* * *

მაგრამ თუ ვინმე გადამთიელი,

ველური, ანდა, ვთქვათ, მთვარის მკვიდრი,
დააცქერდება ამ ველს გადახნულს
და გადასერილს უცხო ხნულებით,
ის განჭვრეტს უცხო სამყაროს სურათს
და ასოებიც, ასევე უცხო,
მოეჩვენება მას ცხოველებად,
ან მიამსგავსებს ასოებს ყვავებს,
ან თოვლში ყვავის მკრთალ ნაფეხურებს
და კიდევ ერთხელ დააცქერდება
ასოებს, რათა იხილოს შავი
ნიშნების შეკვრა ორნამენტებად.
ის დაინახავს, რომ სიყვარული
კვლავ გაღვივდება და კვლავ გაკრთება,
და გაოცებით მიაბჯენს მზერას
ამ ყოველივეს თვალცრემლიანი.
ის ჯერ იცინებს, მერე იტირებს,
მერე კი იმავ ნაწერის მიღმა,
გისოსებში მყოფ ნაწერის მიღმა,
თავის სამყარო, ძალზე პატარა
და ძალზე ვიწრო, მოეჩვენება.
და ამ უცნაურ სივიწროვეში
ჯუჯებადქცეულ ჯადოსნურ ნიშნებს
თვალს გააყოლებს და დაინახავს
გზებზე მათ ტორტმანს, ბორძიკს
და რწევას.
და ეს ველური ბოლოს და ბოლოს
ცეცხლს გააჩაღებს და დაწვავს ფურცელს,
თეთრ ფურცელს დაწვავს ავარდნილ ალზე

და შეძახილით შეძრავს მიდამოს.
როცა გაქრება თეთრი ფურცელი
და ჯადოსნური სამყარო რწევით
დატოვებს მიწას და აალდება,
ველური შვებით ამოიოხრებს,
გონს მოეგება და გაიღიმებს
და თავის ყოფას დაუბრუნდება.

ძველი დროის ფილოსოფოსის კითხვისას

ისევე როგორც საგანთა წყება,
ჭკნება საწყაო ძველი აზრების,
ხუნდება ძველი ფიქრების გროვა,
როგორც სანოტო ფურცლის ხაზები –
ფერგაცრეცილი, ყრუ, ცარიელი…

* * *
ის, რაც ურღვევი გვეგონა, თურმე
მიირწევა და ნელა ირღვევა,
და ჰარმონიის ყოველი ნოტი
სხლტება ჰაერში და იფანტება.

* * *
ხომ შეიძლება ზუსტად ასევე
ბრძენკაცთა მტკიცე ხატი დაიმსხვრეს,
სულიერების მაღალი სხივი, –
ძვირფასი ნაშთი ძველი დროისა, –
შთანთქას თამაშმა ანაზდეულად.

* * *
უზენაესმა გრძნობამ ჩვენს წიაღ
ხომ შეიძლება იცვალოს სახე,
აკი ის უწყის კარგახანია,
რომ ყველაფერი მილევადია.

 

1 2 3 4 5 6