კლასობანა

(თანაბრად ეძღვნება ყველა დევნილ ქალს)

 

მთელი ცხოვრებაა თავში მიტრიალებს

მილიონჯერ ნანახი ფილმის ფინალის მსგავსად,

მომენტი ბავშობიდან,

როცა სკოლიდან დაბრუნებულს

ეზოში, ბეტონზე კალიასავით წამომჯდარი ბავშვი დამხვდა,

რომელსაც ხელში ეჭირა ცარცი – ფერიების ჯოხი,

რომლითაც უსწორმასწორო კვადრატებს ხაზავდა,

ზედ კი, თითოეულს ციფრებს აწერდა.

ეს ფერიების თამაშია – კლასობანა.

სახლში მისულს დედამ მითხრა,

თუ გაკვეთილებს დროზე ვისწავლიდი,

მას შევუერთდებოდი, და ერთად ვითამაშებდით

მე და კალია, ფერიების თამაშს.

მეც ყველაფერი დროზე ადრე მოვილიე –

მათემატიკა იღლიაში ამოვიდე,

ლიტერატურა ენის წვერზე დავიდნე,

სხვა საგნებს ფეხით, რამდენჯერმე გადავუარე – გავივარჯიშე,

რომ უკეთ მეხტუნავა,

ციფრიდან – ციფრზე,

ბოლოს ციფრებიდან რიცხვზე,

და სულ სულ ბოლოს გამხდარიყავი კოსმოსის დესპანი

და გადამხტარიყავი  მ ზ ე ზ ე,

და მეთქვა: ვაშა! გავიმარჯვე!

მას შემდეგ. მას შემდეგ. მას შემდეგ.

მე დავმარცხდი ყველა გამოცხადებულ ომში

და სასჯელად მერგო ტაფაზე მიმწვარი თითები,

დასაუთოვებელი ტანსაცმელი,

საშოვარზე გასვლა,

დილის რვიდან, საღამოს რვამდე,

და თუ საჭიროა თორმეტადმეც კი.

ერთადერთი მხოლოდ მაშინ ვიმარჯვებ,

როცა მილიონჯერ ნანახი ფილმის ფინალივით,

თავში მიტრიალებს კადრი ბავშობიდან:

დავხტივარ ქათქათა, თეთრი ბოტასით

კვადრატიდან კვადრატში,

ვასრულებ ყველა დაკისრებულ მისიას,

ვხდები კოსმოსის დესპანი

და მივდივარ მზის დასაპყრობად.

დედა ყოველთვის მეუბნებოდა,

დამარცხება სულელი ადამიანების ხვედრიაო,

და მისი სახე იყო სერიოზული,

როგორც კედელზე დაჭედებული, რომელიმე წმინდანის.

ჩვენ ამ დროს ვცხოვრობდით ზღვისპირა ქალაქში

გვიყვარდა სანაპიროზე სეირნობა, ნაყინის ლოკვა

და ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება.

ჩვენ შეძლების და გვარად ბედნიერად ვცხოვრობდით.

შემდეგ იყო სირენების სიმღერა,

ტროტუარზე ამოსული ავტომატიანი კაცები

და გადასახლება უცნობ ქალაქში,

სადაც ყველა გამოცხადებულ ომში ვმარცხდები

და ჩემს ერთადერთ საკუთრებას – ბავშობას ვებღაუჭები.

ასე მგონია, მას შემდეგ, თითქოს ყველა ოცნება

კალიის დახაზულ კვადრატში დავტოვე.

 

 

1 2 3 4 5