მე Bellboy ვარ

 

დაღლილ სხეულსა და საქმიანობას შორის

გავლებულ ვიწრო წითელ ზოლს

ეჭვის თვალით დავყურებ

და საკუთარი იდენტობის გარკვევას ვცდილობ –

საუკუნეთა განმავლობაში მილიონები სვამდნენ კითხვას:

“ვინ ვარ მე?”

 

მოცემულ კითხვას მეც ვიმეორებ,

თან კედელზე გაჩენილ მომცრო ლაქებს ვუყურებ

და მივყვები ოთახში გამოჟონილ საქსოფონის კიბეს

შეუსრულებელი ოცნებების კვარტალში

 

იქნებ სტუდენტი ვარ,

კინორეჟისურის ფაკულტეტის სტუდენტი?

იქნებ სულაც კინორეჟისორი ვარ,

არც მეტი, არც ნაკლები – კინორეჟისორი?

 

ერთი კი ვიცი: ყოველ მეორე ღამე გუშაგი ვარ,

კარებს ვუღებ სხვადასხვა სილუეტს,

ვესალმები მორიდებით და ვუღიმი.

ჩემი ღიმილი გამჭოლი და თავხედურია.

 

მე ლიფტით დამაქვს ჩემოდანში შელაგებული

მათი მძიმე, თუმცა უდარდელი ცხოვრება.

 

და, ხანდახან, როცა მათთან ერთად ვარ ლიფტში,

ჰაერი მძიმდება, ბურთი იწყებს ყელში გორაობას

და ჩვენს შორის უზარმაზარი უფსკრული წარმოიქმნება,

როგორც იმ ლექსშია, ორ მენაგვეზე და მდიდარ წყვილზე.

 

როცა კლიენტები ისვენებენ ოთახებში,

როცა მათი სხეულები იმეორებენ ერთმანეთს,

როცა პოტენციური კლიენტები არ ჩანან  კარებთან,

ვზივარ რეგისტრატორის გვერდით

ყბაში ამოდებული მუშტით

და ვფიქრობ, რამდენად მოდის ურთიერთობაში

ჩემი გაწეული შრომა – ადამიანების ცხოვრების თრევა,

ჩემს ჯამაგირთან, რომლის ჰობიც დაგვიანებაა,

ვფიქრობ, როგორ ვუჩინარდები სამყაროდან,

როგორ ვკარგავ ადამიანის ფორმას

და როგორ ვხდები, რობოტი შინდისფერი ქუდით,

სახელად: Bellboy #4314564321.

 

დილით, როცა მუშაობით დაღლილი ვბრუნდები შინ,

ქუჩებს ვუყვირი,

შენობებს ვუყვირი,

ადამიანებს ვუყვირი,

ისინი არ მიცნობენ და ეს მე მაღიზიანებს.

 

მე არ ვარ სტუდენტი,

მე არ ვარ კინორეჟისორი,

მე არც კინორეჟისურის ფაკულტეტზე ვსწავლობ,

მე უბრალოდ Bellboy ვარ,

არც მეტი, არც ნაკლები – Bellboy.

 

 

1 2 3 4 5