* * *
და მზე და მთვარე, მოციმციმე ორი სხეული

ინარჩუნებენ მარადიულ წონასწორობას,
მათ ხომ არც ტანჯვა არ იციან და არც სიკვდილი.

* * *
რახანია გაუჩინარდა უფლის ძეთა უებრო დასი,
და მარტოდმარტო დარჩა მთელი კაცობრიობა,
და კაცთაგან შორს, სიხარულის, წუხილის მიღმა
მარადიული გარდასახვა ილანდებოდა.

* * *
საბედნიეროდ, არც გამქრალა, არც დაშრეტილა,
გრძნობა ჭეშმარიტ ცხოვრებისა და, რა თქმა უნდა,
თუკი დაღუპვა გვიწერია, უნდა გვახსოვდეს,
უფლის ძეთა გასხივოსნება ამ სამყაროში,
უნდა ავხსნათ ბევრი ქარაგმა
და გამოვიცნოთ იდუმალი ნიშანთა რიცხვი.

* * *
ალბათ ოდესმე უკუნეთი გაიფანტება,
ალბათ ოდესმე სანატრელი და მშვიდი დღენი
მოგვეახლება და ბინდ-ბუნდში მზე გამოაღწევს
მანათობელი, ჩვენგან შეწირულ მსხვერპლის მიმღები.

                     საპნის ბუშტები
ბერიკაცი კი კვლავ ჩამოქნის თავის ნააზრევს
და არაერთ წელს მოანდომებს თავის ქმნილებას,
რომ ჩააქსოვოს მასში სიბრძნე, ჩუმი ღაღადი.

* * *
აი, სტუდენტი ბეჯითი და გულანთებული,
ის ირჯებოდა არქივებში, წიგნთსაცავებში
და უმძაფრესი სურვილი ჰკლავდა, –
ფრთა შეესხა უნაპირო შთაგონებისთვის.
მას ერთადერთი რამ ეწადა ამქვეყანაზე –
ღრმააზროვანი თხზულების შექმნა.

* * *
პატარა ბიჭი ლერწმის ღეროს ებღაუჭება,
ბოლოს ჩაბერავს … ფერად ბუშტებს წაიღებს ქარი,
ყოველი ბუშტი გაიბრწყინებს სინათლის სხივზე,
ბიჭმა ხომ სული ოდნავადაც არ დაინანა
და კვლავ ჩაბერა უნატიფეს ლერწმის ღეროში.

* * *
ბერიკაცი, სტუდენტი და ბიჭი – სამივე
ჯადოსნურ სიზმრებს ქმნის იმ ქაფიდან,
სამყაროთა სიძველეს რომ გადმოჰყოლია.
ეს სიზმრები თავისთავად არაფერს ნიშნავს,
მაგრამ თუკი დაკვირვებით ჩააცქერდები,
მათ წიაღში მარადიულ ნათელს შეამჩნევ.

 

“წარმართების საწინააღმდეგო დასკვნის” წაკითხვის შემდეგ

რატომღაც ვფიქრობთ, რომ ცხოვრება იყო სხვაგვარი
და ადამიანს სხივნათელი ჰქონდა გონება,

მეცნიერება განუყოფლად ერწყმოდა სიბრძნეს
და ჟამი მშვიდი უდრტვინველად ედინებოდა.
და არამარტო უშფოთველი, არამედ სავსე
ათასგვარ სიბრძნით იყო ყოფა წინაპრებისა.
ჩვენ ყოველივე ამას გვამცნობს თავად პლატონი
და ჩინელებიც გადმოგვცემენ კვალად იმავეს,
და რამდენჯერაც აქვინელის ტაძარში შევალთ,
მოგვეჩვენება ძველი დროის გასხივოსნება,
როცა გონება განაგებდა თვითონ ბუნებას
და ღმერთის მიერ იქმნებოდა ადამიანი,
ყველა კანონი შესაფერის ფორმას იძენდა,
ყველა სხვა საქმის მოგვარებაც იყო იოლი.
ახლა კი, ახლა, გვეჩვენება ჩვენ, გვიანდელებს,
რომ შეგვაჩვენეს ძალზე მწარე ირონიისთვის
და შეტევის და ნატვრის გარდა გვერგო არარა,
შვილიშვილები თუ ჩვენივე თვალს შეგვავლებენ,
ჩვენში განჭვრეტენ ნეტარ და ბრძენ ადამიანებს,
რადგან მათ მხოლოდ მითები თუ ესმოდათ ჩვენზე
და თქმულებები ბრძოლებსა და გაჭირვებაზე;
ვინც სვამს შეკითხვებს და ვისაც კი ეჭვები იპყრობს,
იმის გავლენა თუ გაუძლებს ჟამთა დინებას,
ახალგაზრდებსაც მისი ხატი აღაფრთოვანებს.
ვინც საკუთარ თავს არ ენდობა და ეჭვი წამლავს
მას შეხედავენ შურის თვალით, ვითარცა ნეტარს,
ვითარცა ლაღს და ხალისიანს, ბედის ნებიერს,
ანდა ბავშვივით ბედნიერს და მუდამ უზრუნველს.

 

 

1 2 3 4 5 6