/ამონარიდი რომანიდან/

 

იყო ერთი ყოვლად უგვანი დიდგვაროვანი, იმ მეფეების  შთამომავლობისა, დავითის წარმომავლობით რომ იკვეხნიდნენ, სადღაც 200 წლის წინ გაჩენილიყო და სადღაც 147 წლის წინ ჩაძაღლებულიყო. სენატორი იყო და მტერს ემსამსახურებოდა თავდაუზოგავად, რაღაც საქმეების დეპარტამენტის, რაღაც დირექტორობაც მიეგდოთ გამოხრული ძვლის სალოკავივით, გიორგი მუხრანბატონს ეძახდნენ, თავის ჯიშის და ჯილაგის განადგურებაზე და გაქრობაზე ფიქრობდა დღე მუდამ, ფესვების გახმობაზე. ესე ამბობდა, დიდი თევზები პატარებს ჭამენო და დიდი მხეცები პატარებსო და ჩვენც ასე უნდა შეგვჭამოს დიდმა თევზმა, კარგიც კი იქნებაო. მარტო კი არ ამბობდა, ბლოკნოტშიაც იწერდა, რომ იმ შთამომავლობას დარჩენოდა, რომელიც მალე აღარ ეყოლებოდა.- ესე უნდოდა თვითონ. ხოდა, არა მარტო კარგის და დიდებულის უსაფუძვლო ოცნების დროს იცინის ღმერთი, როცა კაცი ბჭობს, ცუდის და ბოროტის ბჭობის  დროსაც ასე იქცევა. 

 

  1. ყვავი, ზახირა და ჰაჯიიბ იბნ აბულ აზრაკის შავი ქვა.

ეხლა მაინც კაია, ცივი თებერვალია და ეგრე უცებ არ ფუჭდება მკვდარი, არ ყროლდება. აი, მაშინ იყო  ცოტა რთულად, მაშინ ცხელოდა, სექტემბერი იდგა, თან ცხელი.  ფოთლები უკვე შეყვითლებულიყო, მაგრამ ფოთლები ეგრე ხომ, აგვისტოში იწყებენ  შეყვითლებას. შუადღისას მაინც ძაალიან აჭერდა მზე. გამთენიისას  დაიწყეს, სიგრილეში, შუადღემდე რომ მოემთავრებინათ ყველაფერი, თუმცა, როგორც ამ დროს ხდება,- გაიწელა რა, იქ იმან დააგვიანა, აქ ამან უფრო დიდი ხანი გაძლო, მოკლედ, დაცხა და დაცხა, ყველაზე ძალიან რო აიწვერა მზე და არავის  აყვედრებდა თავის მადლიან სხივებს, სწორედ მაშინ მოუწია ყველაზე დაძაბული ამბები.

როგორია, იმხელა ხმლების ქნევა? თან აბჯრის ჯაჭვი თუ გაწყდა სადმე, ხან იღლიაში გერჭობა, ხან ყელს გიხეხავს, ხანდახან მუცელს მტრის მახვილზე უარესად გიფატრავს და გაოფლილზე ხომ საშინელებაა, ამ გადახეხილ, დაკაწრულ კანში რომ მარილიანი ოფლი იღვრება, შეიძლება სიმწრისგან ძალაც კი წაგერთვას, ზოგი ამბობს, -უფრო მეხმარება, რომ ვმწარდები, ვბრაზდები  და უფრო ღონივრად ვუტევ მტერსო, მაგრამ მგონი იტყუებიან, რომ  უძლეველ ვაჟკაცებად გამოჩნდნენ. ზარბაზნები და ფილთა თოფები კი ეხმარებოდა მეომრებს, სად ხმლით სირბილი და სად გასროლილი ჭურვი, ერთბაშად ათ  მტერს რო აჩერებს და ცოტა ხნით დასვენების საშუალებას გაძლევს,   ოღონდ სანამ  ზარბაზნები  გაიტენებოდა, სანამ იქუხებდა. ეს ფილთა თოფები კიდე,-გატენე, კაჟი გაკვესე, გაისროლე… აი, ეხლა ყველაფერი ადვილად ხდება, ეხლა კარგია,  ხელდახელ მაინც არ გიწევს რა, ჩაწოლილი ხარ და შორიდან დაუმიზნებ- გაისვრი, დაუმიზნებ- გაისვრი, თოფებიც უფრო ადვილად და სწრაფად იტენება. თუ ბრძანებაა და მაინც და მაინც ხელჩართულში უნდა გადახვიდე, ეხლა ხმლებიც უფრო მსუბუქია, თან შეიძლება, ერთი ორი მოქნევა დაგჭირდეს მეტი არა, ხან ტყვიამფრქვევი დაგაყრის, ხან ყუმბარა დაგეცემა და გაგხეთქავს შუაზე. მოკლედ, ეხლა უფრო ადვილია რა, ოღონდ ეხლა აუტანლად ცივა, რაღაცნაირი სველი სიცივეა, ნესტიანი, სულ ძვალ-რბილში  ატანს და  ხელ-ფეხის დამორჩილება   ჭირს. ისე, ამ სიცივეს ერთი დადებითი აქვს, შეიძლება მოყინულზე ტყვიის მოხვედრა ვერც იგრძნო.  ამ ავტოებმაც სულ გაადვილეს მოძრაობა, ადრე ფეხით რო გადიოდი ამხელა მანძილს, ეხლა ჩაჯდები და იმის მეათედ დროში ხარ ადგილზე. მიხვალ- გაისვრი, მოგკლავენ, მორჩა..  აბა, მაშინ გენახა ერთმანეთში რო იყო არეული მტერი და მოყვარე, ვინ მომხდური იყო და ვინ სამშობლოს დამცველი, ვინ გმირი და ვინ მოღალატე ვერ გაიგებდი. იმასაც ვერ გაარკვევდი, ვინ დიდგვაროვანი იყო და ვინ ჩვეულებრივი გლეხი, ყველა ერთნაირად იქცეოდა, თუ არ აჯობებდი-გაჯობებდნენ, მარტივი კანონია რა. ამბობენ დიდგვაროვანი ის ხდებოდა, ვინც კარგი მეომარი იყო და უფრო მეტს ხოცავდაო და პირიქით, ვინც  უფრო დიდგვაროვანი ხდებოდი, ვალდებული იყო უფრო კარგი მეომარი ყოფილიყო და მეტი  დაეხოცა, ესე იგი, გამოდის, რომ რაც უფრო ადვილად ხოცავ ხალხს უფრო დიდგვაროვანი ხარ… არ არის ცუდი გასართობი, მაგრამ სიკვდილის შიშის წინ ხომ ყველა ერთი ხდება და ხანდახან მდაბიოებში, ისეთი მებრძოლი გამოერეოდა, დიდგვაროვნები ვერც კი შეედრებოდნენ, თუმცა ეს მდაბიოც, მერე ხო დიდგვაროვანი ხდებოდა და მდაბიოების ხოცვას იწყებდა, მოკლედ… ეგრეა რა წრეზე. ერთი კია,  მზის სხივები ხო ყველასთვის ერთია, თან  რომ ვმძორდებით, ყველა ლეშს ერთნაირი სუნი აგვდის, ეხლაც და ადრეც, აი ეგ სუნია მთავარი, ამბობენ ეგ აყროლებული სუნი გაზიაო, ადამიანის შიგნეულიდან წამოსული გაზიო, თან სასიკვდილო და მახრჩობელაო, ეს იგი ადამიანი რო მძორდება და სუნს უშვებს,  გამოდის თავისთავად ჩაგუბებული ყოფილა აყროლებული სუნი ტანში, აბა საიდან უნდა გამოუშვას ეს სასიკვდილო გაზი, თუ შიგნით არ ინახავს. ესეც ხო ღმერთის მოგონილია, ეს აყროლებული სუნი,- საფიქრალი ამბავია ესა.  ესე იგი, ადამიანი რომ კვდება, ეგეთ სუნს ტოვებს,  ხო შეიძლება რო კარგი სუნი დარჩეს,  მაგრამ არა, ეგეთი სუნი რჩება. მაგალითად, ყვავილი რო კვდება ხო კარგი სუნი რჩება მისგან, ყოველ შემთხვევაში ისე არ ყარს, როგორც ადამიანი. შეიძლება, ადამიანის გარდა სხვა არსებებისთვის სასიამოვნო სურნელიც კია ეს ადამიანის  ყროლის სუნი, მაგალითად ლეშიჭამია ცხოველებისთვის.  გამოდის რომ ადამიანი თვითონვე ვერ იტანს თავის სუნს, ისე მაინც იყოს რომ კარგი ადამიანი კარგი სუნით იხრწნებოდეს, ცუდი ადამიანი – ცუდი სუნით,   ნეტა ეს კაი ადამიანობა და ცუდი ადამიანობა ვიღამ განსაზღვრა?- ღმერთმა! და მაშინ ეს რატო აღარ განსაზღვრა რო სუნიც სხვადასხვა ჰქონოდა, შეიძლება ის მიგვანიშნა, ყველა ერთნაირად იხრწნებით და ეცადეთ სიცოცხლეში კარგი საქმეებით  დაამახსოვროთ თავი დარჩენილებს, რომ სუნს ყურადღება არ მიაქციონო… ასეა თუ ისე, ვინ გაარკვევს ღმერთმა რა იფიქრა,- რაც არის ეგ არის. უპატრონოდ მკვდარ კარგ ადამიანს რათ უნდა ასდიოდეს, უპატრონოდ მკვდარი ცუდი ადამიანის ნაირი სუნი.  ხოდა საბოლოოდ რა ირკვევა?- ირკვევა ისა რომ, ეს სუნი ყველაზე ძალიან მოსწონთ ყვავ-ყორან, აფთარ- ტურებს, ძალიან მოსწონს, ვერც ცუდსა და კარგს არკვევენ და ვერც  მტერ-მოყვარეს არჩევენ, არ აინტერესებთ ეს ადამიანური სისულელეები, არის საჭმელი,- ჭამს. არ არის,- იწყებს ძებნას, თუმცა, რაღაცაში მაინც გვანან ადამიანებს, აი, მაგალითად, თუ აფთარმა ტურას მიერ  გაფატრული ლეში  იპოვა, იცის რომ ტურაზე ღონიერია და შეიძლება წართმევაც სცადოს, ოღონდ გარემოს კარგად დაათვალიერებს სხვა ტურებიც ხომ არ  დაეთრევიან სიახლოვეს, სამ-ოთხ ტურას ვეღარ ერევე, ეს ტურები ერთმანეთს ეხმარებიან, მაგრამ მერე აღარ ჰყოფნით ჭკუა და აფთარს რო დაიფრენენ, იმ გამზადებული ლეშისთვის თვითონ აღადრავენ ერთმანეთს ყელებს.  ეს იცის  აფთარმა და ელოდება ხოლმე, სანამ ტურები ერთმანეთს ბოლოს არ მოუღებენ… მაგრამ ეხლა ვის რაში სჭირდება ეს, იმდენი ლეშია, რატო აიტკიონ თავი, ჭამა ჭამათ და მძორის წათრევას და მიწაში ჩამარხვასაც კი ახერხებენ, საშვილიშვილოდ იმარაგებენ, აბა ერთმანეთის დასაგლეჯად სად სცალიათ.

ჰოდა, არიან ეხლა თავის სამოთხეში ტურა-აფთრები და ყვავ-ყორნები,  ბუნებამ  თავისთავად მისცა  ცოდნა, ზუსტად ერკვევიან სად  და როდის არის  დიდი ხოცვა-ჟლეტა.  ტურა-აფთრები კიდე, საიდან იკრავენ ხოლმე სუნს?- ისე, ან რა სუნის კვრა უნდა, სმენითაც კი ხვდებიან, ისეთი გავარჯიშებული აქვთ… და ინსტიქტი? სანამ ჯარი საომრად შეიკრიბება, მანამდე, დიდი ხნით ადრე, შორეული ხმაური ესმით, ჰაერი ხმაურობს თურმე, რომ ამა და ამ ადგილას, სასტიკი ხოცვა-ჟლეტა უნდა ატყდეს.  სიამოვნებისგან თურმე აფთრები  იფსამენ კიდეც, მოახლოებული შორეული ყიჟინის ხმას რომ იგებენ. ომის გუგუნს რომ იგებენ, მშვიდად გამოდიან ტყეებიდან,  შორიდან, მშვიდად გასცქერიან, ჩასაფრებული ელოდებიან როდის მორჩებიან ეს ადამიანები  ერთმანეთის ჟუჟვას. ხანდახან წათვლემენ კიდეც, არ ჩქარობენ, უყვართ,-  მზის გულზე, რაღაცნაირი ოხშივარი რომ ასდის დახოცილებს, უნდა მოასწრონ სანამ ძალიან აუშვებენ სუნს, მაგ დროს  ყველაზე გემრიელი ყოფილა და ადვილი გასაძიძგნი ლეში. ცოტა ხანში ხრწნა რომ იწყება და ლეშის გაფუჭება,  სუნიც მძაფრდება და უკვე ყველა მხრიდან მოდიან სხვა აფთარ-ტურები. ისე, ძაღლს და მგელს, თუ ძალიან არ გაუჭირდა არ ჩნდებიან აქ, თან თუ ზამთარი არ არის, აქ რა უნდათ, საკვებინ ისედაც აქვთ, შეიძლება მელამ გამოიცუნცულოს, მაგრამ მაინც და მაინც არც ის ეტანება ადამიანს.  ყველაზე დიდი მტერი ვირთხაა, მიხვალ ზემოდან დახედავ, გგონია ხელუხლებელია ლეში, დაითრევ და რას ხედავ გამოუჭამიათ შიგნიდან ვირთხებს, ერთი ციცქნა ხორცი არ დაუტოვებიათ, ის კი არა შიგნით ჩაბუდებულიც არიან და ხან და ხან გგონია რომ მოძრაობს ლეში, შიგნით რომ ფუთფუთებენ და ერთმანეთზე გადადიან. ისეთი გამძღრები არიან, ძლივს მოძრაობენ, მწარე კბენა იციან, წვრილი, ნემსივით კბილებით.  ქვასავით მაგარი ტყავი აქვთ ამ ოხრებს, ლორწოთი და სისხლით გადაგლესილი, გაქვავებული ბეწვი ზღარბივით იჩხვლიტება და იქერცლება, თუ დიდი ხნის ჩაბუდებული არიან, შეიძლება ცოტა მოშიებულიც კი იყვნენ და ამ დროს ძალიან საშიშები არიან, შეიძლება უამრავი დაგესხას თავს და იქით გაგძიძგნონ. ყველაფერი უნდა გათვალო და ფრთხილად მოიქცე, ამხელა სიკეთის დროს, თვითონ არ გახდე მსხვერპლი… თან რამხელა სიკეთეა, ერთბაშად რამდენი,-  ვინმე სპარსელი, ან ოსმალო, ან რუსი ან ქართველი, ან სომეხი, ან ქურთი, სადღაც შეიძლება ევროპელიც გამოერიოს ან ავღანელი თუ სირიელი და ეგვიპტელი, რომელიც ან თავის სამშობლოს იცავს, ან სხვის სამშობლოს იპყრობს, აირჩიე რომელიც გინდა სულო და გულო, ყველა ერთნაირია, მთავარია, ხორციანი იყოს, ან სულაც მსუქანი, ისე მსუქნები ბრძოლაში ნაკლებად ხვდებიან,  დანარჩენი, რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის,  ხოდა არც ტურა-აფთრები ან ყვავ-ყორნები  არჩევენ, ვის სამშობლოს დამცველი გმირია და ვინ დამპყრობელი გმირი, ან გმირია თუ მოღალატე. იმათთვის  ლეში ლეშია, ან რატო უნდა მოიკლან თავი იმის გარკვევით, ვინ როგორ მოკვდა ან რატო,  სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ, თუ ადამიანს ჭკუა არ აქვს და თვითონ ვერ გაუგია ამ ცხოვრების სიამ-ტკბილობის ამბავი, იქითამც გზა ჰქონია, მათ სტომაქებში!

მთავარია გლეხებმა, თავადებმა, რაინდებმა და უბრალო  მებრძოლებმა, დიდებულებმა  და მდაბიოებმა, რიგითებმა და მაღალმა ოფიცრობამ დაუნდობლად უხეთქონ ერთმანეთს თავები და რაც უფრო სასტიკად, მით უკეთესი, მით მეტი დარჩება სათქვლეფი.

ლეშიჭამია ნადირი მანამდე არ ეკარება დახოცილებს, სანამ კვნესა ოხვრა არ ჩაწყნარდება, იციან, ვინმემ შეიძლება  დაჭრილის ან მომაკვდავის გაყვანა დააპიროს, ან სულაც ტყვეების შეპყრობა დაიწყონ გამარჯვებულებმა და ხომ არ შეეჩეხებიან? ამიტომ  ელოდობიან. სიცილი და ქირქილი, რომ იცოდნენ იცინებდნენ და იქირქილებდნენ. ღამით დაეცემიან ხოლმე თავს ამ საპატიო და არასაპატიო გვამებს, იწყებენ გამოფატვრა-გამოშიგნვას, ნელ-ნელა, ზანტად, სიამოვნების და კმაყოფილების სრული განცდით. მაგალითად შეიძლება მიადგეს ვინმე დიდებულის ლეშს, რომელიც მარტო იმიტომ ჩაიჟუჟა აქ, რომ შვილს საგმირო საქმეებს დაჰპირდა. ომში წამოსვლის წინ  უთხრა,- მამა, შვილო, გურჯისტანს რომ დავიპყრობ, მერე წაგიყვან და იქ დიდი სასახლე შენი იქნებაო,- ამ შვილის სურათი, ერთი დიდი მხატვრის დახატული, მობრილიანტებულ-მოოქროვილ გულსაკიდში ჰქონია ჩასმული და დაატარებდა …და რა გინდა რომ ჰქნა, სულ შემთხვევით ერთმა კარგმა მოხანჯლავემ პირდაპირ ლაჯებში ამოისვა მოკლე ხანჯალი და ჩატოვა ამ გუჯისტანში ტურების საჯიჯგნად, ტურამაც არ დაახანა, მივარდა, არც დაუსუნავს, პირდაპირ ყელში თქაფანით ჩაასო ალმასივით ღოჯ-კბილებით, გამოზიდა ხორხი და არტერიები, ჩაგუბებული სისხლი დინგსა და თვალებზე შეენთხლა, კბილების სიყვითლე აღარც უჩანდა, სულ წითლად უელავდა, ღიმილი რომ სცოდნოდა გაიღიმებდა და ნება-ნება,  სიამოვნების უზომო შეგრძნებით ხორხთან ერთად ის გულსაკიდიც თან გაიყოლა, თქვლიფა და თქლიფა ეს შენი დიდგვაროვანი, ჯერ ნეკნები დაულეწა და გული ამოახია, მერე ფილტვებში ჩაგუბებულ სისხლში გაილაღა, ბოლოს სტომაქში იგუნგლავა და გამძღარმა და კმაყოფილმა ერთი სამი დღის საჭმელი შიგნეული გამოიყოლა, ტყის პირას მიწაში ჩამარხა და დაისვენა. ცოტა ხანში, კარგა გამაძღარზე გაბერილმა მუცელმაც შეაწუხა და იქვე   ბუჩქებში კმაყოფილმა მოისაქმა, და ის შვილის სურათიანი ოქროს გულსაკიდი ტყისპირას ტურის ქაქში აირია და სისხლით გაგლესილ მიწაში ჩაიკარგა.

ყვავებს კი თვალები უყვართ, ჩაკ- ჩაკრავენ, ამოაგდებენ ბუდიდან და მიაქვთ თავის ბახალებთან გემრიელობები, და კიდე, ბრჭყვიალები უყვართ ძალიან. ერთ ყვავს… ამბობენ ტყუილიაო, რომ ყვავები სამასი წელი ცოცხლობენო, ისე, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წელი ცოცხლობენ ან ეს ყვავი რამდენი წლის იყო…  ბუდეში 5 ბახალა ელოდებოდა და საკვები უნდა მიეტანა, იმ წელს ძალიან ცხელი ზაფხული იყო და კარგად ვერ კვებავდა, ამიტომ ამ ომმა ბეწვზე მოუსწრო, უუჰ, გაიხარა, როგორც იქნა დააპურებდა შვილებს, თან როგორ გემრიელად? ჰოდა დააფრინდა ერთ რაინდს, რომელსაც თვალები ყველაზე დაჭყეტილი  ჰქონდა, სხვებს მიასწრო, თორემ ვინ დაუტოვებდა ესე, სავსე იყო გარშემო ჭილყვავებით. ხუთი შვილის  დედაა, რა ქნას, უნდა იბრძოლოს, იშრომოს, ყველაზე ძლიერი უნდა იყოს, ყველას უნდა დაასწროს… მოკლედ, დააფრინდა ყველაზე თვალებდაჭყეტილ რაინდს და ჯერ ერთ თვალში ჩაჰკრა დიდი და ძლიერი ნისკარტი, ამოუგდო და გვერდით მოიდო, მერე მეორე თვალში,- ჩაკ და ისიც გვერდზე მოიდო, ამას ისე მოხერხებულად აკეთებდა, არც ერთი თვალი არ გასკდომია, შვილებისთვის  უვნებლად უნდა  მიეტანა ნუგბარი. ის ის იყო, ორივე თვალი ნისკარტში უნდა მოეგდო და ხორხში ჩაემალა წასაღებად, რომ უცებ, მთვარის შუქზე რაინდის ყურში გარჭობილმა უშველებელმა ბრილიანტმა იელვა, ვერც კი ხვდებოდა რატომ უყვარდა ეს ბრჭყვიალა ნივთები, უყვარდა და მორჩა. დიდი საყურე იყო, კაცები რომ ატარებენ, შუაში დიდი ბრილიანტი, აქეთ-იქით სამი ზურმუხტი და სამი ალაჰის ქვა, ჯერ კიდევ ამ რაინდის დიდპაპის დიდპაპამ ალ ჰაჯიიბ დინ ბულ სარამ  წამოიღო ქააბადან. ამ ალ ჰაჯიიბ დინ ბულ სარამ პირველი რაც ჩაიფიქრა, აბუ კუბაისზე უნდა ასულიყო და ქააბას აშენებისთვის ქვა ჩამოეტანა. ბევრი რამ გადახდა მაშინ ამ სამი ნატეხის მოსაპოვებლად, ვინც გზაზე გადაეყარა ყველა დახოცა, ასამდე რომ ავიდა დაიღალა და თვლაც აღარ უცდია, ალბათ ერთი იმდენი კიდევ მიაკლა, სანამ ქვამდე მიაღწევდა. ალმასის მახვილი ჰქონდა წამოღებული, რომელსაც არაფერს აკარებდა, მხოლოდ ამ შავი ქვის ნატეხის ასათლელად სჭირდებოდა და მოახერხა კიდეც, მალულად თუ მოხერხებით მიუახლოვდა და ჩამოათალა ეს სამი ნატეხი. ქააბას ალაჰის  შავი ქვის ნატეხის ღირსნი  მხოლოდ რჩეულები ხდებოდნენ, მათ შთამომავლობას მარადიული გამარჯვება, ხანგრძლივი სიცოცხლე  და სიმდიდრე  ელოდა. აი ასე, აი სწორედ ამ ალ ჰაჯიიბ დინ ბულ სარას შთამომავალი იყო ეს  რაინდი, ახლა თავზე რომ ეჯდა ყვავი, პაპამისმა აჩუქა ეს საყურე, კი არ აჩუქა, თავისი ხელით ჩაარჭო ყურში სულ სამი წლის რომ იყო, მაშინ.  მამამისი გმირულად დაიღუპა ბრძოლაში და პაპამ საყურე მოხსნა შვილს და თავის შვილიშვილს ჩაუმაგრა,- არასოდეს მოიხსნა და დაგიცავს და დაგიფარავსო. მამაშენი იხსნიდა ყურიდან და იმიტომაც გასწირა მტერმა, მაგრამ ალაჰისთვის მოკვდა და რა მნიშვნელობა აქვს, ეხლა შენ გააგრძელებ იმ დიდი ალ ჰაჯიიბ დინ ბულ სარას სახელსო. თვითონ რაინდს  ჰაჯიიბ იბნ აბულ აზრაკი ერქვა, ჰოდა ეხლა პირდაპირ მკერდზე ეჯდა დედა ყვავი ამ ჰაჯიიბ იბნ აბულ აზრაკს და თვალს ჭრიდა რაინდის  ბრილიანტის სიკაშკაშე, ზურმუხტთა ლივლივი და შავი ქვის იდუმალება. არც აცია, არც აცხელა ყვავმა,  რაინდის ორივე თვალი პირიდან მის მკერდზე დააგორა, რომ არ დაკარგვოდა, ასწია თავი და ორჯერ ღონივრად თხლიშა ნისკარტი ყურში და მოხერხებულად გაძიძგნა ბიბილო, ბავშვობიდან ყურს შეხორცებულ საყურისგან გახევებული გამომშრალი ხორცი უცებ გატყდა, ყვავმა ჯერ ეს მშვენიერი, თითქმის ოთხი საუკუნის საყურე მოიქცია ნისკარტში, მერე ერთი თვალი  მიუდო გვერდით და მომცრო ენით გაჭედა სასასთან, მეორე თვალს ბასრი ნისკარტი ფრთხილად ჩაასო რომ არ გაეხეთქა და დინჯად აფრინდა. ან რატომ უნდა მოეცადა, ეს ლეში ხვალეც აქ იქნებოდა, იმდენი კი გადარჩებოდათ ტურა-აფთრებს რომ მის ბახალებს წლები ეყოფოდათ, თვალებს კი თუ ახლა არ წაიღებდა ჩაიჩუტებოდნენ, გამოშრებოდნენ და იმ წვნიან გემრიოლობას ვეღარ გასინჯავდნენ ბახალები.

 

 

 

 

1 2 3 4