ფიქრის ქალი

 

უნივერსიტეტში, სადაც დღეში ასობით

პოტენციური არტისტი დაიარება, ცოდნის მისაღებად,

მუშაობს ერთი ტანდაბალი ქალი, დამლაგებლის პოსტზე.

ხვეტს ხოლმე ქალი სიძველისგან დანაოჭებულ დერეფნებს,

ეზოს ასფალტზე ამოსულ სიგარეტის ყვავილებს რგავს ნაგვის ყუთში

და ბოლოს, უფრო სწორად მალევე, უსასრულო პაუზას იღებს,

თითქოს შრომამ დაადნო მისი ენერგიის რეცეპტორები;

იქვე სკამზე ჯდება და სადღაც სიცარიელეში აცეცებს მზერას –

იწყებს კაცობრიობის ისტორიაში ადამიანთა მოდგმისთვის

ყველაზე რთულ ქმედებას – ფიქრს.

ეს ქალი ქარხნის ჭანჭიკთან მტრულად მყოფი პერსონაჟია

ჩარლი ჩაპლინის უკვდავი კინოფილმიდან,

ან, თუნდაც ანდრეი პლატონოვის ზღაპრული რომანებიდან

ამომხტარი თავზეხელაღებული დონ კიხოტია,

რომელიც, თითქოს სამსახურიდან გათავისუფლებას ელოდება

იმისთვის, რომ ჩაებას მარადიულ მოგზაურობაში,

და ალბათ, უნივერსიტეტში სადაც ის მუშაობს, რომ სვამდნენ კითხვებს,

აუცილებლად შეამჩნევდა მის ერთი შეხედვით უწყინარ ქმედებას ვინმე,

თუნდაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან,

და მას კითხვას დაუსვამდა: “რატო ხარ საქმის კეთებას მოცდენილი?”

ის კი ალბათ დიდი ძალისხმევით ასწევდა თავს და მშვიდად უპასუხებდა:

“შრომით საზრდოობა არ შემიძლია!”

ან, თუნდაც გაუბამდა საუბარს არსის პოვნის იდეაზე,

იქ, სადაც არის, ცოცხით ხელში, მტვრის და ფოთლების წინააღმდეგ,

რის შემდეგაც მისი ოცნება მარადიულ მოგზაურობაზე ასრულდებოდა,

თუმცა, ჯიუტად, არავინ ამჩნევს მის უწყინარ პაუზას მუშაობის დროს,

არც ლექტორები, არც კინორეჟისორები, მით უფრო არც მსახიობები;

არავინ ამჩნევს მის სიცარიელეში დაკიდულ ბავშვურ მზერას,

სავსეს სურვილით, საკუთარი არსებობის არსის პოვნისა.

 

 

 

1 2 3 4 5