ქვრივის იავნანა

(შინდისის გმირებს)

 

მე ვერ გიმღერებ…

დიდიხანია, რაც ვეღარ ვმღერი…

წაგიღიღინებ აი, ამგვარად:

“ეს აკვანი ლებანოზის,

შიგა მწოლი ანგელოზი”

და დაგაჯერებ, რომ შენ

მართლა ანგელოზი ხარ…

და მამაშენი,

თავისი ხის სუნიანი ხელებით

ამ აკვანს რომ თლიდა,

სწორედ იმაზე ფიქრობდა,

მისი ბიჭი ანგელოზს

როგორ მიაგავდა

დიდი,

უძიროდ ლურჯი თვალებით…

მე კი,

საფენებში უხერხულად გახვეული აკვანში რომ ჩაგაწვინე,

არტახები ვერ შემოგკადრე…

რა ვაჟკაცის საქმეა არტახები…

მე ვერ გიმღერებ…

შემიძლია წაგიღიღინო:

“ეს აკვანი ბჟოლისაო,

შიგა მწოლი ბროლისაო”

და მოგიყვე,

როგორ თლიდა მამაშენი

ბჟოლისგან აკვანს…

როგორ ეფერებოდა და დაჰღიღინებდა თან;

მოგიყვე როგორ ეღიმებოდა, როცა

ჩუქურთმები გამოჰყავდა…

არ დაიჯერო, რომ დედებს

სიმღერა შეუძლიათ…

მე ვერ გიმღერებ,

დიდიხანია,

რაც სიმღერას გადავეჩვიე…

მე მხოლოდ ვიღიღინო შემიძლია

აი, ამგვარად:

“ეს აკვანი ხარატული,

შიგა მწოლი ჩახატული”…

და გიამბო ამბავი მამაშენზე,

რომელსაც თავისი დაკოჟრილი ხელებით

რუდუნებით გამოჰყავდა ყველა ჩუქურთმა…

და თავთან ახლა არწივი გიზის;

გვერდებზე – ლომი,

ხოლო ფეხებთან –

შვლის ნუკრიც კი წამოწოლილა…

მე ვერ გიმღერებ…

დიდიხანია, გადავეჩვიე…

მამაშენი შინდისში დარჩა,

თან სამუდამოდ…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11