* * *
ჩვენში ხომ ცოცხლობს ჯერაც სული მარადიული,

მადლი, რომელიც ყველა დროის სულიერ მამებს
აერთიანებს. აწმყოშიაც ის წაგვიძღვება.

 

                       საფეხურები

სიჭაბუკე და ყვავილები ერთბაშად ჭკნება
და ინავლება წარმავალი დროის წინაშე,
დიახ, ასეა. ხოლო სიბრძნე და სათნოება
ცხოვრების ახალ საფეხურზე კვლავაც ყვავილობს.
მაგრამ ეს დიდხანს არასოდეს არ გაგრძელდება.
დრო-ჟამის ახალ მოწოდებას პასუხს მივაგებთ,
კვლავ და კვლავ რაღაც იწყება და რაღაც მთავრდება,
ყოველ დასაწყისს ახლავს თავის ჯადო-თილისმა,
რომელიც გვიცავს და სიცოცხლის ხალისს გვანიჭებს,
ოღონდ ჩვენ უკვე აღარსად არ გვემყუდროება,
რადგან სამშობლო, ვიცით, უკვე აღარსად არის.
მსოფლიო სულს კი აღარ უნდა ტყვედ რომ გვიგულოს,
მას სურს თანდათან აღგვაზევოს და კვლავ აგვანთოს.
და ქვეყნად ვისაც მოგზაურის ხვედრი წილხვდება,
დათრგუნავს მწარე დაღლილობას და უძლურებას.

 

* * *
სიკვდილის წუთი კვლავ გვაჩუქებს ახალ სივრცეებს
და დაძახილი სიცოცხლისა აღარ შეწყდება,
წინ, გასწი, გულო, განსპეტაკდი და განიკურნე.

 

 

თამაში რიოში მარგალიტებით

არამარტო ხმა, დღეს კოსმოსის მუსიკაც გვესმის,

გვესმის მუსიკა ღვთაებრივი მუსიკოსების
და ამ ზეიმზე მოკრძალებით და მოწიწებით
კვლავ გამოვიხმობთ ღვთივკურთხეულ ადამიანებს.

* * *
ჩვენ აღგვამაღლებს საიდუმლო იმ ფორმულების,
იმ მაგიური, იდუმალი, უხმო ნიშნების,
თავის სიღრმეში მბორგავი და უკიდეგანო
მარადისობა ქარაგმებად რომ განაფინეს.
იწკრიალებენ ეს ნიშნები ვარსკვლავებივით,
და ჩვენ ვიქნებით იდუმალი მათი მსახურნი,
ცის კაბადონზე გაბრწყინდება ყველა მათგანი,
და ამ წრებრუნვას აღარასდროს განეშორება.
მოგზაური კი მიდის მყუდრო თავშესაფარში,
თან ეზიდება ყოველივეს, რაც აბადია,
და მსახურთაგან ყურადღების მიქცევას ცდილობს.

 

 

 

თარგმნა ანდრო ბუაჩიძემ

 

 

 

1 2 3 4 5 6