პარიზი. ლუვრი. მისალმება.

 

ჩვეულებრივი შემოდგომა იყო.

შენ იდექი ცნობილი მუზეუმის კიბეზე

ჭრელი ზურგჩანთით და მსუბუქი ჭაღარით,

ორმოცი წლის სტუდენტს ჰგავდიდა… ქართველს ჰგავდი!

და როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ,

„გამარჯობა“- მეთქი,  გითხარი.

ვიცი, იმ წუთას უმნიშვნელო კაპილარი გაეჭრა აღმოსავლეთს.

ვიცი, იმ წუთას მნიშვნელოვანი კაპილარი გაეჭრა წარსულს

და შენი წინაპრების სისხლი გადმოდინდა.

მე ვხედავდი, როგორ იდექი ხუთი საუკუნის

წინ ტრიალ მინდორზე,

მამელუქად გაყიდული საჯიშე ქართველი,

კუნთები გითრთოდა და

შენს მოძმეებს ელოდებოდი.

ხუთი საუკუნის წინ შენ იყავი ქართველი მუსლიმანი,

ზუსტად ასეთი მსუბუქი ჭაღარით და

ცხოვრების ზურგჩანთაში ჭრელი მოგონებები გეტეოდა.

 

ახლა ევროპის ძველ ქალაქში,

სადაც წარსული მხოლოდ მუზეუმებში ახსენდებათ,

შეგხვდი შენ- ჩემი ქვეყნის უმოწყალოდ გაყიდულ წარსულს

და გითხარი „გამარჯობა“…

შენ კი ვერაფერს მიხვდი და დაბნეულმა მიპასუხე:

„სალამი მადამ“!

და მხოლოდ მე დავინახე, როგორ აბღავლდა

„სალამს“ გამოკერებული ხუთი საუკუნე,

რომელმაც შენი გენები და გაყიდული სული ჩაყლაპა!

 

  

1 2 3 4 5