სიზმარი

მთაში ყოფნისას მე ვეწვიე ერთ-ერთ მონასტერს.
რადგან ყველანი სალოცავად გაკრეფილიყვნენ,
არავინ დამხვდა და უნებლიეთ წიგნთსაცავის კარი
შევაღე. საღამოს შუქი ეცემოდა ირიბად წიგნებს.
თვალი მომტაცა ამ წიგნების სათაურებმა,
ხელი შევავლე პირველივეს და წავიკითხე:
“წრის კვადრატურა. გადადგმული მისკენ ნაბიჯი”;
მეუცნაურა და გადავდე შინ წასაღებად,
ცოტა ხნის შემდეგ სხვა წიგნისაკენ გამექცა თვალი:
სათაური: “სხვა ხის ნაყოფი, ადამს რომ წილხვდა”.
რომელი სხვა ხის? რომლისა და ხე ცნობადისა!
მაშ, აქ ტყუილად არ მოვსულვარ, ასეცმ ყოფილა!
ჰა, ფოლიანტი, ფერადოვან ყდაში ჩასმული!
სათაური: “გონივრული შეხამება ფერთა გამების”.

ფერთა სიუხვემ ამ წიგნიდან შემომანათა
და ვიაზრე: ამ წიგნთსაცავს სხვა ჯადო ჰქონდა!
იმ აურაცხელ კითხვათა პასუხს, გულს რომ მიღრღნიდა,
მხოლოდ და მხოლოდ ამ წიგნებში თუ ვიპოვიდი.
ამ წიგნთსაცავში იყო ყველა საჭირო წიგნი,
რომლის ფურცლებზეც მოძებნიდი საჭირო პასუხს.
აქ ნებისმიერ ხილს მოკრეფდი და გასინჯავდი,
აქ პოეზიის, ბრძნული ქარაგმის, მეცნიერების
ყოველგვარ საზრისს გამოჩხრეკდი და მიაკვლევდი,
აქ იყო ყველა გასაღები ყოველ კარიბჭის,
რომელთა შეხსნაც საიდუმლოს გაზიარებდა.

* * *
და მოცახცახე ხელით დავდე საკითხავ პულტზე
მე ერთი წიგნი. მერე წარწერა ჩამოვხსენი სურათებიდან.
ეს იმას ჰგავდა, სიზმარში რომ საქმეს დაიწყებ
და მერე ისე გაასრულებ თამაშ-თამაშით, გაგიკვირდება,
სულიერების ვარსკვლავებით მოჭედილ სივრცეს შევეზიარე
და შევუერთდი სამყაროს ძველ გამოცდილებას,
თითქოს ხელახლა გავიარე გზა ისტორიის
და შევიცანი მე ყოველი ღირსაცნობელი.

* * *
და ყოველივე ამის ხილვით გაოგნებულმა
სულის მოთქმა რომ დავაპირე, შევნიშნე უმალ
მე სხვა სტუმარი, წიგნებისკენ პირმიქცეული.
ჭარმაგი იყო და მიაგავდა არქივარიუსს,
წიგნებს მდუმარედ ჩასცქეროდა, ნელა ფურცლავდა,
მერე კი შლიდა სათაურებს და კვლავ აწერდა,

ასე დაფურცლა და დააწყო მრავალი წიგნი,
ოთხკედელს შორის დააბიჯებდა ამ წიგნებით გარემოცული.

* * *
მე დაბნეული მას მდუმარედ ვაკვირდებოდი
და ვერ გამეგო, რა სურდა და რას იზრახავდა,
ჩემ არჩეულ წიგნს მივუბრუნდი, მაგრამ ამაოდ,
ვერ აღვიდგინე სურათების თანმიმდევრობა
და ამ ნიშანთა სამყაროში თავგზა ამებნა.
ო, სავსე იყო ეს სამყარო მკაცრი საზრისით,
მაგრამ შექანდა, შეტორტმანდა და დაბზრიალდა,
თითქოს ღრუბლებით დაიფარა და მერე უკვე,
როცა ღრუბელი გაიფანტა, დარჩა ნათება,
და პერგამენტთა მკრთალი შუქი გაიბნა ირგვლივ,
და კვლავ ვიხილე ის მოხუცი. უწინდებურად
შემომღიმა და ჩემი წიგნი აიღო უხმოდ,
წაშალა ძველი სათაური და მერე მშვიდად,
სხვა წიგნთა მსგავსად მიაწერა სხვა სათაური,
მერე კი წიგნი წაიღო და გაუჩინარდა.

 

 

                                  მსახურება

ღვთის მოშიშ მთავრებს ედგათ მაშინ ჟამი მეფობის
და აკურთხებდნენ მინდორ-ველებს, ხორბალს და გუთანს,
და იმ მსხვერპლთა და მოკვდავთა წმინდა უფლებას
იცავდნენ, ვინც კი ბატონობას ელტვოდა მუდამ.

 

 

1 2 3 4 5 6