*     *     *

 

დაგენძრევათო, ფიქრობდა  გამომძიებელი ბეჟან „ბენჯო“ კაკუშაძე. ასეთი სევდიანი არასდროს ყოფილა ახალგაზრდა სამართალდამცავი.

ბენჯო მეორე ცდაზე მიხვდა, რომ  ქალაქის პოლიციის უფროსის კაბინეტი ისეთივე ოთხკუთხედი ყოფილა, როგორიც სხვა ოთახები მსოფლიოში. პატარაობისას ეგონა, ეგ კაბინეტი ხუთკუთხედიაო, კნოპკას თუ დააჭერ ქრება და ქალაქის პოლიციის უფროსი თავისი კაბინეტიდან მინისტრის კაბინეტში ჩნდებაო.

მაგ კაბინეტში პირველად ამა წლის ოცდარვა სექტემბერს შევიდა. ქალაქის პოლიციის უფროსი ვალტერ ჯომიდავა ყავას სვამდა და თეთრ შოკოლადს აყოლებდა. ბენჯოს თვალებით ანიშნა დაჯეო. ესეც დაჯდა. კანკალებდა და თვალებს აცეცებდა, აბა მართლა ხუთკუთხედი თუაო, მაგრამ ჩემი ფეხები. ვერაფერიც ვერ დაინახა.

„აჰა ძუძგე. როშენისაა.“ – შოკოლადი მიუწია ვალტერ ჯომიდავამ.

„სპას… მადლობა. არ მინდა.“ – ხმა უკანკალებდა ბენჯოს.

„პაპიროზიც არ გინდა?“

„პაპიროზი ჰო.“

„ესპანური ქემელია. იცი რა ღიირს?“

„მადლობა.“ – ბენჯომ ღერი ამოიღო.

„იცი რა ღირს მეთქი კაცო?“ – კითხვა გაუმეორა ვალტერ ჯომიდავამ.

„აბა რა ვიცი ბატონო ვალტერ, მარტო უკრაინაში ვარ ნამყოფი.“

„ათი ევრო ტო. აზრზე მოდი რა პროჭები არიან.“

 

მერე ვალტერ ჯომიდავამ ბენჯოს რთული საქმე შეტენა. აბა ისე ვინ დაიბარებდა გარეუბნელ გამომძიებელს ხუთკუთხედ კაბინეტში. ვალტერ ჯომიდავა ამბობდა, რომ ვიღაცა დამპალი ვიღაცა საწყლებს ხოცამსო. ორი კაცი უკვე მოკლაო. ვალტერ ჯომიდავა გაოგნებული და შეშინებული ყვებოდა დანაშაულის დეტალებს, რადგან მის ღვთისმოსავ ბუნებას ვერაფრით გაეაზრებინა, რაში სჭირდებოდა მკვლელს მოკლულების ყურები. ერთს მარჯვენა მოაჭრა მეორეს მარცხენაო, ხმის კანკალით უყვებოდა ჯომიდავა უმცროს თანამშრომელს.  საქმე ჩიხშია და შენი იმედი მაქო, ესეც დაამატა ვალტერ ჯომიდავამ, რომ ბენჯო უფრო მოტივირებული შესდგომოდა ყურუმსაღი მკვლელის პოვნა-აყვანის ოპერაციას.

„თუმცა, კიდევ არსებობს სპეციფიკური გარემოებები…“ – ყავის ჭიქა დადგა ვალტერ ჯომიდავამ.

„რა გარემოებები?“

„ეგ ორივე მოკლული დაკარგული იყო. ტელევიზორში გამოაცხადეს ოჯახებმა, რო დაიკარგა ესა და ესა. გამოაჭენეს სურათი. ერთი სკლეროზიანი ბებერი იყო, მეორე გიჟი. მოკლედ მე მგონია, რომ ტელევიზია მკვლელის ხელში ბრმა იარაღია.“

„როგორ ბრმა იარაღი?“

„კაცო დებილი ხარ შენა? ტელევიზია ამობს დაიკარგა გიჟი. ნაკოლს აძლევს რა. ძალით არ უნდათ, მარა ეგრე გამოდის. ის ვიღაცა კიდე ჩასაფრებულია და დადის მერე ღამე ქუჩაში, რო გადაეყაროს ეგ დაკარგული.“

„იქნებ რიტუალური…“

„რიტუალი შრიტუალი არ ვიცი მე.  დაიჭირე მოუტყანი პატრონი.“

„რამე იპოვეს ტრუპებთან?“

„პირველთან ცარიელი ემენდემსის პაჩკა. მეორესთან ძღრენიანი ნასკი, ბავშვის.“

 

თუმცა ეს იყო ადრე, როგორც საზოგადოდ ბედნიერება, პატივისცემა და ადამიანური ურთიერთობები. და რადგან რთულ დავალებას შესრულება იშვიათად უწერია, ბენჯოს მეორე სტუმრობისას ვალტერ ჯომიდავას მისთვის ესპანური პაპიროზები აღარ მოუწეინებია.

 

„ჰა არი რამე?“ – ჰკითხა ჯომიდავამ.

„ლაქი სტრაიკი.“

„სადაური.“

„რავი ქართული…“

„მაიცა კაცო, რა ლაქი სტრაიკი?“

„მესამე ტრუპთან ეგდო ლაქი სტრაიკის პაჩკა.“

„კიდე დაბრიდა ჰო ვიღაც?“

„ჰო ვინმე ნიკა მანიჟაშვილი. ეგეც  დაკარგული იყო.“

„ეგეც ტელევიზიაში გამოაცხადეს?“

„ჰო.“

„რამე ვერსია გაქ?“

„რა ვერსია უნდა მქონდეს, სად ემენდემსი, სად ლაქი სტრაიკი და ბავშვის ნასკი ვაბშე პრიჩომ.“

„გაგაგდებ!“

„ჰა?“

„დაიჭირე ეგ ნაბოზარი ჯეკი, გამომფატრავი, თორე გაგაგდებ!“

„რა გავიგო ბატონო ვალტერ?  ცალ-ცალკე ემენდემსი, ლაქი სტრაიკი და ბავშვის ნასკი რაღაცას ნიშნავს, მარა ერთად ნაგავია რა.“

„კაი, დაახვიე ეხლა აქედან.“ – ჯომიდავამ ბენჯო კაბინეტიდან გააგდო.

 

დაგენძრევათო, ფიქრობდა  გამომძიებელი ბეჟან „ბენჯო“ კაკუშაძე. ასეთი სევდიანი არასდროს ყოფილა ახალგაზრდა სამართალდამცავი.

 

 

 

1 2 3 4 5