ორცხობილა პასკის არომატით

 

როცა მე და ჩემმა მეგობრემა მოვწიეთ

პირი მდინარესავით დაგვიშრა და ვგრძნობდით

როგორ დაცურავდნენ დამშრალ პირში მკვდარი თევზები,

და სწორედ ამ დროს მოგვინდა სითხე და საკვები,

და ერთ-ერთი ჩვენთაგანი მაღაზიაში

მდნარი ლოლოს მსგავსად ჩასრიალდა.

ვერც კი შევამჩნიეთ როგორ წავიდა.

და ვერც მისი მოსვლა ვიგრძენით,

თითქოს მაღაზიაში ჩასვლა გულისხმობდა

ჩასვლას მდინარეში, სადაც მეორედ  ვეღარ  შეხვალ.

მან ყველაფერი ამოზიდა, რაც კი შეეძლო,

მოკლე დროში, მოკლე ფულით.

ამოიტანა მეგობარმა მდინარიდან სასმელი და ორცხობილა

და ჩვენც დავიწყეთ ჭამა

პირში მოცურავე მკვდარი თევზების გამოსაკვებად.

ჩვენ ვისხედით იატაკზე, წინ გვედგა გამათბოებელი

და რამდენიმე წუთით თავი ქარავანში გვეგონა,

რომელიც უდაბნოს ცხელ ჰაერს მიაპობს,

მიემგზავრება სხვა ათასწლეულში,

აქედან ძალიან შორს,

უცხო მიწაზე.

ორცხობილას პასკის გემო აქვს – წამოიძახა ვიღაცამ,

და ქარავანმა ცოტა ხნით სიარული შეწყვიტა,

ხოლო ყველა ჩვენგანს

პირის რეცეპტორები საერთო გაგვიხდა,

თითქოს ერთმანეთის გონებაში

უხილავი ოქროს ველები გავაბით,

და ყველამ ერთხმად წამოვიძახეთ –

ეს პასკიანი ორცხობილაა.

ქარავანი ნელა და ორგანულად გადაკეთდა

მარკეტინგის კომპანიის ოფისად,

ვისხედით, ხელში და პირში ვატრიალებდით

ორცხობილას პასკის არომატით

და უმისამართოდ ვისროდით სლოგანებს:

“ორცხობილა პასკის არომატით”

ნელა ვიდნობდი პირის ცაზე ორცხობილის ნატეხს,

რათა ცომში ჩაშენებული პასკის მაგიური გემო

სამუდამოდ დარჩენილიყო ჩემში,

და ერთ რამეს მარადიულად ვგრძნობდი:

რელიგია არასდროს ყოფილა ასე ახლოს

ასე ახლოს არასდროს ყოფილა რელიგია – პირთან.

 

 

1 2 3 4 5