* * *

ამ შემოდგომას ფერი ადევს მიტკლის და შენი

სიშორის სევდა (გაიოცებ!) ისე ჭრელია…

შიში მაქვს ახლა ამ კედლებში მარტო დარჩენის,

ცას მერამდენედ ავხედე და ისევ ჭერია!

თამბაქოს კვამლში გახვეული ვზივარ იქ, სადაც

სინათლე ბჟუტავს და ის მზერა მჭახედ ანთია!

არ გამივლია ხომ ცრემლები ახლა აზრადაც,

მაგრამ ეს შენკენ ერთადერთი მისამართია

და რას დავიჭერ!  როგორც ფერი ბალახს გადამხმარს,

გაუბედავად მტოვებს სითბო. ხსოვნას შევდექი!

და სულერთია, ამ ტკივილის მერე სად წახვალ…

მე, ჯერჯერობით, მივაცილებ სევდას, შემდეგ კი,

ამ შემოდგომას ქარვაჩამდგარ ფოთლებს ავუქშევ

და მაპატიე, სხვა ვერაფერს რომ ვერ გპირდები!

არც – მომავლისკენ! არაფერი მრჩება წარსულშიც!

ახლა კი, ვინმეს არც ასეთი გავუკვირდები!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9