1. შვილები

უფროსი ვაჟი, ზაალი, რომელიც უკვე მოსვენებული იყო და შუა ოთახში გაშოტილიყო,  23 წლის იყო, ყუმბარას შუაზე გაეწყვიტა, მკერდი და თავი ცალკე იყო გამოხრუკული. მკერდს  ქვემოთ, იუნკერების ფორმა ნაფლეთ-ნაფლეთ ეკიდა დაგლეჯილ სხეულზე.

ლევანი 21 წლის იყო, იმის სხეული ნანახი ჰქონდა, უთხრეს, თავს ვერ ვპოულობთ, რომ ვიპოვით გაგაგებინებთო, მერე ტანიანად წაასვენეთო. ისე სწრაფად გაიქცა ლევანი ომში, იუნკერის დამადასტურებელი ფურცელი ფოტოთი სახლში დარჩენოდა და ამიტომ ვერ იგებდნენ ვისი თავი ვის სხეულს ეკუთვნოდა.

გარეთ ციოდა.

მუსიკა შემოდიოდა ქუჩიდან. მარსელიოზას უკრავდნენ, მერე ვიღაც რუსულად ახავლდა.

სასტუმრო ოთახში, დიდ ვიტრაჟიანი კარს იქით მოჩანდა პატარა ბიჭი, როგორ დადიოდა სახლში. ულოგიკოდ მოძრაობდა, ვიტრაჟი, მის ანარეკლს რამდენიმე ნაწილად ყოფდა და ერთმანეთში ურევდა, ანარეკლი ოთახის რამდენიმე კუთხეში ერთდროულად იყო. წრეებს აკეთებდა, აქედან იქით, იქიდან აქეთ. განივად და გრძივად, ჩერდებოდა და ისევ მოძრაობდა.

ოთახის კართან გუვერნანტკა თეკლა ატუზულიყო, რომ ბიჭი აქეთ არ შემოსულიყო, სადაც ერთი ძმა მოეტანათ და მეორეს ელოდნენ.

ასმათი, ლევანის ტანსაცმელს ეძებდა, ბიჭი რომ მოვა ახალი ტანსაცმელი ჩავაცვათო და ჩასძინებოდა, ვერ იღვიძებდა.

ქაიხოსრო მცირე იჯდა  და შვილებს გაჰყურებდა, უფრო სწორედ ერთ შვილს გაჰყურებდა, მეორეს კი ელოდა.

ხელის მსუბუქი დაქნევით თეკლა მოიხმო,- გეხვეწები, ბავშვი მშიერი არ დასტოვო.

– დიახ,- თქვა ჩუმად თეკლამ და ისევ მოაწვა ცრემლები. ნერწყვი გადაყლაპა, რომ ტირილი შეეკავებინა.

გარედან ისევ რუსული მარსელიოზა თუ  ბოლშევიკების რაღაც ჰიმნი ისმოდა, ქაიხოსრო მცირე ზლაზვნით წამოდგა, წელი სტკიოდა ამ ბოლო დროს, ექიმმა კარლ ვეტცელმა უთხრა, ან ასაკია და მარილები გიგროვდება მენჯებში ან პროსტატის ჯირკვლის ანთებაა და ბევრი უნდა იაროო. ვეღარ მიხედა, დრო ვერ იპოვა, თან ასმათი უფრო ცუდად იყო შაკიკისგან, იმისთვის უნდა მიეხედა. კეთილშობილი გვარის ადამიანებს ემართებათ ეს ჯანდაბა და ეტყობა სადღაც მდაბიო სისხლი მირევია, თორემ რატომ უნდა ვიყო ესე ავადმყოფურად ჯანმრთელიო.

გაეღიმა.

გავიდა თავის კაბინეტში, კედლიდან იტალიაში ნაჩუქარი თოფი ჩამოხსნა. მაჩაბლების გიორგისთან რომ იყო იტალიაში, მისმა მსახიობმა ცოლმა, რა ერქვა ვერაფრით გაიხსენა, იმ ქალმა აჩუქა. მოიცა, მარია, მარია კი არადა ნორინა, აააჰ, ნორინას ეძახდენენ თეატრში, ჰო- მარია კარმი და ნორინა ჯილი. მოკლედ, ნორინამ აჩუქა, ნორინამ კი არა, მარიამ,- დაბადების დღეზე, მართლა კარგი თოფია. გადახსნა, ლულაში გახედა, უჯრიდან სავაზნე ყუთი ამოიღო, დიდ გასაღებზე ჰქონდა ხოლმე დაკეტილი უჯრა და სულ თან დაჰქონდა, რომ ყოველთვის ეგრძნო თუ მოისაკლისებდა. ეს მამაძაღლი, პატარა ელიზბარი, გიჟდებოდა თოფებზე და მის ოთახშიც თავისუფლად შესვლა შეეძლო. რატო უნდა დაეყენებინა ცდუნების წინაშე ბიჭი, სხვა თოფის ვაზნები კი ამაზე არ მიდიოდა, იტალიიდან ჩამოჰქონდა სპეციალურად. ხუთი ვაზნა მიდიოდა, ორი ლულაში და სამი ლულის ქვემოთ პატარ მჭიდში, ძალიან მოხერხებული და  ღონიერი იარაღი იყო, შორს მიჰქონდა და დათვს აგდებდა. ლამაზად ნაკეთი იყო, ვადის გასწვრივ, მოოქროვილ ფირფიტაზე ძალიან მოხდენილად ეწერა Bartolomeo dalla Lombardia,- ბართოლომეო ლომბარდიიდანო.

ქაიხოსრომ ლულას ზემოდან ჩახედა. სავაზნე ყუთიდან  ვაზნები ამოიღო, თოფი ბოლომდე გატენა. უჯრა ისევ დაკეტა, ოთახიდან გასვლის წინ სეკრეტერის სულ ქვედა სამალავ უჯრას ხელი მოავლო, დაკეტილი იყო თუ არა და ისევ შვილებთან გავიდა, უფრო სწორედ ერთთან, მეორეს ელოდა…  ზაალი, ისევ ისე, ნახევარ-ნახევრი გაშოტილიყო ტახტზე, დარბაზის შუაში. ტახტი დიდი იყო და ლამაზი, ირანული ნოხით იყო დაფარული, ჰუსეინ ყული ხანს ეჩუქებიდა ეს ნოხი კიდევ ერთი დიდ პაპისთვის, ავი ზაალისთვის.

ქაიხოსრო მცირემ ისევ ლულას ჩახედა, ისევ გახსნა თოფი. ხუთი ვაზნა ბრძანების მოლოდინში გაყუჩებულიყვნენ ლულებში  მჭიდში და არ ინძრეოდნენ, თვალსაც არ ახამხამებდნენ, სუნთქვასაც კი იკავებდნენ. ქაიხოსრომ დაკეტა თოფი, კონდახით იატაკს დააბჯინა და ლულას ნიკაპით დაეყრდნო. ხელის გულებით, ვადაზე ამოტვიფრულ ორნამენტებს გრძნობდა. ცერა თითით წარწერა იპოვა Bartolomeo dalla Lombardia და ორჯერ სამჯერ ფრჩხილით გადაურბინა, იქით-აქეთ, ზემოთ- ქვემოთ.

მერე პაპამისის პორტრეტს გახედა. აი, იმ ავი ზაალის, ვისაც ის ირანული ნოხი აჩუქა ხუსეინ ყული ხანმა. ავი კიდევ იმიტომ დაარქვეს, ყველას ეჭვი ჰქონდა რომ მეტისმეტად ავი სამაგიეროს გადახდა იცოდა, თუმცა,  სულაც არ იყო ავი, ბრაზიანი და სასტიკი. მეფემ თავისი  პორტრეტი რომ დაახატინა, მერე თავის შვილის პორტრეტიც შეუკვეთა, მერე ადგა და ამ თავისი შვილის მეგობრის პორტრეტიც დამიხატეაო,- უთხრა მხატვარს, ეგეთი მეგობარი უნდა დააფასო, მაშინ ხარ ნამდვილი მეფეო, დაარიგა  შვილი, დაუოკებელ ალექსანდრე ბატონიშვილს. ხო  და, ის მეგობარი იყო ზუსტად ის ავი ზაალი, ქაიხოსრო მცირეს დიდ პაპა. ის ალექსანდრე ბატონიშვილი კი იმ დიდი მეფის შვილი იყო, ეხლა ზოგი რომ ლანძღავს, ზოგი აღმართებს, ზოგი შეცდომებზე ლაპარაკობს,- არადა მეფეა, რომელ მეფეს არ შეშლია,  ვის არ ჰყოლია ესეთი მეფე, ყველა ქვეყანაში ესე ხდება,- ესე იმშვიდებდნენ ხოლმე თავს ამ მეფეზე შეყვარებული ამ ქვეყნის შვილები. შეცდომასაც გააჩნია,- ჩაიბურდღუნებდნენ ხოლმე სხვები.

ნეტა ვინ თქვა პირველად, რომ ეს ქვეყანა სხვისგან რამით გამოირჩევა.

ლულას ნიკაპი მოაცილა, ლულის პირისგან ნაჭდევზე ხელი მოისვა, თითქოს წაშლა უნდოდა, ისევ ლულაში ჩაიხედა, ცრემლი შიგნით წკრიალით ჩაუყვა და სანამ სიბნელეში არ ჩაიკარგა ციმციმებდა. რა საინტერესოა, ნიკაპიდან თავის ქალის ამტვრევამდე, წამის მეათასედში რომ გაივლის ტყვია მანძილს, ტვინი ასწრებს რამის გაფიქრებას, ან ტკივილის გადაცემას მთელი სხეულისთვის? ვის უნდა გადასცეს? თვითონვე ეტკინება და თავის თავსვე არ უნდა გადასცეს? აი, სულ ერთი მტკაველი უნდა გაიაროს ტყვიამ, წვერი რომ თავის ქალასთან ექნება, ძირი ალბათ სასას აივლის და უკვე ტვინს ადუღებს და აბა, როდის უნდა მოასწროს ტვინმა გაფიქრება.

სასხლეტს საჩვენებელი თითი შეახო, ძალიან მგრძნობიარე იყო, მაგრამ მერე აჩერებდა ზამბარა, თითქოს იმ მისხალი მოძრაობით გაფრთხილებდა, დარწმუნებული ხარ რომ უნდა ისროლოო?-ორჯერ თუ სამჯერ მოსინჯა სასხლეტის სიმყარე.

გარეთ ვიღაც ბოლშევიკურ სიგიჟეს, რუსულად,  განწირული ხმით ხაოდა.

Вставай, проклятьем заклеймённый,

Голодный, угнетённый люд!

Наш разум — кратер раскалённый,

Потоки лавы мир зальют.

ნიკაპი ლულას ისევ ჩამოაყრდნო და ჩახმახი გადაწია. ცერმა ისევ გადაირბინა ამოტვიფრულ Bartolomeo dalla Lombardia. სასხლეტი ისევ მოსინჯა თითით, პირველი ფაქიზი მოძრაობის შემდეგ, სასხლეტს  ზამბარა მყარად იცავდა იმ საბოლოო მოძრაობამდე.

უკვე ბევრნი ბღაოდნენ:

Сбивая прошлого оковы,

Рабы восстанут, а затемМир будет изменён в основе:

Теперь ничто — мы станем всем!

Время битвы настало

Все сплотимся…

… на бой,- უნდა გაეგრძელებინა იმ ვიღაცას ეს ბოლშევიკური ღრიალი და უცებ კოჭებში, ჯერ ერთი ტყვია მოხვდა, მერე მეორე, დათვს აგდებდა Bartolomeo dalla Lombardia-ს ტყვია, ორივე ფეხი კოჭებში გადაალეწა იმ უბედურ მომღერალს. მთელი ქუჩა გაიყინა.

ატყდა სროლა.

ქაიხოსრო მცირე ხარჯახიშვილი მშვიდად შემობრუნდა ოთახში, შვილის ტანი გაასწორა, უფრო უკეთესად მოარგო წელზემოთ სხეული წელსქვემოთ სხეულს, ჩალეწილ შუბლზე ხელი გადაუსვა. ცხვირის ამოვარდნილი  ხრტილი გაუსწორა და ჩატეხილი ყბა ზემოთ ამოსწია, კბილები რომ არ ჰქონოდა გაკრეჭილი. ლამაზი ბიჭი იყო ზაალი, არ უხდებოდა ესე. ქაიხოსრო ისევ სკამზე ჩამოჯდა და ისევ თოფის ლულას ჩამოეყრდნო.

წინ გამოწეული ორად გაყოფილი ნიკაპი, ზუსტად ჯდებოდა ორ ლულაში. იჯდა და წარბებს ქვემოდან დიდ პაპას გაჰყურებდა, რომელიც ერეკლე მეორის მხატვარს დაეხატა და მეორე შვილს, ლევანს ელოდა, ლევანიც ლამაზი ბიჭი იყო, უბრალოდ ეხლა თავი აღარ ჰქონდა და სანამ იპოვიდნენ უნდა დალოდებოდა.

ორმა ტყვიამ მჭიდიდან ლულაში გადაინაცვლეს და თავის დროს დაელოდნენ, ერთიც მჭიდში გაყუჩდა.

ოთახის დიდი კარი ჭრიალით გაიღო. ეს კარი არასოდეს ჭრიალებდა, და საერთოდ ქაიხოსრო ხარჯახიშვილის სახლში არასოდეს არაფერი ჭრიალებდა. ის კი არა, მამამისის მონაყოლებით და საოჯახო ჩანაწერებით, პაპამისის მონაყოლებით და საოჯახო ჩანაწერებით, პაპის პაპის მონაყოლებით და მისი საოჯახო ჩანაწერებით, პაპის პაპის პაპის საოჯახო ჩანაწერებით და იმის პაპის და იმის პაპის ჩანაწერებით, მაშინაც, 119 წლის წინ, როცა ავ ზაალს სოღანლუღის ხევში ფერდში ნახმლევი ჭრილობიდან სისხლი გასდიოდა და ათი წლის მერე ქალაქში ჩუმად შემოპარული პავლე ციციანოვის ბიძაშვილს ფეხებს აჭრიდა და ენას მორზე უჭედებდა, მაშინაც კი არაფერი ჭრიალებდა.

ჰოდა ეხლა, უცებ, დიდი ოთახის, რომელშიც ხარჯახიშვილების საგვარეულოს ყველაზე ბოლო ზაალის სხეული რუსული ყუმბარით შუაზე გაწყვეტილი ესვენა,  დიდი კარი, რომელიც არასოდეს ჭრიალებდა, გულის გამაწვრილებელი ჭრიალით ნელ-ნელა გაიღო, ოდნავ გაღებულ კარში 12  წლის ელიზბარი იდგა, ჩანდა მხოლოდ მისი სხეულის ნაწილი სახის მარცხენა მხარე, ტანის მარცხენა ნაწილი, მარცხენა ფეხი, მარჯვენა ხელით კარის დიდი სახელური ეკავა და მძიმე კარს ნელ-ნელა აწვებოდა.

ქაიხოსრო მცირე ხარჯახიშვილმა შვილს გახედა. მიხვდა რომ მასსა და ელიზბარს შორის არანაირი ასაკობრივი განსხვავება აღარ იყო, აღარანაირი. ალბათ ამ დროს, დრო კარგავს მნიშვნელობასო,- გაიფიქრა. ელიზბარი ოთახში შემოვიდა. საერთოდ არაფერი ეტყობოდა, არც შიში, არც გაოგნება, არც ცრემლები. საერთოდ არაფერი.

-ეს ზაალია თუ ლევანი?- იკითხა ბიჭმა.

-ეს ზაალია… ლევანის თავს იპოვნიან და მოგვიყვანენ.

-მოგვიტანენ- გაუსწორა შვილმა.

-არა, მოგვიყვანენ მამა, იცოდე რომ მოგვიყვანენ და ეს იცოდე, მანამ სანამ ცოცხალი იქნები.

-თავს ხო არ მოიკლავ?- იკითხა შვილმა და Bartolomeo dalla Lombardia-ს შეხედა.

-არაა,… შენ არ შეგეშინდეს… თან ჯერ  ლევანიც მოსასვლელია…

შემოსასვლელ კარზე ბრახუნი გაისმა.

-დედას სძინავს, რას აბრახუნებენ,- თქვა პატარა ელიზბარმა.

-ხო რა ვიცი… და ლევანი ხომ არ მოიყვანეს?

-გავაღო?

-კაი გააღე,- თქვა მამამ, ბიჭი შემოსასვლელისკენ დაიძრა.

– მოიცა, მე გავაღებ, ეს გამომართვი- ბიჭმა მამას თოფი გამოართვა და ისე დაჯდა ოთახში დასვენებული ზაალი თვალში არ მოხვედროდა.

ელიზბარს ძალიან უყვარდა ეს თოფი, უყვარდა კი არა ხანდახან ესიზმრებოდა. სულ ყველაფერი იცოდა, სად რა ჰქონდა, სამჯერ ასროლინა მამამ. მამას ეგონა რომ, კარგად ინახავდა თოფს, მაგრამ ელიზბარს რამდენჯერაც გინდოდა, იმდენჯერ შეეძლო მისულიყო, აეღო მამას გასაღები, გაეღო უჯრა, გაეტენა თოფი იტალიიდან ჩამოტანილი ვაზნებით და გაესროლა, მაგრამ არასოდეს უკადრებია ეს. ის კი არა ვაზნებთანაც კი ულაპარაკია ჩუმად, უთქვამს რომ უბრალოდ ისროდა, რომ ეფრინათ, არავის და არაფერს მოარტყამდა არასოდეს…. და სულაც არ ეშინოდა მამის, სულაც პირიქით,  რომ არ ეშინოდა სწორედ იმიტომ არ ჰკიდებდა საოცნებო თოფს ხელს. უუუხ, რა მაგარი იყო ის კონდახის მხარზე მიჯახება, დგუუ-დგუუუფ, სამჯერ განიცადა ეს დგუუუ-დგუუუუფ და სამივე შეგრძნება ახსოვდა. სიამოვნებას განიცდიდა, როდესაც მარჯვენა მხრის ქვემოთ კონდახის დარტყმისგან ოდნავ ჩალურჯებულ კუნთზე ხელს დაიჭერდა და ყრუ ტკივილს გრძნობდა, ეგონა რომ დიდი იყო, ეგონა რომ ძმებივით ფორმა ეცვა და შაშხანა ეკიდა ზურგზე, ეგონა რომ მასაც ხმამაღლა აცხადებდნენ: იუნკერთა სამხედრო სკოლის კურსდამთავრებული ზაალ  ქაიხოსროს ძე ხარჯახიშვილი, იუნკერთა სამხედრო სკოლის მსმენელი ლევან  ქაიხოსროს ძე ხარჯახიშვილი! და იუნკერთა სამხედრო სკოლის მებრძოლი ელიზბარ ქაიხოსროს ძე ხარჯახიშვილი! ხანდახან გული უჩქარდებოდა კიდეც, კუნთები ეძაბებოდა და მუცელში სიმხურვალე უვლიდა და როგორ ბრაზდებოდა, როცა მამა და დედა ამბობდნენ, რომ ის ექიმი უნდა გამოსულიყო. მამას მეგობარი, ექიმი ძია კარლი ძალიან მოსწონდა, მაგრამ მაინც სამხედო უნდოდა რომ გამოსულიყო. რა უცნაური გვარი ჰქონდა,- ვეტცელი… მამამ უთხრა გერმანელიაო. პირველად მაგის პაპა ჩამოვიდა საქართველოშიო, ისე ძია კარლის გამო ექიმობაც უნდოდა. ერთხელ ზაალი მოუყვა, ელენე როგორ გაჩნდა, თურმე დედას ძალიან სტკიოდა იმხელა მუცელი, სადაც ელენე იჯდა და ძია კარლმა უშველა. ჯერ საშინლად კიოდა თურმე დედა, მერე ელენეს ჭყავილი ისმოდა და მერე იცინოდა დედა. ზაალს და ლევანს ძალიან უხაროდათ თურმე… საწყალი ელენე. დედას, მამას,  ზაალს და ლევანს ჰგონიათ, რომ არაფერი მესმის, მე კი ყველაფერი ვიცი, რომ ელენე და ვილგელმი გერმანიაში ისპანკათი გარდაიცვალნენ და აღარასოდეს მოვლენ… ცაში არიანო, არ ვიცი ცაში არიან თუ არა… ეხლა შეიძლება ლევანზე და ზაალზეც  მითხრან, რომ ცაში არიან, მე კი სულ მარტო დავრჩი და კიდე დედა და მამა… და თეკლაც, ოღონდ თეკლა  ჩემი და არაა.

-თოფი მომე, მამა- გაიგო უცებ. მამამ თოფი გამოართვა.

-ოთახში ორნი შემოვიდნენ, წინ რომელიც მოდიოდა, დაწკეპილი ულვაშები ჰქონდა, დიდი მაუზერი ეკიდა სქელ ქამარზე და ფაფახზე უშველებელი წითელი ვარკვლავი დაებნია.

ელიზბარს ფაფახზე გაექცა თვალი- როგორი ფაფახვარსკვლავია?- გაიფიქრა და მოეწონა სიტყვა ფაფახვარსკვლავი. ფაფახვარსკვლავამ ლოყაზე მოუთათუნა  ხელი, თითები უხეში ჰქონდა და რაღაც უსიამოვნო სუნი დაჰკრავდა, – რა კაი ბიჭია,- ელიზბარი ძაალიან გაბრაზდა და თავი უხეშად მოარიდა, – უყურე ამას?- ჩაიცინა ფაფახვარსკვლავამ.

-ამით ესროლეთ?- გაიცინა ფაფახვარსკვლამ,- ეს თქვენი უმცროსი შვილია?- ჰკითხა მამას ელიზბარზე. აი, ეს „ეს“ უკვე საშინლად არ მოეწონა, კიდევ უფრო გაბრაზდა და შეეტყო,- ოო, ეტყობა გგავთ თქვენა,- უცნობმა მამას დაასწრო და თოფი ხელში აიღო, დაათვალიერა, ვადის ქვემოთ წარწერა აღმოაჩინა, დააკვირდა „ ვა ოო აა …“ ვეღარ წაიკითხა“- რუსული არ არი ხო?-  თქვა დანანებით,- რა წერია?

-ბარტოლომეო ლომბარდიელი- უთხრა მამამ.

-მიზანში კარგად ისვრით… თუ მოკვლა გინდოდათ და ფეხებში მოარტყით?-  მამამ თოფი მოხდენილად აართვა ხელიდან ფაფახვარსკვლავას, რომლის უკან კიდევ ერთი უცნობი იდგა, ყარდა ის უცნობი,  გაგლეჯილი ჩექმები უყარდა, თითქოს მკვდარი ვირთხები ეცვა,-ისე. გრძელი ფარაჯა ჩაეჯაჯა და გაუპარსავი იყო, სულ ცხვირში იქექებოდა და ასლოკინებდა, ყოველ ამოსლოკინებაზე ცხვრის ხორცის და ნივრის საშინელ სუნს აფრქვევდა.

-შეგიძლიათ რო ეხლა წახვიდეთ, სანამ ჩემს მეორე შვილს მოიყვანენ… თუ გაჩვენოთ მიზანში როგორ ვისვრი?

ფაფახვარსკვლავა დიდი ხანი იყო ჩუმად, მეორე, სუნიანი გაშტერებული იდგა და არ ინძრეოდა. ფაფახვარსკვლა ზაალის ცხედარს გარშემო უვლიდა, ათვალიერებდა. მერე მამას ამოხედა, მერე ფანჯრიდან გადაიხედა, ვიღაცას ხელი დაუქნია, მამას მოხედა- მობრძანდით ბატონო… ბატონო კი არადა, ამხანაგი ქაიხოსრო, ვიღაც მინდა დაგანახოთ,- მამა ფანჯარასთან მივიდა,- აგეე, ხედავთ იმ კაცს, აი, ტყავის ქურთუკით, ორი მაუზერით, თვალი რომ აქვს ახვეული… კიდევ კაი, რომ მე ამოვედი, ეგ კაცი აპირებდა ამოსვლას… ერთი თვის წინ მარტო კაცმა მოახერხა მთელი ესკადრილიის დამორჩილება, რუსები.. ქართველები… სომხები… ძალიან ჭრელი ნაწილი იყო და ისეთი საშიში კაცია, რომ  მხოლოდ  სამი დღე დასჭირდა  ერთ კაცს მთელი ესკადრილიიისთვის კისერი მოეგრიხა და დაგვიმორჩილა. ძლივს გავაჩერე. მაგის დამხმარე დაჭერით, სხვათაშორის შეგეშალათ, ის არ მღეროდა, სულ მუნჯები ჰყავს დამხმარეები, ყველას ენები ამოაჭრა, საშინელი კაცია…. დაუფიქრებლად იცის სროლა თუ ეჭვი აიღო რამეზე, უცნაური სახელი ჰქვია,- ჯვარნაკრავი, მღვდელი დახვრიტა და იმიტომ დაარქვეს.

-და მაგით რა გინდა მითხრათ?

ფაფახვარსკვლავა ზაალის დასახიჩრებულ სახესთან დაიხარა, ჩააკვირდა, მერე ქაიხოსრო მცირეს ამოხედა- ამას ჩვენთან ომში დაემართა ეს, არა?. საწყალი ბიჭი და მეორე არ მოუტანიათ ხო, გავიგე თავები და ტანები აერიათ ერთმანეთშიო… ჰოდა, ის მინდა გითხრათ, რომ დიდი რევოლუციური მიზნებისთვის ესეც კი არაფერია ჩვენთვის.

დგუუუ-დგუუუფ!!! – გამოვარდა უცებ ერთი გაყუჩებული ტყვია ლულიდან, ჯერ ჭაღს დაეჯახა, რამდენიმე ბროლის ბურთულა ჩამოწყვიტა და სტუმარს დააყარა თავზე, მერე ფოლადის მოვარაყებულ ჭაღის ღერძს დაეჯახა შეაზანზარა, გვერდი გააცალა, ჩაებღაუჭა და სახიფათოდ ააზრიალა, მერე ჭერში, ოქროსფერად მოხატული ჩუქრთმისკენ გაქანდა, უყვარდა ლამაზი ნივთები, ცოტა მოიტეხა, გაიყოლა და ჭერზე მიხატულ ღრუბელში შევარდა და იქ დაიმალა, გაყუჩდა და ზემოდან დაუწყო ცქერა, რა მოხდებოდა… მეორე ვაზნას დაელოდა. მეორე ვაზნას ტანში გააცია, თავის რიგს დაელოდა, თუ გამოუშვებდნენ ზუსტად იცოდა, რომ ან გულის განგრევა მოუწევდა და სისხლში ამოთხვრა, ან ტვინში გაგლესვა და სადმე კედელზე მიბერტყება. მართალი გითხრათ, არ უყვარდა ეს სისხლში და ხორცში სრიალი, შემწვარი ხორცის სუნს ვერ იტანდა, უხაროდათ ხოლმე რომ სცდებოდნენ ამ ამბავს.

ამჯერად გაუმართლა მეორეს.

-ამ ჩემს პატარას უმადლოდე, რომ არ აგაგლისეთ აქ ორივე… მაგ მაუზერის ამოღებას, ალბათ ხვდები რომ ვერ დამასწრებ. დამაკრძალინე შვილები და მერეღა მოდი. ეხლა დროზე წადი, თორე რაც ჩემ პაპის პაპებსაც არ უკადრებიათ იმას ვიკადრებ და არც ამ პატარა კაცს მოვერიდები, ბოლო-ბოლო გასამართლებელი ნამდვილად მექნება, ამისი ძმების სულსა ვფიცავარ.

ორივე სტუმარს დამცინავი ღიმილი კი გადაეკრათ სახეზე, მაგრაბ ბიჭი მიხვდა რომ ასკარად შეეშინდათ, აშკარად… და იმასაც მიხვდა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდნენ.

ასმათს ეძინა, ლევანის ტანსაცმელი ხელში ჩაებღუჯა და ისე ეძინა, მკვდარივით გათიშულს, ვერაფრით აღვიძებდნენ.

 

 

 

1 2 3 4