ანტიგონე – პროტესტი

 

თვალები დაითხარე, ანტიგონე,

რომ ვეღარ დაინახო…

ბაგეები ამოიკერე,

რომ აღარ იღრიალო…

მკლავები დაიჭერი,

რომ აღარასოდეს შეხვდე მზეს ხელებგაშლილი…

ცხოვრება თამაშია, ანტიგონე,

ყველაზე სასტიკი თამაში,

რაცკი ოდესმე ადამიანებს მოუგონიათ…

ნუ იზამ ისე,

დაბერება ვეღარ მოასწრო –

ბედისწერისგან იმთავითვე განწირული კაცის

სვედამწვარო ქალიშვილო;

შენ, რომელსაც ასე გჯეროდა…

თვალები დაითხარე,

რომ ვერასოდეს დაინახო, რადგან აქამდე გწამდა…

შენ:

აღარავის შვილო და არავის ცოლო და ვეღარავის დედავ…

ძუძუზე რძე კი არადა,

სევდა რომ შეგახმა –

საკუთარი უსუსურობის მარადი განცდა…

შენ –

ანტიგონე –

ოდესღაც რომ ასე გიყვარდა:

სიცოცხლე,

ჰემონი…

ჰემონი, ანტიგონე –

ყველაზე უდანაშაულო „დამნაშავე“,

სიყვარულს მსხვერპლად უყოყმანოდ რომ მიუყვანა საკუთარი თავი…

დაითხარე თვალები, ანტიგონე,

თვალებდათხრილი მამის თუ ძმის ქალიშვილო,

ბედისწერისგან იმთავითვე განწირულო,

ცოცხალო მკვდარო,

ძუძუგამხმარო,

არავის შვილო,

ვერავის ცოლო,

ვერავის დედავ…

შენ, რომელსაც აქამდე გწამდა და

ახლა გამართლება ვერ მოუძებნე:

საკუთარ ხელებს,

ბაგეებს, თვალებს –

ცოცხალო მკვდარო,

ცხოვრება რომ საკნად გექცა,

სული – ტუსაღად…

მოტყუებულო გულუბრყვილობავ,

გაწბილებულო უბრალოებავ…

ვერახედნილი სიყვარულის მარადო მონავ…

დაითხარე თვალები, ანტიგონე,

თვალები დაითხარე, რომ

ვეღარ დაინახო;

ბაგეები ამოიკერე, რომ ვერ იღრიალო;

მკლავები დაიჭერი,

რომ მზეს ვერ შეეგებო ხელებგაშლილი…

შენ –

რომელსაც ასე ძლიერ გიყვარდა, გწამდა –

დაბერება მოგასწრო სულმა…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11