით გადიოდა სამზარეულოდან და დედა-მარიკუნას მარტო ტოვებდა.

– რა წყალში გადავცვივდეთ, ა, იკა? – მოთქვამდა ხმამაღლა ლოჯიაში გასული მარიკუნა და სანახევროდ მოქსოვილი კაშნე ცხვირთან მიჰქონდა. – რა ვქნათ? შენ ხელის განძრევა არ გინდა… ახლა არ მითხრა, რა დროს ეგეთებიაო… სულ სხვა და უარესი დრო იყო მაშინ, დედაშენის ჩამოსვლამდე, და ტაქსზე მაინც იჯექი… ორი კაპიკი შემოგქონდა… ახლა კიდევ სულ გაზარმაცდი და გადაირიე… არც ამბობ, რა გჭირს… სიცხე არ გაქვს. – ადებდა ხელს შუბლზე მარიკუნა ერეკლეს და ისევ სამზარეულოს უბრუნდებოდა. – იძახი, არაფერი მტკივაო! ექიმს არ მაძახებინებ! დროის რა ბრალია, შენ ეგეთი ჯიუტი იყო! გადამრევთ თქვენ ყველანი!.. ტატოს რა ეშველება, აღარ ვიცი… იმ დღეს მთელი ქილა რაღაც საზიზღრობა ვუპოვნე საწოლის ქვეშ… შენ კიდევ სულ იცავ და არაფერს უშლი!

– რა საზიზღრობა? – ისმოდა ერეკლეს ხმა ლოჯიდან.

– ჯანდაბა! თვითონ მიმტკიცებს – საღებავიაო… საძაგელი ფერის! ისეთი სუნი ჰქონდა. როგორ ძლებდა იმ სუნში…

– მაგ სუნზე ამბობდა ალბათ ელენა…

1 2 3 4 5 6 7