* * *
და ამ შემზარავ გვარების გროვას
თავს დასტრიალებს მანათობელი,
ტკივილიანი, უმწიკვლო სული,
რომელიც სიკვდილს გააცამტვერებს
და უკვდავებას მოიხვეჭს თავად.

 

რიოში მარგალიტებით თამაშის უკანასკნელი ოსტატი

ხელში უჭირავს მას ფერადი მარგალიტების
ბრჭყვიალა მძივი. მის ირგვლივ კი ქვეყნიერება
ომსა და შავ ჭირს წაულეკავს და ნანგრევებზე
მიშვებულ სუროს ქვეშ ბუდობენ ყველგან ფუტკრები;
ძველი სამყარო, ძველისძველი ჩუმი ღაღადი,
მლოცველთა ხმები მილეული და მინავლული,
ქვეყნიერება დაღლილი და ხანმონათევი სუფევს
მის ირგვლივ.
და ამ ბერიკაცს ეს ფერადი მარგალიტები
უჭირავს ხელში და თამაშობს ბრჭყვიალა მძივით.
ჯერ მარცვალ-მარცვალ ჩამოჰყვება, მერე ხელდახელ
აისვრის მაღლა ამ ასხმულას ისეთნაირად,
რომ აელვარდეს მისი მკვეთრი ფერადოვნება
და წრედ შეიკრას სალაღობოდ და სათამაშოდ.

ეს ბერიკაცი, ოდითგანვე გამორჩეული
ენათა ცოდნით და სხვადასხვა ხელოვნებათა
უბადლო ფლობით, მრავალ საქმეში ხელგაწაფული
მოგზაური და მომხილველი მრავალი ქვეყნის,
მოწაფეთაგან შერაცხული საქმის ოსტატად,
აწ ყველასაგან მიგდებული მარტო ცხოვრობდა.
მას არცერთი მაგისტრი უკვე აღარ იწვევდა
სადისკუსიოდ.
არც კასტილიის ტაძრები და ბიბლიოთეკები
აღარ უხმობდნენ.
სურომიშვებულ ნანგრევებით მოფენილ ველზე
მოწყენით იჯდა,
ხელში ეჭირა მარგალიტი, წყობილი მძივად,
რომელიც ადრე მეტყველებდა, ახლა კი უკვე
უბრალო შუშის ნამსხვრევებად გადაქცეული
სდუმდა და სდუმდა გაფანტული სხვადასხვა მხარეს.

 

               ეძღვნება ბახის ტოკატას

უკუნეთია, პირველქმნილი დუმილი სუფევს
და ამ უკუნში გამოსხლტება სხივი ღრუბლიდან,
შეძრავს სამყაროს და შეარხევს ქაოსის სიღრმეს
და გაბრწყინდება წამიერად კლდე და კლდის ქიმი,
შევიგრნობთ მიწის სიმკვრივეს და ჰაერის თრთოლვას.

* * *
სხივი იძვრის და გაანათებს ქვეყნიერების
შიშნეულ სახეს და ეს მისი მკვეთრი შეხება
სხვა ელფერს შესძენს მთელ ჩვენს სამყაროს

და შემოქმედს მარადიულს ხოტბას აღუვლენს.

* * *
პირმიქცეული უფლისაკენ განაგრძობს ფარფატს,
მამა-ღმერთის და სულიწმიდის მადიდებელი
იქცევა ტალღად, ნატვრად, ენად, ჰანგად, სურათად,

ბრძოლის ჟინით და სულიერი ძალით შეძრული
ბედნიერებად დაიღვრება მთელ სამყაროში.

 

 

1 2 3 4 5 6