მენაგვე და ბოზები

ტიტე გულუას ერთი ბანკი, ორი სუპერმარკეტი და სამი საოფისე ფართი ჰქონდა, სწორედ ამიტომ  დედაქალაქიდან ნახევარი საათის სავალზე, მაზუთიანი გარემოსგან შორს, ორსართულიან აგარაკზე ცხოვრობდა, რომელსაც მისი ძმაკაცები მოფერებით ჰასიენდა ნაპოლესსაც უხმობდნენ.

გულუას აუზში წყალი ღამით უნდა გამოეცვალათ, რადგან მთელმა მსოფლიომ თუ არა, ქვეყანამ მაინც იცოდა, რომ ტიტე გულუა გიჟდებოდა საუზმობამდე ცურაობაზე. გაიღვიძებდა თუ არა ბანკირი გულუა, აივანზე გადიოდა, ხალათს გაიძრობდა და თავით ხტებოდა აუზში. ტიტე გულუას უყვარდა საკუთარი აუზის მომვლელები და ბოლომდე ენდობოდა მათ. ეს რომ ასე არ ყოფილიყო და ერთი მორიგი გადახტომისას ბატონ ტიტე გულუას აუზში წყალი რომ არ დახვედროდა, აუცილებლად დაასხამდა ტვინს ცისფერ კაფელებზე, რომელიც აღარ იქნებოდა მთლად ცისფერი და მნახველს  ბრიტანული საფეხბურთო კლუბის,  კრისტალ პალასის საშინაო მაისურს მოაგონებდა.

თუმცა, არავის უნდოდა ტიტე გულუას სიკვდილი. ტიტე გულუას ფულები ბევრ ადამიანზე ტყდებოდა. ცოლიდან დაწყებული, აუზის მომვლელებით დამთავრებული და ლამაზი ბოზებით გაგრძელებული.

ლამაზი ბოზებიო რომ ვამბობ, ელიტურ ბოზებს არ ვგულისხმობ. ტიტე გულუა არაფრით გამორჩეულ ბოზებთან დაიარებოდა დედაქალაქის გარეუბნებში, ნაქირავებ ბინებში, ხრუშოვკების ხუთიდან რომელიღაცა სართულზე.  მისი ბოზები ლამაზები იყვნენ, მაგრამ გოიმები. მილიონერი გულუას გარდა მუდმივ კლიენტებად ტაქსისტებიც ჰყავდათ, სტაიანშიკებიც, მახსოვს ერთი ანესთეზიოლოგიც და კიდევ ორი ნიგერიელი ფეხბურთელი, რომლებიც მარტვილის „მერანთან“ ათანხმებდნენ კონტრაქტის პირობებს.  არცთუ ელიტური, მაგრამ ლამაზი ბოზები ტიტესაც ას ლარს ართმევდნენ და ტაქსისტებსაც, სწორედ ამიტომ იყვნენ გოიმები.

ტიტე გულუამ აუზში ყურები რომ იპოვა, მაშინ ალბათ ღამე იყო. რადგან ყურები არ ტივტივებდა. საცოდავად ეყარა აუზის ფსკერზე სამი მოჭრილი ყური. შეშინდა ტიტე გულუა. იფიქრა ალბათ მტრები გამიჩნდა და ასე რაღაცას მანიშნებენო. გულუა, როგორც ყველა პოსტ-საბჭოთა ბიზნესმენი ხშირად უყურებდა ამერიკულ ფილმებს, სადაც პიჯაკიანი სოლიდური კაცები პარლამენტის ნაცვლად უბან-უბან დაიარებიან სპირტიან ბარებში და ერთმანეთს ბეისბოლის ბიტებით უსწორდებიან. სწორედ იმ პიჯაკიან კაცებს უყვარდათ უცნაური მინიშნებების გაცემა და შემდეგ მიპარვით სროლა სუპერმარკეტის შესასვლელთან.  და ამის გამო ძალიან დარდობდა ტიტე გულუა. ყურები მაშინვე გადამალა. ცოლმა არ ნახოს, მილიციაში არ დარეკოს, იმათი თავი ვისა აქო.

 

 

*  *  *

 

„პრივეტ ლოლა. მაიტა გასაღები რა.“ – მიმართა გამომძიებელმა ბენჯომ მეზობელ ლოლას.

„ირმას დაუტოვე?“

„ჰო.“

„მე რატო არ დამიტოვე?“

„ირმამ გამიღო კარი. რა მნიშვნელობა აქ… ერთ სახლში არ ცხოვრობთ კაცო?“

„აქვს!“

„ნუ ატრაკებ რა. ვაბშე არც იყავი სახლში შენ. მაიტა ჰა.“ – ბენჯომ ლოლას გასაღები გამოართვა.

„აუ მადლობა მინდა გითხრა.“ – დაიწყო ლოლამ.

„რაზე?“

„აი იმ შენ ძმაკაცს რო დაურეკე და ჩვენი მიხო რო აიყვანეს სამსახურში. ყრუ ბიჭის გამო  რო შეწუხდი და საერთოდ რო შეწუხდი… მადლობა რა.“ – ცრემლი მოადგა ლოლას.

„ეგ არაფერი კაცო. ერთხელ უფასოდ მომცემთ, ან შენ, ან ირმა და რასხოდ.“ – გაიცინა ბენჯომ.

„კაი რა. ვიცი რო არ ხარ ეგეთი…“

„კსტაწი, შენ და ირმა რეები ხართ ერთმანეთის?“

„ბიძაშვილები.“

„მიხო?“

„მიხო ჩემი ძმაა.“

„ააა, მე ნააბაროტ მეგონა. მიხო ბიძაშვილი და ის და. კაროჩე დაიკიდე. ავედი სახლში და სპასიბა რა.“  – ბენჯო ერთი სართულით ზემოთ ავიდა.

ლოლამ კარი დაკეტა და სახლში შევიდა.

„ბენჯო იყო?“ – ჰკითხა ირმამ.

„ჰო.“

„კიდე გიყვარს?“

„ტრაკი დააყენე და გააკეთე ეგ ბორში თუ აკეთებ.“

„აღარ შემიძლია ამ ბორშის ჭამა რა.“

„გუშინ ჰო შევწვი კარტოფილი?!“

„ორასი ლარის მარტო გუშინ ვიმუშავე. რამე წესიერი რო ვჭამო არა?!“

„მანამდე რამდენი ხანი იყავი უმუშევარი? ერთი კვირა! ჰოდა თვეში მაქსიმუმ ათასლარიანი ხარ, რა გგონია?!“

„შენ ჰო სუ ოქროს სირით გხმარობენ რა…“

„ნუ მეუნები მეთქი ეგრე თორე ერთხელაც გისვრი ფანჯრიდან და იბოზე მერე ჭინკებთან ქვაბში.“

„ლოლააა… მუსიკები ჩამირთე რა.“ – თავისი ოთახიდან დაიყვირა მიხომ.

„კაი მაპატიე, არ უნდა მეთქვა ეგრე. იმას კიდე რათ უნდა ხოლმე მუსიკები მაინც არ ესმის.“ – მიხოს წაკბინა ირმამ.

„იმენა გველი თუ არ იყო…“

ლოლა მიხოს ოთახში გავიდა.

„ჩამირთე?“ – ჰკითხა მიხომ.

ლოლა მაგნიტაფონთან მივიდა, მაგრამ მუსიკის მოსმენა ეზარებოდა და არ ჩართო.

„ჩართულია ჰო?“ – ისევ იკითხა მიხომ.

ლოლამ თავი და ტრაკი გაუქნია, ვითომ ჩავრთე და ვცეკვავო.

„ეს რეებია?“ – ლოლამ მიხოს ჟურნალების მაგიდაზე დაყრილი ჟურნალები აიღო.

„მოდების ჟურნალებია. არ გადაშალო.“ – ფერი დაკარგა მიხომ.

„ფლეიბოი მოდების ჟურნალიაო ამ მძრეველა ბავშვმა.“ – დასცინა ლოლამ.

„რა თქვიი?! მუნჯურად მელაპარაკე ხოლმე რა. ჰო იცი ეს დედააფეთქებული მუნჯური. რო არ მესმის რატო სარგებლობ მაგით?!  მომე ჩემი ჟურნალი!“ – აყვირდა მიხო.

 

 

 

1 2 3 4 5