ვერ მიგატოვებ

 

დღეს მე შვილი მომიკვდა…

მერე რა, რომ არ გამიჩენია,

არ გამიზრდია,

არ მიზრუნია,

დღეს მე მაინც შვილი მომიკვდა…

სკოლიდან მომავალს

ჩემალერსდანატრებული ხელები

მოტეხილი ფრთებივით დაეკიდა;

ჩემთვალებდავიწყებული თვალებით

სამუდამოდ მიაშტერდა ზეცას და

ვეღარაფერი დაინახა…

უკანასკნელ ამოსუნთქვას სიტყვა

“დედა” ამოაყოლა და:

გათავდა…

დასრულდა…

ჩემი გამოტოვებული შვილი

დასრულდა…

ჰო, გამოტოვებული…

რადგან წავედი და

მისი შეყვარება გამოვტოვე;

მისი დაკაცება გამოვტოვე;

მისი პირველი ცრემლი გამოვტოვე…

მე შვილი გამოვტოვე…

წავედი, რომ არ მოშიებოდა;

წავედი, რომ არ შესციებოდა…

სკოლიდან დაბრუნებული და მოშიებული დასრულდა;

სამუდამოდ გამიცივდა მაინც…

დღეს მე შვილი მომიკვდა…

ჩემი წილი მზე დაბნელდა და

ჩემი წილი ცა ჩამოიქცა…

არ დამიბადია,

არ მიზრუნია,

არ გამიზრდია…

მაინც შვილი იყო ჩემი,

ჩემი სისხლი და ჩემი ხორცი,

კაცობისთვის შემზადებული და

ვერ დაკაცებული…

ვეღარ წავა ერთი კაცი გზაზე…

ვეღარ დაკაცდა და გზამაც

სხვაგან გაუხვია –

უამკაცოდ,

ან უფრო მეტად:

დაუკაცებელი ამ ბიჭის გარეშე…

მიწა მეჭამა და თვალწინ მყოლოდა;

ხორცი მომეგლიჯა და არ მოვშორებოდი;

სისხლი გამეღო და მასთან ვყოფილიყავი…

ჩემმოფერებადანატრებული ხელები

მოტეხილი ფრთებივით ჩამოყარა;

ჩემთვალებმოწყურებული თვალები სამუდამოდ გაუშტერა ზეცას;

უკანასკნელ ამოსუნთქვას სიტყვა “დედა” ამოაყოლა

და მე ვერ გავიგონე.

დღეს მე შვილი მომიკვდა…

არ მოშივდეს მეთქი და წავედი;

არ შესცივდეს მეთქი და წავედი;

მოშიებული დამისრულდა;

სამუდამოდ გამიცივდა…

ბებო კი ელოდა…

რა მოვუხერხო მოფერების ვერახდენილ სურვილს;

ჩახუტების აუსრულებელ ოცნებას;

რა ვუყო თვალებს, მისი დანახვა რომ სურთ…

დღეს მე შვილი მომიკვდა…

დღეს მეც მოვკვდი…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11