*     *     *

 

„ნეტავ რატომ არ დატოვა ბენჯომ დღეს გასაღები…“ – ამოიოხრა ლოლამ.

„მიხო სამსახურში არც დღეს არ წავიდა?! ერთი თვეა ოთახიდან არ უშვებ.“ – ჩაილაპარაკა ახლად შემოსულმა ირმამ.

„შვებულება დავაწერინე. საერთოდ ჰო იცი, ახლა ასეა საჭირო და რაღას მეკითხები?“

„არა ვიცი, მაგრამ ეგ შვებულების დღეებიც გავა და მერე რას იზამ? გააგდებენ და სხვაგანაც ვერ იმუშავებს. ყრუა ნუ.“

„ერთხელაც წაისისინებ ეგრე გველურად და გააჯვავ ამ სახლიდან.“ – შეუღრინა ლოლამ.

„მანდაც ბენჯომ მიაღებია იმ თავის ნაცნობს.“

„ბენჯო მაგარი ბიჭია. ნეტა სად გაქრა დღეს…“

„სად უნდა გამქრალიყო, მოიტანა გასაღები და წავიდა.“

„მოიცა იყოო?!“ – ხმას აუწია ლოლამ.

„კი.“

„რატო არ დამიძახე?“

„რავი რა საჭირო იყო.“

„ჰო იცი რო მიყვარს გასაღებს რო ვართმევ ხოლმე და ვაბშე ჰო იცი, რო მარტო გასაღების მოტანისას და წაღებისას ვნახულობ შე ახვარკა.“ – ატირდა ლოლა.

„ლოლა, უთხარი სინამდვილეში ლეილა რო გქვია. იქნებ დაევასო. ლოლა ძაან ბოზური კლიჩკაა.“

„დაახვიე ხვალ აქედან.“

„რაა?“

„რა და გააჯვი საგურამოში და იქ მიე ოც ლარად ვიღაცეებს. აღარ ცხოვრობ ჩემთან!“

 

*     *     *

 

საღამოს რვა საათზე ტიტე გულუა რაღაცა ესპანურ კინოს უყურებდა და ფიქრობდა, ლუბოი გალუბოის უნდა რო ალმოდოვარივით იყოს, მარა ეგრე სად არიო. მერე გაუხარდა, რა მაგარია ლუბოი და გალუბოი რო გავრითმეო. ფულიც მაგიტო ვიშოვე, ეგეთი სხარტი გონება რო მაქო. საერთოდ ტიტე გულუას არ უყვარდა სხვა ფულიანები.  ფიქრობდა, რომ ისინი ზოგჯერ მსუქანი, მეშჩანი როჟები არიან. ზოგჯერ კი, პრაქტიკული, დავარცხნილი, შენძრეული აჩკარიკა ფაშისტები. მე სხვა ტიპი ვარო, ამბობდა ხოლმე გულუა ცოლის დაქალების სუფრაზე, სადაც მხოლოდ ლიქიორიანი ბამბანერკა ჰქონდათ და განსაკუთრებული ყურადღებით და ანცი კისკისით აღნიშნავდნენ, ზაკუსკა და ალკოჰოლი ერთ ყუთში გვაქო.

გულუა თვლიდა, რომ  მსუქანი მეშჩანებისგან განსხვავებით მსუქანი არ იყო. გულმხურვალედ სწამდა, რომ ლამაზი ბოზები ბოზები რომ არ ყოფილიყვნენ, უფასოდაც მისცემდნენ, რადგან მსუქანი მეშჩანებისგან განსხვავებით, თავს სიმპატიურ მამაკაცად აღიქვამდა.

არც აჩკარიკა ფაშისტი ვარო, თავს შემოუძახებდა ხოლმე ტიტე. ეგენი სულ ვიგოდაზე არიანო.  მერე გონებაში იმის ჩამოთვლას იწყებდა, რაც სარგებლის მიღების გარეშე გაუკეთებია. ჯერ სიღნაღელ ბავშვებს სტადიონი გავურემონტეო, მერე ჩემი ცოლის ღარიბი ჯგუფელის შვილს დიუსელდორფში სწავლა დავუფინანსეო. რაღაცეები მართლა ჰქონდა უანგაროდ ნაკეთები. ვერავინ იტყოდა ტიტე გულუა პროჭი კაციაო, გარდა კამბოჯელი სოციალისტებისა.

შეშინებული იყო ტიტე. შიში აფიქრებდა ასეთ რამეებზე. უხილავი მტრის ძიებაში იყო და იმიტომ. იფიქრა ყველაზე, გარდა უახლოესი ნათესავებისა. უახლოეს ნათესავებზე რომც ვიფიქრო აზრი არ აქვსო, დაასკვნა. წარმოიდგინა, რომ დედამისი იყო მტერი და თქვა, რომ თუ დედის გაფარჩაკება მომიწევს ცხოვრების გაგრძელებას მუღამი აღარ ექნებაო. ასეთივე იყო ფიქრი საყვარელ მეუღლეზეც და შვილი კიდე რვა წლისაა მამა ენაცვალოსო.

ფიქრით მივიდა იმ აზრამდე, რომ მისი მტრები ან მსუქანი მეშჩანები არიან, ან აჩკარიკა ფაშისტები. ჩემი სმიკალკის და კაიტიპობის შურთო. შეილება ზოგს ჩემზე ასჯერ მეტი მაყუთი აქ, მაგრამ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, სხვა დანარჩენისთვის მასტერქარდი არსებობსო.

ტიტე გულუას იშვიათად ეშინოდა. ისე კი, იშვიათ შიშებსაც საინტერესოდ ეპყრობოდა. პირველად მაღალი კაცის ეშინოდა, სამი წლის რომ იყო მაშინ. დიდი პირი აქვსო ფიქრობდა. მაღალი კაცი რატომღაც სტუმრად მოდიოდა ხოლმე ტიტეს სახლში და ბავშვის გადიდებულ თვალებში შიშის დანახვით მაგრად ერთობოდა. მაღალ კაცს ხელში აჰყავდა პატარა ტიტე და ეუბნებოდა, აეხლა ნახე როგორ შეგჭამო. სამი წლის ტიტე გულუა მზად იყო მომკვდარიყო, ოღონდ მამიკოს მაღალი ძმაკაცი არ მოსულიყო სტუმრად. ხუთი წლისამ შეიტყო, რომ იმ მაღალ კაცს ვანო ერქვა,  რომელმაც მინანქრიანი ჯვარიც აჩუქა.  ეუბნებოდნენ შენი ნათლიააო. ტიტემ არ იცოდა ნათლია რა იყო, მაგრამ კაი რამე იქნებაო, იფიქრა და მაღალი კაცის აღარ ეშინოდა. ნათლია თუა, დიდი პირით იმათ შეჭამს, ვინც მე არ მევასებაო. მერე ეზოში სხვა ბავშვებს ემუქრებოდა, ვანო შეგჭამთო.

მეორედ ათი წლისას შეეშინდა ტიტე გულუას. როცა უბანში შავსაროჩკიანი და გრძელცხვირა ბიჭი გამოჩნდა, რომელსაც რატომღაც კარგ ბიჭს ეძახდნენ. მანამდე ტიტეს ეგონა, რომ თავადაც კარგი ბიჭი იყო. სკოლაშიც დავდივარო, კარატეზეცო, ხუთებსაც ვიღებო, ფიქრობდა. ერთხელ სახლის შორიახლოს შავსაროჩკიანს გადაეყარა. შავსაროჩკიანმა მანეთიანი სთხოვა და დაამატა კაი ბიჭებს სჭირდებათო. ტიტემ უანგაროდ ამოიღო ფული და თან ხელის ჩამოსართმევად გაიწია გრძელცხვირასკენ, გავიცნოთ ერთმანეთი, მეც ეგეთი ბიჭი ვარო. ტიტე შეცბა და შეშინდა, როცა შავსაროჩკიანმა თავზე ხელები მოუჭირა და უყვირა, მეორედ არ თქვა, რო შენც კაი ბიჭი ხარ, თორე შუაზე გადაგხსნიო. მაგის თქმის უფლება არ გაქო. ტიტემ ტირილი დაიწყო, მაგრამ მაინც იმეორებდა, ცუდი ბიჭი არ ვარ და ანუ კარგი ბიჭი ვარ, რა გინდაო?! – შავსაროჩკიანმა გააჩერა. ხელი გადაჰხვია და ამჯერად დამტკბარი ხმით უთხრა – კარგი იყავიო. სკოლაშიც იარეო. მარა კაი არ ხარო. კაი მე ვარო და კაი რო იყო მაგას სხვა ის უნდაო…  ნეტა სხვა ის რაღააო, ერთი კი გაიფიქრა ტიტემ,  მაგრამ რადგან კარგი ბიჭობის უფლება მისცეს, ფეხებზე დაიკიდა და ხტუნაობით გაუყვა გზას კარატის წრისკენ. ამის შემდეგ შავსაროჩკიანის აღარ ეშინოდა და ისიც თბილად ესალმებოდა სახლიდან შორიახლოს მოკუნტრუშე ნინუას.  რომ გაიზარდნენ ერთმანეთის შვილები მონათლეს და ტიტეს ბიჭი კლასელებს ემარიაჟებოდა, ქურდის ნათლული ვარო.

ბავშვობიდან მოყოლებული გულუა შიშებს იახლოვებდა და მერე სხვებს აშინებდა ამ შიშებით. ეხლანდელი შიშის კი არაფერი იცოდა და ძილის წინ სულ მოჭრილი ყურების ცეკვა ელანდებოდა.

 

1 2 3 4 5