რკინის ფარდიდან სიყვარულამდე

 

როცა მე წითელი ყელსახვევით სარკის წინ ვიდექი და

პათეტიურ ლექსებს ვიმეორებდი,

შენ სარკის წინ ამაყად ისწორებდი

ბუნდესვერის კაპიტნის მუნდირს,

და გჯეროდა შენი ქვეყნის დასავლური ღირებულებების

და გეცოდებოდა ყველა წითელყელსახვევიანი ბავშვი.

 

მე პატრიოტულ ლექსებს ვსწავლობდი სკოლაში

და მიყვარდა ჩემი ლამაზი სამშობლო,

რომელიც ბოლოს წითელი დროშით დაიპყრეს და

თვალებზე რკინის დიდი ფარდა ჩამოაფარეს.

მე ეს ფარდაც მშვენიერი მეჩვენებოდა,

სანამ გავიზრდებოდი და გადავწევდი.

 

შენ იდექი გახდილი მუნდირით,

თავისუფალი და ნათელი,

მე წითელი ყელსახვევის გარეშე

გადმოვაბიჯე შენს სამყაროში

და გითხარი, რომ მომწონს შენი თავისუფლება,

მაგრამ მაკვირვებს გამომშრალი სიყვარული,

კანონებადქცეული სიყვარული,

რომელსაც ალბათ არასოდეს არ დაარღვევ და

ამიტომაც შემიძლია გენდო.

 

და რადგან კაპიტნის მუნდირს ჩემთან ყოფნა არჩიე,

რადგან წარმატება გაიხადე და თავისუფლება ჩაიცვი,

მზად ვარ ყოველდღე გადაგისხა ძარღვებში

ჩემი სველი სიყვარული,

ჩემი მთებში დაბადებული სიყვარული,

ჩემი მდინარედქცეული სიყვარული

და კანონები გადაგავიწყო.

 

 

1 2 3 4 5