ჯერ თვალები დაალაგა ბუდეში, ბახალები უხეშად მიყარა ერთ კუთხეში, რომ არ ეჩხუბათ, მერე საყურე გადმოაცურა პირიდან. ენა მიაშველა, ნისკარტით მიმართულება მისცა და იქვე ბუდეში, გამხმარ, აბლაბუდით ამოლამბულ და გველის ტყავში გამობურდული ბალახების ქვემოთ საგულდაგულოდ დამალა, ოღონდ ისე რომ ბრილიანტი გამოჩენილიყო,  მზის სხივები მოხვედროდა, ებრწყინა და მთვარის შუქზე ელივლივა. წამით ბუდეში ჩაჯდა და ბახალები დაივიწყა, მოეშვა, ამოისუნთქა, დაფიქრდა, მაგრამ ვინაიდან ადამიანი არ იყო და ფიქრი არ იცოდა რა იყო, შემდეგ წამს ბახალები ბუდის შუაში მოაქცია, ჰაჯიიბ იბნ აბულ ჰაზრაკის თვალებს დააჯდა, ჯერ ერთი ბახალა გამოათრია  და უფლება მისცა სულ ახლად გაძვლოვანებული  პატარა ნისკარტი ჩაესო თვალის თეთრ გუგაში, ბახალამ სიამოვნებით წამოიჭყავლა და სქელი მასა მოსვა, ესიამოვნა და ხარბად დაეწაფა, თუმცა დედამ დროზე მოაცილა და შემდეგი ბახალა შემოათრია, ასე, ხუთივემ გემრიელად ივახშმეს და დედის ფრთებს ქვეშ გაყუჩდნენ, დედა ყვავი კი თვალს არ აცილებდა მთვარის შუქზე მოლივლივე ბრილიანტს, რომელიც აგერ უკვე 126  წელზე მეტია აქ არის და აღარ იცავს ჰაჯიიბ იბნ აბულ ჰაზრაკის შთამომავლობას, არა და ეგონათ  ქააბას  შავი ქვისგან ქურდულად მომტვრეული ნამცეცები დაიცავდა.

126 წლის მერე,  უკვე კარგად დაბერებული  დედა ყვავი ისევ დასცქეროდა ჰაჯიიბ იბნ აბულ ჰაზრაკის საყურეს, რომელიც თებერვლის გაყინულ მზესაც კი ირეკლავდა, ჭუჭყისგან და სკინტლისგან უკვე გვარიანად გაშავებულიყო, თუმცა დედა ყვავი შესაძლებლობის მიხედვით მაინც აცილებდა მიმხმარ სკინტლს. ბახალები ბოლოჯერ გამოეჩეკა, უკვე დაზრდილიყვნენ და გაფრენილიყვნენ, ამის შემდეგ  ვეღარც კვერცხს დადებდა, ვეღარც გაზრდიდა, დარჩენილი იყო თავის ბრილიანტთან და შავ ქვასთან  მარტო და აღსასრულს ელოდა, ამდენი ომი და ხოცვა ჰქონდა ნანახი, აღარც ქვემეხების ხმაური აფრთხობდა და აღარც ტყვიების ზუზუნი, თბილ ქვეყნებში გაფრენა ვერ მოასწრო, ჯანი აღარ მოყვებოდა და აქ დარჩა ბეღურებთან ერთად. სინანულით შესცქეროდა, ეს პატარა გამძლე ჩიტები, ყუმბარების  გრუხუნზე, გულდახეთქილები როგორ ცვიოდნენ ძირს, ერთმა გუშინ მატლებიც კი მოუყვანა, ეცოდებოდათ. ჩამჯდარიყო ესე, ჩათბუნებული თავის ბუდეში და  ქვემოთ, ხის ძირში, ყუმბარით გაგლეჯილ მეომრებთან აღარც კი ცდილობდა ჩაფრენას და საკვების მომარაგებას, აღარც შეეძლო, თან ძალიან სციოდა. დაჰყურებდა ზემოდან პატარა ბიჭების გვამებს, ერთი ყველაზე ახლოს იყო ხესთან, თავი ჰქონდა მოწყვეტილი, მისმა გამოცდილმა თვალმა მოშორებით, ყუმბარით დატოვებულ ორმოში უცებ მონახა მიწა მიყრილი  თავი, მაგრამ კვლავ დაეზარა ტანის წამოწევა.

იეზიდი ზახირა და რუსი ნიკიტა კარპოვიჩი მიხეილის სავადმყოფოს მორგში შრომობდნენ,  რაც დახოცილები გააპატიოსნეს ამ სიცივეში ხო გააპატიოსნეს და ეხლა თავწაგლეჯილ ტანებს თავებს არგებდნენ, გადათვალეს და თორმეტი ეგეთი ტანი იყო. ნიკიტამ რომ ზახირას ჰკითხა, რამდენი თავიაო, ზახირამ წვალებით დათვალა და ცამეტი გამოუვიდა, გაუკვირდა ნიკიტას სხვა ომებში არასოდეს ეგრე არ ყოფილა, სულ თავები იკარგებოდა და ეხლა ტანი დაკარგულაო, მაინც არ ენდო ამ გამოშტერებულს, გადათვალა და ღონივრად წაუთაქა კეფაში, ტანების  და თავებზე ერთით მეტი  იყო, ესეც იშვიათად ხდებოდა, მაგრამ არც ისე. ეწყინა ზახირას, რაღაცის გახსენება უნდოდა, მაგრამ რომ ვერ გაიხსენა არაყი მოუნდა, მზერა კი გაექცა ბოთლისკენ, მაგრამ უცებ მოარიდა თვალი, ახალი წამორტყმული ჰქონდა თავში და აღარ უნდოდა არყის გამო კიდევ მოხვედროდა, არა და ძალიან უნდოდა დალევა, ისე ვერ გაიხსენებდა იმ რაღაცას, რაც დაავიწყდა.

-კაი დავიწყოთ დროზე, სანამ გაყინულებია, თორე რო მოლღვებიან, მერე ძნელი გასარჩევი იქნება სახეები, აიზილება ტვინში და სისხლში, სუნიც აუვა და გაჭირდება საქმეო- თქვა ნიკიტა კარპოვიჩმა და მაგიდის ქვემოდან არყის ბოთლი გამოაძვრინა, 30 წელია აქ მუშაობს, რა არ უნახავს, მაგრამ ერთი-ორი ყლუპის გარეშე მაინც ვერ საქმიანობს, არა, ლოთი არ არის, ის კი არა სულაც არ სვამს, უკვირთ რუსი და ესეთი სიფხიზლის მოყვარული როგორ ხარო და ეგეთებიც ხდებაო, ღიმილით პასუხობს ხოლმე. აი, ზახირას კი ძაალიან უყვარს არაყი, რელიგია კი უკრძალავს, მაგრამ უყვარს.  არც იცის, რომელ ღმერთზე უნდა ილოცოს, მამამ უთხრა, ჩვენ რო ვლოცულობთ ღმერთზე, იმ ღმერთს მთვრალები არ უყვარსო, მაგრამ ის რა ღმერთია ერთ ზახირას არყის სიყვარულს თუ არ შეარჩენს, ვერაფრით მიხვდა სად და როგორ უნდა ილოცოს, ის კი იცის რო ღმერთი არსებობს, არსებობს კი არა, შეხვედრია კიდეც, ოღონდ იმას ვერ ხვდება ღმერთთან დასალაპარაკებლად წესები და სხვა ადამიანები რა საჭიროა, ღმერთმა ხომ ყველა ენა იცის, ღმერთს რას გაუფუჭებ თუ პირდაპირ დაელაპარაკები. აბა,მე  თუ რამე მიჭირს, ჩემ მაგივრად სხვა როგორ ეტყვის, მე უფრო არ ვიცი რა მიჭირს? ან კიდე, მე უფრო არ ვეტყვი, როგორ მიყვარს, სხვა რაში მჭირდება, უნდა შემისრულებს, უნდა არა, უნდა მომისმენს, უნდა არა. ვერც იმას ხვდებოდა,- ის იმათი ღმერთია, ეს ამათი, ის ესე, ეს ისე… ან ეს ღმერთის სახელები რა საჭირო იყო, თუ ღმერთი ყველგან არი. აი, აქაც არის ღმერთი,- აქაც კი, ის კი არა აქ უფროა… მერე სადღაც იჭედებოდა ფიქრში და ამ დროს მოუნდებოდა ხოლმე არყის დალევა, დალიე ერთი-ორი და მორჩა აღარაფეზე არ ფიქრობ, არ წვალობ. თან უარყოდ მართლა ვერ გაიხსენებდა იმ რაღაცას, რაც დაავიწყდა.  მაგრამ ეს ნიკიტა არ აძლევს გასაქანს, სულ ცხვირპირში ურტყამს თუ შეამჩნია, რომ ზედმეტი მოუვიდა. ეხლაც კბილები უკაწკაწებს ზახირას, მაგრა ნიკიტამ შეუბღვირა და გაჩერდა. ნიკიტას ფხიზელი დამხმარე უნდა, თორე სულ არ ადარდებს დათვრება თუ არა ზახირა, თუ უნდა სული გაუცხია იმდენი ჩაუხეთქია, მაგრამ ამ ადგილზე ყველა ვერ მუშაობს და იმიტომ უფრთხილდება და აკონტროლებს, რომ სმას არ გადაყვეს, არც საქმე გააფუჭოს და არც თვითონ გაფუჭდეს. თან ეს ზახირაც ხო ცოტა ჭკუანაკლულია, თორე აბა აქ ჭკუადამჯდარი ვინ იმუშავებს. თვითონ ნიკიტა იშვიათი ადამიანია, ვიღაცამ ხომ უნდა იმუშავოს აქ,- რახან საჭიროა ეს საქმე, ესე იგი ხალხს სჭირდება, სახელმწიფოს, იმპერატორს, თუმცა რაღა დროს იმპერატორია, მაგრამ ნიკიტას არ სჯერა,  რომ იმპერატორი როდისმე გაქრება. იმპერატორი სულ იქნება,- ამბობდა ნიკიტა და თუ ზახირა შეეწინააღმდეგებოდა,- ხო თქვი რომ იმპერატორი ჩამოაგდეს და ეხლა გლეხების მუშების და ბოლშევიკების არის ქვეყანაო, გააქანებდა მუშტს და თავში ჩაარტყამდა ხოლმე, ერთი კარგად მიაგინებდა კიდეც, შენი დედა მოვტყან, გლეხების მუშების და ბოლშევიკების კია, მაგრამ მათაც ხომ უნდათ თავისი იმპერატორიო, ოღონდ ამათ, ამ, გრუზინებს,  არც მუშები უნდათ, არც გლეხები, არც იმპერატორი. საერთოდ რა უნდათ? ეს უნდათ ხო,- ხოცვა-ჟლეტა. იმპერატორი მაინც მოვა და თავისას წაიღებს.

ნიკიტამ ამ თავწაგლეჯილების ჯიბეებიდან და სამხედრო აბგებიდან ამოღებული დოკუმენტები გადათვალა, თორმეტი ტანი, თერთმეტი დოკუმენტი. მარტო ერთს არ ჰქონდა, იმიტომ რომ დამწვარი იყო, მთელი ტანი ჰქონდა დამწვარი და ეტყობა დოკუმეტებიც დაეწვა.

სამ დოკუმენტში ეწერა, რომ კრასნოარმეიცები იყვნენ, სამიდამ ერთი სომეხი იყო, ორი რუსი,  კიდე სამს დოკუმენტში  რუსულად ეწერა  არმიანსკაია კრასნაია კავალერია  და სამივეგან რუსული გვარი ეწერა.  ჩაფიქრდა ნიკიტა, ესე იგი რუსები ომობენ, გაეღიმა. „ნაშა სლავნაია არმია“- გაიფიქრა, ისინი მოვლენ და ყველაფერს დაალაგებენ. ცოდოები არიან ესენი, არ არიან ცუდი ხალხი, მხიარულები არიან, ოღონდ ვერ ვეგუები მაინც, აქა ვარ დაბადებული, აქა ვარ გაზრდილი და ამათი ენა ვერ ვისწავლე. ან რათ უნდა ვისწავლო? ეს რა ენაა, აი, ისევ მოვლენ ჩვენები და ჩვენ წესიერ ენაზე დაიწყებს ყველა ხელახლა ლაპარაკს. მაშ იმპერატორის გარეშე, როგორ იქნება ცხოვრება, ვინ რისი გამკეთებლები ვართ. ზახირაც ხვდებოდა, რომ ყველას სჭირდება თავში იმპერატორი, ჩუმდებოდა და  ამ ფიქრზე გადაყოლას ისევ გვამების შიგნეულში ხელების ფათური  ერჩივნა. ნიკიტამ მორიგჯერ გადათვალე ცალკე თავები, ცალკე ტანები. ცალკე ტანები, რომელსაც თავები მოარგეს, ცალკე თავები, რომელსაც ტანები მოარგეს. ცალკე უტანოდ დარჩენილი თავები და ცალკე უტანოდ დარჩენილი თავები.

-იოპტაა,- ჩაიბურღუნა თავისთვის- ეს ტანი ამ თავის არ იქნება, იმოტომ რომ ამ ტანს კისერიც მოყვება და ქვედა ყბაც, ამ თავს კიდე ქვედა ყბა თავისი აქ.  ესე იგი, უნდა ვეძებო ტანი, რომელსაც კისერი კი აქ, მაგრამ ყბა არა, ან უნდა ვეძებო თავი რომელსაც ყველაფერი აქ, გარდა ქვედა ყბისა… ისე, ეს როგორ მოხდა, ნაჯახით გადააჭრეს… არა, ხმლით…. ზახირ, აბა გამოიცანი ეს თავი რითი იქნება მოჭრილი, ზარბაზნით, ხმლით თუ შტიკით. ზახირა  ყბასთან გადაჭრილი ტანს დააკვირდა,- ესა?… ვაააჰ- თქვა უცებ და სადღაც გავარდა,- აბა ეს რა არი,- და სკამის ქვემოდან ნახევრად გადაგლეჯილი თავი გამოათრია, მარტო ქვედა ყბა და კეფა იყო დარჩენილი ყურებით, დანარჩენი არსად ჩანდა, – აჰა, ეს არი მაგისი,- თქვა და  ტანს თავი მიადგა, რომლისთვისას ყვავ-ყორნებს თვალები ამოეჩიჩქნათ და შავი ორმოებით იყურებოდა.

ნიკიტას ფართოთ გაეღიმა, ზახირას  მსუბუქად წაუთაქა კეფაში- მალადჩინა, – უთხრა და ჯილდოდ, დიდ, ნათალ ჭიქაში არაყი დაუსხა, ზახირამ სულმოუთქმელად დალია. –  – ესეც ესე,- თქვა ნიკიტამ- ესეც ვიპოვნეეთ, ზნაჩიც ერთი ტანი დარჩა უთავოდ. არა კაცო ერთი თავი დარჩა უტანოდ. თვითონაც დაისხა- ნათელში იყვნენ ეს უბედურები. ვინც სამშობლოსთვინ დაიღუპა პირდაპირ სამოთხეში მიდის.

-ვისი სამშობლოსთვის, თავისი თუ სხვისი,- ჩაფიქრებით იკითხა ზახირამ- ალბათ თავისი, არა? ისე, ნიკიტა კარპოვიჩ, ეს ვისი სამშობლოა, ამათი?- და ამოისუნთქა ზახირამ, გაიხსენა რაც დავიწყებული ჰქონდა, მაგრამ ის გაიხსენა რაც დავიწყებული ჰქონდა? ან რაც გაიხსენა ის დაავიწყდა? მიხვდა ახალი საფიქრალი გაუჩნდა და არაყი კიდევ უფრო მოუნდა.

ისხდნენ ესე, ტურები და აფთრები ტყის პირას და ელოდებოდნენ ამ ხოცვა-ჟლეტის დამთავრებას, არც კი ერჩოდნენ ერთმანეთს, ერთხელ არ შეუღრენიათ ერთმანეთისთვის და ერთხელ არ გაავებულან, ლეშის მათრობელა სუნი ტრიალებდა ჰაერში  და აბედნიერებდა მათ ყნოსვას. სულ ცოტა ხანში, როცა ადამიანები  ერთანეთში ურთიერთობას გაარკვევდნენ, ან ვერ გაარკვევდნენ,- ვიღაც გმირის სახელით გაქრებოდა, ვიღაც დამპყრობელის თუ ვიღაც მშიშარის ან მოღალატის, მაშინ დაიწყებოდა  ტურების, აფთრების, ყვავ-ყორნებისა და ჭილყვავების, ჭიაღუა-მატლების მაძღარი ცხოვრება… და თუ კი ღმერთმა დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება ერთდროულად გააჩინა, ვინ ვის შეჭამს, აბა რაღა მნიშვნელობა აქვს.

-მზათ არი,- თქვა ზახირამ  და მავედრებელი თვალებით შეხედა ნიკიტას- არაყი მინდა, თორე ვეღარ გავუძლებო, მოთბა ცოტა, გვამები მოლღვა და გაწუწულ ამოგლესილი იყო მოყავისფრო-მოწითალო-მოყვითალო სითხეში,- ერთხელ ტვინზეც გაუსხლტა ფეხი,- ფუ შენი დედა მოვტყანო,- შეაგინა ზახირამ და წამოაზიდა, იშვიათად აზიდებდა ხოლმე, უფრო მაშინ, გვამის განავალში რომ უწევდა ხელის ამორევა,- ეს არ მოსწონდა ყველაზე მეტად, განავლისგან რო იცლებოდა გვამი. განავალი ზაფხულში იყო საშინელება, ეხლა კიდე რა უჭირდა, გაყინული იყო და სუნი ისე მძაფრად არ ასდიოდა.

მიუხედავად იმისა რომ მეორე ათასწლეულის დასრულებამდე სულ რაღაც 79 წელი რჩებოდა, თითქოს არაფერი შეცვლილიყო და ისევ ის 1795 წელი იდგა. ზუსტად ასე იჯდა იმ 1795 წელს  ქაიხოსრო ხარჯახიშვილის პაპის პაპა თავისი შვილის ცხედრის წინ და მეორე შვილის ცხედარს ელოდა. აი, გავიდა 126 წელი და ახლაც ასე ზის ქაიხოსრო  ხარჯახიშვილი, იმ დიდი პაპის პაპის შთამომავალი ქაიხოსრო მცირე და კვლავ წინ უსვენია ერთი შვილი და მეორის მოსვენებას ელის, უფრო სწორედ მეორის თავის პოვნას ელოდება, რომ მოესვენონ.

 

 

 

1 2 3 4