* * *

გიყვები ახლა, რადგან უნდა გელაპარაკო…

რაზე? ყველაზე – ჩემზე, შენზე, მთაზე, არაგვზე.

სხვა არჩევანი ფიქრისფიქრად დაშლილს რა მაქ რო,

უნებურად ხომ ტკივილით და დარდით ამავსე…

ჩემზე გეტყვი, რომ… გამოექცა სისხლი საფეთქელს,

მაჯა ხმაურით დაილეწა, გატყდა ლავიწი.

მახსოვს – სოხუმი დაეცაო – მაშინ ასე თქვეს

და კიდევ – ბევრი დავმარხეთო… რა დამავიწყებს!

არ წამოვსულვარ, სული გარჩა წიწვოვანებში –

ასე მეგონა. თურმე, როგორ მიამიტი ვარ…

ვძლებდი (შენ ალბათ გაიოცებ) ყველას გარეშე,

თუმც გულმა ჩუმი, ცხელი ცრემლით ბევრჯერ იტირა.

ჩემზე სხვა არც რა… შენზე უნდა გითხრა, რადგანაც

ამ გულში შუქად, დაულეველ სითბოდ შემოდი!

უკვე ეს მთებიც ისე მხნედ და მშვიდად არ დგანან,

როგორც მშვიდად და უხმაუროდ იდგნენ… შენამდე!

განა ვერ ვხვდები? უცაბედად აირია გზა,

ახლა (წუწუნი მე არ ვიცი) ჩუმად ვიდარდებ.

მერე რა, თუკი დროს არსაით აღარ მიაქვს და

სასურველ ტკივილს სიკვდილამდე უნდა ვიტანდე!

განა მარტო მთა? იყო დიდი, მწვანე მინდორიც,

თვალებში – ნისლი, ელვაც იყო, მკრთალი სხივიც კი…

რა მექნა მაშინ, ჰაერივით თუკი მინდოდი

ან რა ვქნა ახლა, იმ თვალებს რომ ვეღარ ვივიწყებ.

გამოჩნდი რაღაც უცნაურად, ლაღად… რა ცუდ დროს

(გეუბნები და ეს გამხელა, იქნებ, არც ჯობდეს)…

მე რომ დამინდოს, ვინ დაინდო განა საწუთრომ

და მეც ხომ არ ვარ ის – ვიყო და ცრემლი მახრჩობდეს.

არ ვიცი, არა, ამ არეულ გზაზე ვივლი კი

ისე, რომ აღარ გამოვედო სიკვდილს! ისე, ხომ

ყოველთვის მეტად საფრთხილოა ვიწრო ბილიკი…

თუ ავდგე ახლა და ღიმილით გადავიჩეხო?!

…………………..

არაგვის ხმაურს გადაფარავს როცა ფიქრები,

ტყიანი ჭალა დადუმდება, მუზად რომ ვკმარობ

(ეს ე. ი. როცა, მალე, მთაში იქნები),

მინდა, ამ ლექსმა შენეული ღიმი მოგგვაროს!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9