* * *

ყველაზე უფრო  იმახსოვრებს  გაზაფხულის ბაღი აპრილებს.

როცა კვირტებში მოლოდინის ტკბილი წვენი დაიარება,

აქ ჩვენ მოვდივართ და ვყოვნდებით, სანამ წვიმას არ დააპირებს…

და შენ ამბობ, რომ გაზაფხულზე თავს გახსენებს ნაიარევი.

მერე მიყვები… მერამდენედ… ცივ სანგარში როგორ ჩაგცხრილეს,

დაჭრილმა ღამე რომ უთიე  მტრისაგან თუ ღვთისგან გაწირულს

და მხოლოდ ისღა გახსენდება, რომ… რატომღაც, ქოჩორს ვარცხნიდი

და კიდე… ღერი სიგარეტის დაუტოვე… რაღაც ნაწილი…

ამბობ, დუმილით, სიცივითაც, უნუგეშოს თანამიგრძნობდა

და, მთვარის შუქზე დანახული,  მაკრთობდაო მისი ღიმილი…

და ლოცვასავით დაცდენილი სამი სიტყვა  – “დედა,  ჩქიმ ცოდა” –

დღესაც დაგიდის მთელ სხეულში, როგორც ცივი ტალღის ლივლივი.

თუმცა…  გადარჩი! და გვპირდება გაზაფხულის ბაღი აპრილებს…

ნედლ ხეებში კი, (ისე თრთიან!), ჩვენი სისხლი დაიარება.

არ გაწვიმდება დღეს, მგონია… მაგრამ, მაინც წასვლას ვაპირებთ…

დუმხარ… თავი თუ შეგახსენა, მკერდთან ახლოს ნაიარევმა…

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9