ლოცვა სკვნილზე

 

და უშენობა, როგორც სასჯელი,

ისე მიშანთავს სულს,

მეშინია…

ჩვილია სიტყვა,

ჩვილი არის შენი სახელიც…

ფერი აქვს სივრცეს

რძისფერი და

ოდნავ მონისლო…

ყიფლიბანდივით ფაქიზია

შენი სახელი…

დამარცვლით ვამბობ,

ისე, თითქოს სკვნილზე ვლოცულობ:

შემიწყალე,

შემიწყალე,

შემიწყალე…

უფრო სწორად კი:

შემიყვარე,

შემიყვარე,

შემიყვარე,

თუმცა კი ვიცი,

რომ გიყვარვარ,

გიყვარვარ ძლიერ…

ვლოცულობ მაინც,

ლოცვასავით ვამბობ შენ სახელს…

ღმერთმა ხომ იცის,

ხომ ისედაც, უთქმელად იცის,

როგორ ვევნეთ,

როგორ ვეწამეთ,

თევზის ფხასავით

როგორ დაგვადგა ყელზე

ჩვენ-ჩვენი მარტოობა და

მიტოვებაც,

ჩვენ-ჩვენი უკან ჩაბრუნებული ცრემლიც,

ღრიალიც…

ვდგავართ ახლა და

ერთმანეთის ძლივს მპოვნელები

სულს ვუბერავთ ერთმანეთის

თვალებს,

ღიმილებს…

ჩვენ ერთმანეთი მაშინ გვყავდა,

ერთმანეთი რომ არც ვიცოდით…

და ახლა როცა

შენ კი არა

და მე კი არა,

ჩვენ მარტივად და უცებ:

გავ-ჩვენ-დით,

საკუთარი თავიც ვიპოვეთ –

ორომტრიალში დაკარგული

ჩვენი თავი,

ჩვენი სიმღერაც

და ჩვილი სიტყვა,

სიტყვასავით ჩვილი სახელიც –

შენი სახელი –

ყიფლიბანდის სუნი რომ აქვს…

ჩამომიმარცვლე სიყვარული

ხელისგულებზე,

ჩამომიმარცვლე სიყვარული,

თითქოს სკვნილია და

მოდი, მერე,

ერთად ვილოცოთ:

ღმერთო, დაიფარე…

ღმერთო, დაგვიფარე…

ღმერთო, შეგვიწყალე სიყვარული…

ჩვილია სიტყვა…

ჩვილი არის შენი სახელიც,

მე რომ ძილის წინ

წარმოვთქვამ ჩუმად…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11